დავით უსუფაშვილი ესტონეთში

უსუფაშვილი: ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, საგარეო პრიორიტეტები უცვლელი დარჩა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, საქართველოში ხელისუფლების ცვლილებამ საგარეო პრიორიტეტები უცვლელი დატოვა. ტალინში, ევროპულ სახლში გამართულ საჯარო ლექციაზე, რომელსაც ექსპერტები, დიპლომატები, დეპუტატები და სტუდენტები ესწრებოდნენ, უსუფაშვილმა საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ახალი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე ისაუბრა.

"ხელისუფლების ცვლილებამ საგარეო პრიორიტეტები უცვლელად დატოვა, უფრო მეტიც, გაუმჯობესდა თანამშრომლობის ხარისხი და კიდევ უფრო გაღრმავდა ევროპული სტანდარტების მიმართულებით", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებიდან მის საბოლოო ხელმოწერამდე საქართველოს რთული და მნიშვნელოვანი პერიოდი უდგას. უსუფაშვილი ამბობს, რომ არსებობს რეალური საფრთხეები და მექანიზმები, რომლებიც ევროპული ფასეულობების დევალვაციისთვის შესაძლოა იყოს გამოყენებული.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, დღეს დილით ესტონეთში გაემგზავრა.

კომენტარები