პოლიტიკური ლიდერები

„სტორითელინგი” შინ და გარეთ

„პოლიტიკურ ლიდერს უნდა გააჩნდეს დამაჯერებელი ისტორიები ნაციის პრობლემებისა და, პირველ რიგში, საკუთარი თავის შესახებ, ვინაიდან საიმედო ისტორიის გარეშე არც ძალაუფლება არსებობს და არც წარმატება".

ევან კორნოგი, ამერიკელი პოლიტოლოგი

თანამედროვე პოლიტიკის სოციოლოგიაში თანდათანობით დამკვიდრდა მოსაზრება, რომ პოლიტიკოსის წარმატება პირდაპირპროპორციულია მედიის ინტერესისა მისი პერსონის მიმართ და რომ საარჩევნო კამპანიების მზარდი მედიატიზების პირობებში, თავად კანდიდატია გზავნილის მატარებელი და არა მისი პროგრამა. ანუ, მნიშვნელოვანია არა იმდენად ის, თუ რას ფიქრობს კანდიდატი ამა თუ იმ საკითხის ირგვლივ, არამედ ის, თუ რას ფიქრობს ამომრჩეველი თვით კანდიდატის შესახებ. ამ მხრივ გადამწყვეტი ხდება პოლიტიკოსის იდენტობა, მისი უნარი, მედიის მეშვეობით დაამყაროს ემოციური კავშირი ამომრჩეველთან. ხოლო ამომრჩევლის დასარწმუნებლად ცენტრალური ადგილი ეთმობა პოლიტიკოსის მიერ საკუთარი თავის ირგვლივ დამაჯერებელი ამბის გადმოცემას. ესაა თანამედროვე პოლიტიკოსების მიერ აპრობირებული ტექნიკა, რომელსაც Storytelling-ს უწოდებენ.

„სტორითელინგი" დასავლურად...

2004 წლის ზაფხულში, ბოსტონში გამართულ ამერიკის დემოკრატიული პარტიის ეროვნულ კონვენციაზე ე.წ. Keynote speaker-ის, ანუ ძირითადი მომხსენებლის პატივი ახალგაზრდა სენატორს ილინოისის შტატიდან – ბარაკ ობამას ერგო. მსგავსი პარტიული კონვენციების ძირითადი მიზანი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატის დამტკიცებაა და ამიტომაც, მომხსენებლები თავიანთ სიტყვაში ამ კანდიდატს ხოტბას ასხამენ ხოლმე. იმ წელს ამერიკელ დემოკრატთა რჩეული ამჟამინდელი სახელმწიფო მდივანი, ჯონ ქერი იყო. თუმცა, ტრადიციისდა საწინააღმდეგოდ, „ძირითადმა მომხსენებელმა" ობამამ, ჯონ ქერის სახელი თავისი სიტყვის მხოლოდ მე-9 წუთზე ახსენა. მოხსენების პირველი ნაწილი და, ამგვარად, ძირითადი დრო ილინოისელმა სენატორმა საკუთარი წარმომავლობის მოყოლასა და ამერიკული პოლიტიკური სისტემის ქებას დაუთმო.

Mikheil Saakashvili’s Je vous parle de liberté
„თვით ჩემი აქ ყოფნა დიდი საოცრებაა", განაცხადა ობამამ სიტყვის დასაწყისშივე. ის მოჰყვა, რომ კენიის პატარა სოფელში დაბადებული მამამისი ბავშვობაში თხებს მწყემსავდა, ხოლო ბაბუამისი მზარეული იყო და ინგლისელ კოლონიზატორებს ემსახურებოდა. „თუმცა, ბაბუაჩემს თავისი შვილისთვის უფრო დიდი ოცნება ჰქონდა", ჰყვებოდა სენატორი. „მძიმე და თავდაუზოგავი შრომით მამაჩემმა სწავლის გაგრძელების საშუალება მოიპოვა მაგიურ ქვეყანაში, ამერიკაში, რომელიც თავისუფლების შუქურა და თანასწორი შესაძლებლობების მიწა იყო ბევრისთვის, ვინც აქ მამაჩემამდეც ჩამოვიდა".

