მერაბიშვილის საქმე

ოთარ კახიძე სასჯელაღსრულების განცხადებაზე: მერაბიშვილი პოლიტიკური პატიმარია

ოთარ კახიძე
facebook

ბუნებრივია, რომ საბოლოო პასუხი იქნებოდა ის, რომ ჩანაწერები წაშლილია - ამის შესახებ ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა ოთარ კახიძემ განაცხადა. ის სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც „მერაბიშვილის კადრები“ ავტომატურად წაიშალა.

„მერაბიშვილი გახლავთ პოლიტიკური პატიმარი მის მიმართ მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა და ბუნებრივია ხელისუფლებას მტკიცებულებებით გამყარება ამ არგუმენტის არ სურდა, თუმცა ობიექტური დამკვირვებლისთვის როგორც საქართველოში ისე მის ფარგლებს გარეთ ყველაფერი ისედაც ნათელია“, - ამბობს ოთარ კახიძე.

ვანო მერაბიშვილის ადვოკატის თქმით, კადრებთან დაკავშირებით ხელისუფლება თვეზე მეტია სხვადასხვა ვერსიებს ავრცელებს. „ზოგი ამბობს, გაიყვანა მაგრამ არ ყოფილა ზეწოლა, ზოგი ამბობს, რომ ჩანაწერები იშლება, ზოგი ამბობს, რომ სასაცილო და არასერიოზულია მერაბიშვილის განცხადება. თვეზე მეტია გამოძიება ამ საქმეზე არ დაწყებულა. რაღაც მოკვლევა და შემდგომ სამსახურეობრივი შემოწმება დაარქვეს საგამოძიებო მოქმედებას - ეს არის სრული აბსურდი და დარღვევა საქართველოს კანონმდებლობის . ეს ჩანაწერები გაქრა, გაანადგურეს ვინაიდან ის ასახავდა მათ მიერ ჩადენილ დანაშაულს“, - აღნიშნავს ოთარ კახიძე.

მისივე თქმით, ცნობილია, რომ, მაგალითად, ბაჩო ახალაიას ადვოკატებთან და მონიტორინგის ჯგუფის სწარმომადგენლებთან შეხვედრები კამერით იყო გადაღებული და ეს კადრები გავრცელდა კიდეც. პარალელურად, ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრაზე აცხადებდა, რომ ჩანაწერები თითქოს საერთოდ არ არსებობს და მხოლოდ პირდაპირი ეთერის რეჟიმში ხდებოდა პატიმარზე დაკვირვება.

„ამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თუ ჩანაწერები ერთ დღეში იშლებოდა, მ განცხადების გაკეთება ხელისუფლებას შეეძლო მაშინვე როგორც კი ვანო მერაბიშვილმა გააკეთა შეტყობინება დანაშაულის შესახებ“, - აცხადებს ოთარ კახიძე.

მერაბიშვილის ადვოკატის თქმით, ხელისუფლებამ მათთვის არასასურველი კადრების წაშლა როგორც ჩანს ჩვეულებრივ პრაქტიკად დანერგა. ტაბულასთან საუბარში ოთარ კახიძე აჭარის პოლიციის უფროს თელიასთან დაკავშირებულ ინციდენტს იხსენებს, როცა ამ ინციდენტის ამსახველი ვიდეოფირები პოლიციის თანამშრომელმა წაშალა.  „აჭარის ეპიზოდში საერთოდ კამერა იყო არა სახელმწიფოს, პოლიციის ან სასჯელაღსრულების კამერა, არამედ კერძო ლომბარდზე დამონტაჟებული კამერა - ანუ კერძო კამერის ჩანაწერი გაანადგურეს და გასაგებია უკვე რას იზამენ იმ კამერასთან მიმართებაში, რომელიც მხოლოდ მათ კონტროლს ექვემდებარება. ეს პოლიციელი არ დაუსჯიათ, მხოლოდ საყვედური გამოუცხადეს“, - იხსენებს ოთარ კახიძე.

ვანო მერაბიშვილის ადვოკატის თქმით, საკუთარ ინტერესებს დაიცავენ ყველა ინსტანციის სასამართლოში, მათ შორის, სტრასბურგის სასამართლოშიც. „როდესაც სასამართლოს აქვს პოზიტიური ვალდებულება, რომ პატიმრის მიერ ზეწოლის შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე ჩაატაროს ობიექტური და ყოველმხრივი გამოძიება, ეს ვალდებულება თუ სახელმწიფომ არ შეასრულა, ეს უკვე დარღვევაა“ - აცხადებს ოთარ კახიძე.

კომენტარები