დაპირისპირება ოპერაში

გიორგი ჟორდანია: მთავარი თეატრის მომავალია

თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის გიორგი ჟორდანიას თქმით, მთავარი თეატრის მომავალია.

"ჩემთვის ყველაზე მთავარი არის ის, რომ მე არ ვუპასუხო იმ ბრალდებებს და იმ პიროვნულ შეურაცხყოფას, რასაც ორი დღის განმავლობაში მაყენებდნენ, ჩემთვის მთავარია თეატრი და თეატრის მომავალი. ჩემი აზრით, თეატრის მართვისათვის ყველაზე უპრიანი იქნება ყველაზე დემოკრატიული მეთოდით მართვა, რაც მდგომარეობს სამხატვრო საბჭოში", - თქვა ჟორდანიამ.

ჟორდანიას თქმით, ნებისმიერი სამხატვრო შემოქმედებითი წინადადება, რომელიც შეიძლება გაუჩნდეს სამხატვრო ხელმძღვანელს, მთავარ დირიჟორს ან ოპერის თანამშრომელს, უნდა განიხილოს სამხატვრო საბჭომ და თავისი დასკვნა დადოს ამასთან დაკავშირებით.

"ჩემ მიმართ წაყენებული არცერთი ბრალდება სინამდვილეს არ შეეფერება. რაც შეეხება არაკომპეტენტურობას, რა მორალურ მხარეზე შეიძლება საუბარი, როდესაც ამ ხალხში ყველაზე ღვაწლმოსილი და სახელოვანი ტენორი, რომელიც დღეს ჩემს არაკომპეტენტურობაზე ლაპარაკობს, სულ რაღაც რამოდენიმე კვირის წინ თავის სოლო კონცერტის სადირიჟოროდ მინსკში მეპატიჟებოდა", - თქვა ჟორდანიამ.

ზაქარია ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის თეატრის შემოქმედებითი დასის უმრავლესობა გუშინ აცხადებდა, რომ სამხატვრო ხელმძღვანელის, გიორგი ჟორდანიას თანამდებობიდან გადადგომამდე რეპეტიციებში მონაწილეობას არ აპირებდა.

კომენტარები