ქურდული სამყაროს წევრობა

სპეცოპერაცია გორში – ე.წ ქურდული სამყაროს წევრობისთვის 5 პირი დააკავეს

ე.წ ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით გორში ხუთი პირი დააკავეს. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, სპეცოპერაცია შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა ქვემო ქართლის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩაატარეს. ბრალდებულები გამთენიისას, სახლებიდან აიყვანეს.

ადვოკატ ნინო შავშიშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფები ბრალს არ აღიარებენ. მისივე ინფორმაციით, ბრალდებულები რუსთავის სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს და გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდული სამყაროს წევრობას გულისხმობს.

"ამ ეტაპზე ჩვენთვის ცნობილია, რომ დაკავებულია ხუთი პირი. ხუთივეს ედავებიან ერთსა და იმავეს, ვითომ ეს ადამიანები არიან ქურდული ტრადიციების მატარებელი. მქონდა მათთან შეხვედრა და მათ წარმოდგენა არ აქვთ ამ ბრალთან დაკავშირებით“,- განაცხადა ადვოკატმა პირველი არხის ცნობით.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.

კომენტარები