შემდეგ ობამამ მოგვითხრო მეორე, თეთრკანიან ბაბუაზე – ტიპურ ამერიკელ პატრიოტზე, რომელიც პერლ ჰარბორის ტრაგედიის მეორე დღესვე მოხალისედ ჩაეწერა შეიარაღებულ ძალებში. და როდესაც ეს ბაბუა ომიდან დაბრუნდა, მასაც თავის მეუღლესთან ერთად ჰქონდა „დიდი ოცნება" – მიეცა საუკეთესო განათლება საკუთარი ქალიშვილისთვის. შემდეგ კი ობამას მშობლები ერთმანეთს შეხვდნენ ამერიკაში, იქორწინეს და როდესაც გაუჩნდათ ვაჟიშვილი, მას აფრიკული სახელი – ბარაკი, ანუ „კურთხეული" დაარქვეს. „მათ სჯეროდათ, რომ ამერიკაში უჩვეულო სახელი არ შეიძლება დაბრკოლებას წარმოადგენდეს წარმატების გზაზე", გვაუწყებდა სენატორი. როგორც ობამას შემდგომმა კარიერამ გვიჩვენა, მისი მშობლები არ შემცდარან.

ჯონ ქერის პერსონის ერთგვარად მეორე პლანზე გაწევით და საკუთარი თავის ირგვლივ დამაჯერებელი ისტორიის მოყოლით, ბარაკ ობამამ უდავოდ შეძლო ბოსტონურ კონვენციაზე არსებული გარემოებების საუკეთესოდ გამოყენება. ემოციური, მკაფიოდ გაანგარიშებული გამოსვლის შემდეგ, ნაკლებად ცნობილი ილინოისელი სენატორი ნაციონალური მასშტაბის პოლიტიკოსად, დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთ წამყვან ფიგურად იქცა. მაგრამ თუკი ხსენებული კონვენცია ობამას იდენტობის გამოაშკარავებას, მის ერთგვარ „გაპიარებას" მოემსახურა, ზოგი პოლიტოლოგის აზრით, ჯონ ქერის მიერ შერჩეული მესიჯების უსუსურობამ და საერთოდ სუსტმა storytelling-მა დაათმობინა კიდეც დემოკრატთა კანდიდატს 2004 წლის არჩევნები. დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი თვალსაჩინო სტრატეგი, ჯეიმს კარვილი ასე ხსნიდა ამ მარცხის მიზეზებს: „რესპუბლიკელები ამბობდნენ: „ჩვენ დავიცავთ ქვეყანას თეირანელი ტერორისტებისგან, ხოლო ჰოლივუდს შერეული ქორწინებებისგან". ჩვენ კი ვამბობდით: „ჩვენ ვიბრძოლებთ სუფთა ჰაერისთვის, საუკეთესო სკოლებისთვის, ჯანდაცვის გაუმჯობესებისთვის". მათ დამაჯერებელი მესიჯი გამოგზავნეს, ჩვენ კი – სამღვდელო ბუტბუტი".

საგულისხმოა ასევე, რომ დასავლელი პოლიტიკოსები „სტორითელინგის" ხმარებისას ხშირად თავადვე გამოამზეურებენ ხოლმე საკუთარი ბიოგრაფიის ერთი შეხედვით არამოგებიან დეტალებს. ამ შემთხვევაში გათვლა ალბათ იმ ფაქტორზეა, რომ დღევანდელი ტოტალური მედიატიზების პირობებში, ამა თუ იმ მოვლენის დამალვას აზრი არ აქვს, ვინაიდან მოწადინებული ჟურნალისტები ისედაც გამოაძვრენენ მიმალულ „ჩონჩხებს განჯინიდან".

როდესაც 1992 წლის კამპანიისას ბილ კლინტონს დაუსვეს შეკითხვა, გაუსინჯავს თუ არა მარიხუანა, კლინტონმა თქვა დაახლოებით ასეთი რამ: კი, გავსინჯე, მაგრამ ნაფაზი არ დამირტყამს. ამ შემთხვევაში, და იმდროინდელი კამპანიის კონტექსტის გათვალისწინებით, საქმე უფრო სიღრმისეულ ელემენტებთან გვქონდა, ვიდრე ბილ კლინტონის ე.წ. გულწრფელობაა. საკუთარი მექალთანეობიდან და გაუთავებელი სკანდალური ისტორიებიდან გამომდინარე, დემოკრატთა კანდიდატს თან სდევდა არასანდო, მატყუარა კაცის რეპუტაცია. საკითხის დოგმატური, ანგლოსაქსურ-პურიტანული ხედვა, რომ „თუკი საკუთარ მეუღლეს ატყუებს, ის მთელ ნაციას მოატყუებს", ხიფათს უქმნიდა კლინტონის საპრეზიდენტო შანსებს.

