ქურდული სამყაროს წევრობა

შსს-მ ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით ხუთი პირი დააკავა

RFE/RL

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს და ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ერთობლივად ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი - გიორგი გ., გიორგი ა., გიორგი ტ. და ჯონი ც. დააკავეს. ასევე აიყვანეს გიორგი ტ. მათ ბრალად ედებათ ქურდული სამყაროს წევრობა, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება და პოლიციელებისათვის წინააღმდეგობის გაწევა.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა გიორგი გ-ს პირადი ჩხრეკისას „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი 1 მჭიდითა და 5 საბრძოლო ვაზნით, გიორგი ა-ს პირადი ჩხრეკისას „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი 1 მჭიდითა და 6 საბრძოლო ვაზნით, ხოლო გიორგი ტ-ს პირადი ჩხრეკისას „გეკოს“ ტიპის იარაღის 34 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.

გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტზე (სსსკ-ის 223-ე პრიმა მუხლით), ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტზე (სსსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით) და პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობის ფაქტზე (სსსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით) მიმდინარეობს.

კომენტარები