დაპირისპირება ოპერაში

გიორგი ჟორდანიამ ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტი დატოვა

Tbilisi State Opera/Facebook

ზაქარია ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი ჟორდანია თანამდებობიდან გადადგა. როგორც ჟორდანიამ კულტურის მინისტრ გურამ ოდიშარიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, გადადგომის გადაწყვეტილება თავად მიიღო. 

"ოპერაზე გული ძალიან შემტკივა, ბავშვობიდან ოპერაში ვარ. ეს არის ჩემი სახლი, სკამი ნამდვილად არაფრად არ ღირს. მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო ეს პოსტი. დღეს მე ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელი აღარ ვარ", - აღნიშნა ჟორდანიამ.

საპროტესტო აქციის მონაწილეები გიორგი ჟორდანიას გადაწყვეტილებას ოვაციებით შეხვდნენ.

შეგახსენებთ, რომ ოპერის შემოქმედებითი კოლექტივი გიორგი ჟორდანიას გადადგომამდე, რეპეტიციებში მონაწილეობაზე უარს აცხადებდა. ოპერის თეატრის თანამშრომლებმა, კომპოზიტორებმა, კონსერვატორიის სტუდენტებმა, მხატვრებმა და მწერლებმა კულტურის სამინიტროსთან გიორგი ჟორდანიას გადადგომის მოთხოვნით აქცია გამართეს. ოპერის სოლისტის გოჩა დათოსანის განცხადებით, კოლექტივს შესაძლოა, მინისტრის გადადგომაც მოეთხოვა. 

"დღეს შევჯერდებით, რომ გათავისუფლებული იყოს მინისტრი და მისი ორივე მოადგილე, სამინისტროში იყოს ძირეული ცვლილებები და დაინიშნოს ისეთი მინისტრი, რომელიც თავის თავზე აიღებს პასუხისმგებლობას, რომ ერთ არაკომპეტენტურ, საქმეში ჩაუხედავ უდაბლესი დონის დირიჟორს არ გადააყოლოს ოპერის მთელი ორკესტრი, გუნდი, სოლისტების წამყვანი ნაწილი”, - განაცხადა გოჩა დათოსანმა.

კომენტარები