მეორე მხრივ, ცნობილი იყო, რომ 1960-იანი წლების ბოლოს კლინტონი სწავლობდა ინგლისში, ოქსფორდის უნივერსიტეტში. საქმეში ჩახედული ხალხისთვის სრულიად გასაგებია, თუ რა ხდებოდა დასავლეთ ევროპის სასწავლებლებში დროის ხსენებულ მონაკვეთში. შესაბამისად, თუკი კლინტონი იტყოდა, რომ – არა, მარიხუანა არ გაუსინჯავს, მას მატყუარას რეპუტაცია გაუმყარდებოდა. ამ მხრივ კი, კლინტონმა საუკეთესო შუალედი აირჩია: კი, გასინჯა, მაგრამ არ ჩაისუნთქა და, ესე იგი, არ მოეწონა.

ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ storytelling-ის, ანუ „ამბის თხრობის" საუკეთესო საშუალება ავტობიოგრაფიული ნაწარმოების გამოქვეყნებაა, სადაც პოლიტიკოსი გააშუქებს თავისი ცხოვრების სასურველ მომენტებს, შექმნის მყარ, ნათელ სურათს საკუთარი იდენტობის ირგვლივ და, თანაც, მიაწვდის მნიშვნელოვან გზავნილებს ამომრჩეველს. ისევ ბარაკ ობამას რომ მივუბრუნდეთ, ამერიკის მოქმედმა პრეზიდენტმა საკუთარ წიგნებში „მამაჩემის ოცნებები" და „იმედის სითამამე", აფრიკული ფესვების მიუხედავად, მკითხველს წარუდგინა თავი, როგორც საშუალო კლასის ჩვეულებრივი ამერიკული ოჯახის შვილმა. ამით ობამამ ყველას დაანახა, რომ პოლიტიკოსის რანგში ის მთლიანობაში ამერიკელი ხალხის კანდიდატია და არა სპეციფიკურად აფროამერიკული სათვისტომოსი.

... და ქართულად

თუკი დასავლეთის პოლიტიკურ სივრცეში ავტობიოგრაფიების გამოქვეყნება ფართოდ გავრცელებული პრაქტიკა და ერთგვარი იმპერატივიცაა, ქართველი პოლიტიკოსები ამ მხრივ დიდად ვერ დაიკვეხნიან.

აგრამ, საბედნიეროდ, არსებობს გამონაკლისებიც. თითო-ოროლა ქართველმა პოლიტიკოსმა არ დაიზარა და საკუთარი ნაშრომების გამოქვეყნებით, შემოგვთავაზა ერთგვარი „სტორითელინგების" მაგალითებიც. ასე მაგალითად, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა პირადი კონსულტანტის, რაფაელ გლუქსმანის ასისტირებით, 2008 წლის მიწურულს ფრანგულ ენაზე გამოაქვეყნა წიგნი სახელწოდებით – „გესაუბრებით თავისუფლებაზე" („Je vous parle de liberté"), სადაც უხვადაა ისეთი ბიოგრაფიული შტრიხები, რომლებიც გვეხმარებიან პერსონაჟის გახსნაში, მისი იერსახის წარმოჩენაში.

Salomé Zourabichvili’s Une femme pour deux pays
განსაკუთრებით საინტერესოა წიგნის ერთერთი თავი, რომელსაც „საბჭოეთში გატარებული ახალგაზრდობა" ჰქვია. სააკაშვილი გვატყობინებს, რომ დედამისი „ხუთი წლის ასაკიდან" ასწავლიდა ინგლისურს, ხოლო მისი მსოფლმხედველობის ფორმირებაზე დიდი გავლენა მოახდინა ფრანგულის მასწავლებელმა მარა ჭავჭავაძემ – ემიგრაციაში გაზრდილმა და, შემდეგ, სტალინის გულაგებგამოვლილმა ქალბატონმა: „ადვილი წარმოსადგენია, რომ მას უკიდურესად სძულდა საბჭოთა სისტემა და, სწორედ მან გადმომცა ყოველივე საბჭოურთან კომპრომისის უარყოფა. თუმცაღა ჩვენს ოჯახში მეტ-ნაკლებად ყველანი ანტისაბჭოთები ვიყავით, მან (ანუ, მარა ჭავჭავაძემ) საშუალება მომცა ინტელექტუალურად გამეაზრებინა ეს ინსტინქტური უარყოფა", წერს მიხეილ სააკაშვილი.

