რეპატრიაციის კანონი

სამინისტრო: ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ რეპატრიანტი 311 პირი გახდა


საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თინა ხიდაშელის თქმით, 40-იან წლებში სტალინური რეპრესიების შედეგად დეპორტირებულთა რეპატრიაციის კანონის აღსრულების მიმართულებით, წინა ხელისუფლება არაეფექტური იყო.

ტაბულა დაუკავშირდა თინა ხიდაშელს და დაინტერესდა, თავად ახალმა ხელისუფლებამ რა ღონისძიებები გაატარა კანონის ეფექტურად შესრულებისთვის, რაზეც ხიდაშელმა გვიპასუხა: "დაუკავშირდით გია ვოლსკის,რომელიც პარლამენტში შესაბამისი კომისიის ხელმძღვანელია ან დევნილთა და განსახლების სამინისტროს, ისინი ჩემზე უფრო კომპეტენტურად გიპასუხებენ".

ტაბულამ გია ვოლსკისთან დაკავშირება ვერ შეძლო. თუმცა, მიმართა იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს.

უწყებიდან მიღებული დოკუმენტის მიხედვით, 1999 წელს საქართველომ ევროპის საბჭოში გაწევრიანებისას აიღო ვალდებულება მიეღო სამართლებრივი ბაზა, რომელიც დაუშვებდა საბჭოთა რეჟიმის მიერ დეპორტირებული მესხი მოსახლეობის რეპატრიაციასა და ინტეგრაციას. მათ შორის, საქართველოს მოქალაქეობის უფლების ჩათვლით.

"• 2007 წლის 11 ივლისს მიღებულ იქნა კანონი (№ 5261) "ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-დან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ".

• აღნიშნული კანონით განცხადებების მიღების ბოლო ვადად განისაზღვრა 2009 წლის 1 იანვარი. (აღნიშნული თარიღი გადავადდა ორჯერ: 2008 წლის 26 დეკემბერს შესაბამისი ცვლილებით შეიცვალა 2009 წლის 1 ივნისით, ხოლო 2009 წლის 17 იანვრის კანონით (N 1538) განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა განისაზღვრა 2010 წლის 1 იანვრით).

• 2010 წლის 30 მარტს მიღებულ იქნა საქართველოს მთავრობის დადგენილება (№ 87) „რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირთათვის საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭების შესახებ". აღნიშნული დადგენილება გამორიცხავს რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირის მოქალაქეობის არმქონე პირად დარჩენას.

• 2011 წლის 1 მარტს შეიქმნა ყოფილი სსრკ–ს მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოდან იძულებით გადაადგილებულ პირთა რეპატრიაციის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი სამთავრობო საბჭო, რომლის მიზანია, კოორდიანცია გაუწიოს რეპატრიაციის საკითხზე მომუშავე სამთავრობო უწყებების საქმიანობას და ხელი შეუწყოს კონკრეტული ინიციატივებისა და რეკომენდაციების შესრულებას.

• 2011 წლის სექტემბერში შეიქმნა მუსულმანი მესხების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული ,,უხუცესთა საბჭო'', რომელსაც ევალება რეპატრიაციის მსურველთა მხრიდან კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტების არარსებობის შემთხვევაში, დაადასტუროს განმცხადებლის იძულებით გადაადგილების ფაქტი", - წერია სამინისტროს მიერ მოწოდებულ დოკუმენტში.

სამინისტროს ინფორმაციით, კანონის შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებას რეპატრიანტის სტატუსის მისაღებად სულ 5841-მა პირმა მიმართა. აქედან სტატუსი ჯამში 1174 პირს მიენიჭა. მათგან 311-მა აღნიშნული სტატუსი ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ მიიღო.

აღსანიშნავია, რომ კანონის მიღების ანუ 2007 წლის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა მოქალაქეობა 7 პირს მიანიჭა.

 

კომენტარები