არიელ შარონი

არიელ შარონი ნეგევის უდაბნოში დაკრძალეს

ისრაელის ყოფილი პრემიერმინისტრის არიელ შარონის გამოსათხოვარი ცერემონია დასრულდა. შარონი ნეგევის უდაბნოში საოჯახო ფერმის ტერიტორიაზე მეუღლის საფლავის გვერდით დაკრძალეს. გამოსამშვიდობებელ ცერემონიას 20 ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა. მათ შორის, აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი ჯო ბაიდენი. ისრაელის მოქმედი პრემიერმინისტრი ბინიამინ ნეთანიაჰუ არიელ შარონს ისრაელის ყველაზე დიდ სამხედრო ლიდერს უწოდებს.

”დღეს ისრაელის ხალხი ქედს იხრის არიელ შარონის წინაშე. ის მებრძოლთა შორის პირველი და მამაცი სარდალი იყო. მჯერა, რომ ის ერთ-ერთი უდიდესი სამხედრო ლიდერი იყო ჩვენს ახალ ეპოქაში. მას ცენტრალური როლი ჰქონდა ყველა ბრძოლაში, რომელიც ისრაელის უსაფრთხოებას ეხებოდა. ის იყო ახალგაზრდა ჯარისკაცი დამოუკიდებლობის ომის დროს და შემდეგ კი უკვე სინაის ოპერაციისა და ექვსდღიანი ომის დროს სამეთაურო მოვალეობებს ასრულებდა”, - თქვა ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრეზიდენტი შიმონ პერესი კი მას ისრაელის სახელმწიფოს არქიტექტორს უწოდებს.

”არიელ შარონი სახელმწიფოს უდიდესი არქიტექტორი და დამცველი იყო. მან იომ ქიფურის ომი საწყისი საშიშროებიდან გასაოცარ გამარჯვებად გადააქცია, რამაც ეგვიპტესთან მშვიდობას გზა გაუკვალა. ჩვენი ხალხის ისტორიაში ის უნიკალურ ლიდერად დარჩება, რომელმაც გამარჯვება და იმედი მოიტანა”, - აღნიშნა პერესმა.

არიელ შარონი თავდაცვის მინისტრის რანგში 1982 წელს ლიბანში შეჭრის ოპერაციას მეთაურობდა. ასევე იყო ისრაელის თითქმის ყველა ომის ვეტერანი. ის ისრაელის პრემიერმინისტრი 2001 წელს გახდა. 2006 წელს კი, მწვავე ინსულტის შედეგად, კომაში ჩავარდა. არიელ შარონი შაბათს 85 წლის ასაკში 8-წლიანი კომის შემდეგ გარდაიცვალა.

კომენტარები