შესაბამისად, იხატება ბავშვობიდანვე პოლიტიზებული, ანტისაბჭოურად განწყობილი პიროვნების პორტრეტი: კითხულობს სოლჟენიცინის ტექსტებს, რადიოთი („ამერიკის ხმის" ინგლისური მაუწყებლობა) უსმენს სახაროვის, ბონერის, ბუკოვსკის და სხვათა ინტერვიუებს. ამ კონტექსტში საგულისხმოა „სტორითელინგის" ტიპური მაგალითი, რომელსაც სააკაშვილი იქვე იძლევა: ცამეტი წლის ასაკში, როდესაც მშობლებმა ექსკურსიაზე წაიყვანეს მოსკოვში, შეერია უცხოელი ტურისტების ჯგუფს, გასცდა კარებში მოდარაჯე „კაგებეშნიკებს", შევიდა „ინტურისტის" ერთ-ერთ სასტუმროში და იქ, ჰოლში იყიდა ფრანგული გაზეთი „მონდი". „მე ამ ნომერს რელიკვიასავით ვინახავ. გაზეთის ტექსტები ათჯერ თუ თორმეტჯერ წავიკითხე", გვატყობინებს სააკაშვილი.

ამ ისტორიის მოყოლით, ექსპრეზიდენტი ფაქტობრივად რამდენიმე გზავნილს აწვდის მკითხველს: ერთი, რომ უკვე იმ ასაკში იყო უკიდურესად პოლიტიზებული (გაზეთი „მონდი" არაა საბავშვო ლიტერატურა); მეორე – იყო მიზანდასახული (გარისკა და გასცდა კაგებეს თანამშრომლებს); და მესამეც – უკვე მაშინ იყო ინტელექტუალურად განვითარებული, რადგან წაიკითხა რთული ტექსტი უცხო, ფრანგულ ენაზე.

აინტერესოა, რომ მსგავსი ისტორია სააკაშვილს არასდროს მოუყოლია ქართულ მედიასივრცეში. სამაგიეროდ, ხშირად გვსმენია იმის შესახებ, რომ ბავშვობაში „ძველ ბიჭებს" ბევრჯერ უცდიათ მისი დაჩაგვრა, მაგრამ ამაოდ. გამოდის, რომ დასავლელი პუბლიკისთვის სააკაშვილს ჰქონდა ერთი დისკურსი, თავისი თანამემამულეებისთვის კი – სულ სხვა. თუმცა, ეს არცაა გასაკვირი, თუკი გავითვალისწინებთ ეროვნულ თავისებურებებსა და „სტორითელინგის" აღქმის უნარს. ისე კი, პოლიტიკოსის მონათხრობის დაჯერება-არდაჯერება, ცხადია, მკითხველის პოლიტიკურ გემოვნებასა და ინტერპრეტაციაზეა დამოკიდებული.
ასევე ბავშვობიდან პოლიტიზებული პიროვნების პორტრეტი დახატა საქართველოს ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, სალომე ზურაბიშვილმა ავტობიოგრაფიულ წიგნში „საქართველოსკენ".

აგულისხმოა, რომ ამ წიგნის თავდაპირველი, ფრანგულენოვანი გამოცემის სათაურია „ქალი ორი ქვეყნისთვის" („Une femme pour deux pays"), რაც მიგვანიშნებს ქ-ნი სალომეს ორმაგ, ფრანგულ-ქართულ იდენტობაზე, მის მოწადინებაზე, ემსახუროს ერთდროულად ორ სამშობლოს. ამ „ორ ცეცხლშუა" მოქცევის იდეა ლაიტმოტივად გასდევს მთელ ნაწარმოებს: თუკი პოლიტიკური „აქტიურობის" პირველი მაგალითი წმინდად ფრანგულია – პატარა სალომე ლიცეუმის მეგობრებთან ერთად სასწავლებლის კედლებზე OAS-ის (კოლონიალურ ალჟირში ფრანგული სათვისტომოს იატაკქვეშა სამხედრო ორგანიზაცია) აფიშებს აკრავს, შემდგომ ის თავის თანატოლ ქართველ ემიგრანტ ბავშვებთან ერთად „ანტისაბჭოთა საქმიანობასაც" ეწევა:

„...საქართველოს განთავისუფლების სხვადასხვა გეგმებსაც ვსახავდით; ვგეგმავდით საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელების საფრანგეთში ვიზიტების საწინააღმდეგო დემონსტრაციებს...". მოგვიანებით, „კე დ'ორსეს", ანუ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კადრი სალომე ზურაბიშვილი ახერხებს, ერთმანეთს შეუფარდოს საპასუხისმგებლო მისიის ხელმძღვანელობა (ვენაში ეუთოს ეგიდით ჩვეულებრივი შეიარაღების შეზღუდვაზე მოლაპარაკებები) და ქართულ-პატრიოტული საქმიანობა (თბილისში, 1989 წლის 9 აპრილს დატრიალებული ტრაგედიის შესახებ ფსევდონიმის ქვეშ სტატიების გამოქვეყნება ფრანგულ ჟურნალ-გაზეთებში).

