ირაკლი ღარიბაშვილის პრესკონფერენცია

პრემიერი: ევროსაბჭოს დელეგაციას სრულყოფილი ინფორმაცია არ მიაწოდეს

საქართველოს პრემიერის შეფასებით, ევროსაბჭოს დელეგაციას უჭირს წარმოდგენა, რომ "საქართველოში ასეთი რამ ხდება". როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა, ბუნებრივია, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებს კითხვები აქვთ, რადგან ისინი არ არიან მიჩვეულები, რომ მათი დედაქალაქის მერი 50 მლნ-ის გაფლანგვაში იყოს ბრალდებული. მისივე თქმით, ევროსაბჭოს დელეგაციას ვანო მერაბიშვილის და გიგი უგულავას საქმეზე სრულყოფილი ინფორმაცია არ ჰქონდა და მმართველი გუნდი მზად არის, ბორის სილევიჩს და მაიკლ იანსენს ყველა კითხვაზე გასცეს პასუხი.

"მერის გადაყენება იყო დამოუკიდებელი მოსამართლის და სასამართლოს გადაწყვეტილება. ამაში მთავრობის როლი არის მინიმალური, ნულის ტოლფასი. ჩვენ ბოლო ცხრა წლის განმავლობაში, პირველად გვაქვს სასამართლო, რომელიც არის მეტ-ნაკლებად ბოლომდე დამოუკიდებელი და თავისუფალი. მე ვიცი, რომ წლის განმავლობაში, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების აქტიური ჩარევის და ზეწოლის მცდელობები იყო. ჩვენი მხრიდან კი, არავითარი ჩარევა არასოდეს არ დაფიქსირებულა. საინტერესოა ერთი რამ, მე მახსოვს კადრები, როდესაც ყოფილმა მერმა და მისმა თანაგუნდელებმა განაცხადეს, რომ მოსამართლემ პროკურატურის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ამას ისინი სიამაყით ამბობდნენ ანუ ისინი იყვნენ კმაყოფილები. მათ თავიდანვე გააჩინეს მოლოდინი საზოგადოებაში, რომ სასამართლომ პროკურატურის არცერთი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. მაგრამ როდესაც მოგვიანებით, მოსამართლემ აბსოლუტურად კანონიერად გაავრცელა საკუთარი გადაწყვეტილება, ეს მაშინვე მიუღებელი გახდა მათთვის. აქ იკვეთება მათი ორმაგი სტანდარტები. ერთ დღეს მოსწონთ მოსამართლის გადაწყვეტილება,  მეორე დღეს არ მოსწონთ, მაგრამ ჩვენ მათ მოწონებაზე ვერ ვიქნებით. ჩვენ ვემორჩილებით კანონებს და მოსამართლეს. ისევე როგორც ჩვენ -  ხელისუფლება - ვემორჩილებოდით მთელი წლის განმავლობაში სასამართლოს. ჩემი შს მინისტრობის პერიოდში, ბევრი ფაქტი დაფიქსირდა, როდესაც არაერთმა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ჩვენი შუამდგომლობა, რომელიც ეხებოდა ყაჩაღებსა და ქურდებს. ამ შემთხვევაში კი, ჩვენ საუბარი გვაქვს თბილისის არჩეულ მერზე, რომელსაც ბრალად ედება 50 მლნ ლარის მითვისება. ამაში ვერავითარ უცნაურობას ვერ ვხედავ. თუ მათ კიდევ აქვთ კითხვები, მე მზად ვარ, რომ ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდო, მე ვფიქრობ, რომ აღარ უნდა იყოს შეშფოთება, მსგავსი ფაქტი მოხდა სხვაგან, მაგალითად, მე მითხრეს, რომ კანადაში ჰქონდა ანალოგიურ ფაქტს ადგილი, როდესაც არჩეულ მერს შეუწყვიტეს უფლებამოსილება. ეს არის ბუნებრივი დემოკრატიული პროცესი. თუ ჩვენ გვინდა, რომ ერთი მხრივ განვავითაროთ სასამართლო, მაშინ იძულებული და ვალდებული ვართ დავემორჩილოთ და დავექვემდებაროთ მას", - განაცხადა ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებითაც კომუნიკაციის პრობლემა დგას.

"ევროსაბჭოს დელეგაციას ვისთანაც ჰქონდათ შეხვედრები, მათგან სრულყოფილი ინფორმაცია ვერ მიიღეს. მაგრამ ამის დაზუსტება და გაკეთება ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერ დროს. მაგალითად, სოზარ სუბარმა გაავრცელა მოკვლევის შედეგები, სადაც დადასტურებულია,რომ არავითარ გაყვანა-გატაცებას, როგორც ისინი ყვებოდნენ თავიანთ ფანტაზიებში, რაღაც სასაცილო ისტორია მოიგონეს, ფაქტია, ადგილი არ ჰქონია", - განაცხადა საქართველოს პრემიერმა მედიასთან შეხვედრაზე.

შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებმა გუშინ, შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება შეაფასეს. მაიკლ იანსენის თქმით, ყოფილი პრემიერმინისტრის ვანო მერაბიშვილის სკანდალურ განცხადებაზე და ვიდეოჩანაწერის წაშლასთან დაკავშირებით, ინფორმაციის მიღება რთული აღმოჩნდა. მისივე თქმით, სასამართლოს პირდაპირი წესით არჩეული მერისთვის უფლებამოსილება ასე მარტივად არ უნდა შეეჩერებინა.

კომენტარები