პოლიტიკით გაჟღენთილი ქ-ნი სალომე პირადად იცნობს წონიან ხალხს არა მარტო საფრანგეთში (დომინიკ დე ვილპენი, ივ-ტიბო დე სილგი, კატრინ კოლონა), არამედ ამერიკაშიც (რიჩარდ პერლი, ბრენტ სკაუკროფტი, ჰელმუტ ზონენფელდტი). მეტიც, ხშირად ამ კონტაქტებს სსრკ-ში ინტეგრირებული საქართველოს ბედ-იღბალზე ყურადღების მისაქცევად იყენებს. ასე მაგალითად, წიგნში აღწერილია ეპიზოდი, როდესაც სამთავრობო დელეგაციაში მგზავრობისას, ახალგაზრდა დიპლომატი სალომე ზურაბიშვილი აღმოჩნდება პრეზიდენტ ჟისკარ დ'ესტენის პირისპირ: „...26 მაისია – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. ვერ დავიჯერებ, რომ ეს თარიღების უბრალო დამთხვევაა... შანსი ხელიდან არ უნდა გავუშვა, თითქოს საგანგებო მისია დამეკისრა. აუცილებლად უნდა დაველაპარაკო საქართველოზე, უნდა ავუხსნა, რომ საფრანგეთი არ უნდა დარჩეს გულგრილი „დაჩაგრული ერების" მიმართ".

Golda Meir’s My Life
შესაბამისად, სალომე ზურაბიშვილის იდეაა, რომ საფრანგეთმა – „ადამიანის უფლებების დამცველმა ქვეყანამ" – წინ უნდა გაუსწროს მოვლენებს, დაამყაროს უშუალო კონტაქტი სსრკ რესპუბლიკებთან და საბჭოთა იმპერიის გარდუვალი დაშლის პირობებში, თავისუფალი სამყაროს ავანგარდში აღმოჩნდეს. შორეულ 1978 წელს მსგავსი იდეა ალბათ უტოპიურად ჟღერდა, მაგრამ თუ რეტროსპექტულად შევხედავთ მოვლენებს და შევაფასებთ საფრანგეთის უკიდურესად სუსტ პოზიციებს პოსტსაბჭოთა სივრცეზე, ზურაბიშვილის მაშინდელი მიდგომა საკითხისადმი უდავოდ წინასწარმეტყველურად მოჩანს.

ამ ავტობიოგრაფიულ წიგნში თვალშისაცემია რამდენიმე პასაჟი, რომლებსაც შემოაქვთ სენტიმენტური ელემენტი, ემსახურებიან ჰუმანურობის, ერთგვარი „ხელმისაწვდომობის" იმიჯის შექმნას. თავისი მეუღლის, ჯანრი კაშიას გაცნობას ქ-ნი სალომე ასე იხსენებს:

„...როგორც კი დავინახე, მაშინვე გავიფიქრე, რომ ჩემს ცხოვრებაში რაღაც შეიცვლებოდა. როცა პარკ მონსოს ჩემი ბინის აივნიდან ეზოში შემოსულს თვალი მოვკარი, თავში გამიელვა – „ეს ჩემი ცხოვრების კაცია!".

თუკი მამაკაცი სახელმწიფო მოღვაწის მემუარებში მსგავსი სენტიმენტურობა მიუღებელი იქნებოდა, ემოციების აღწერა ქალი პოლიტიკოსის იერსახეს არათუ ვნებს, არამედ წაადგება კიდეც. თვით „რკინის" გოლდა მეირიც კი არ მოერიდა საკუთარ „სტორითელინგში" (ავტობიოგრაფია – „My Life") ცრემლების მოხსენიებას, როდესაც აღწერდა ისრაელის პრემიერმინისტრობის პირველ დღეს: „იმ მომენტიდან ჩემთვის ნათელი გახდა, რომ ჩემ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მილიონობით ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებას შეეხებოდა. მე მგონი, ამ მიზეზით იყო, რომ ვიტირე".

ამრიგად, პოლიტიკური კომუნიკაციების სისტემაში საზოგადო მოღვაწეები თავისი ცხოვრების მეხოტბეებად გვევლინებიან. ისინი ბიოგრაფიული ეპიზოდების ერთგვარ კრებულს სთავაზობენ ამომრჩეველს და მასთან სიახლოვის, თვითიდენტიფიცირების განცდას ქმნიან. შესაბამისად, პოზიციურ თუ იდეოლოგიურ დაპირისპირებასთან ერთად, თანამედროვე პოლიტიკა „სტორითელინგების", ანუ იდენტობების კონფრონტაციის სივრცეცაა.

 

კომენტარები