სარევიზიო კომისია

სარევიზიო კომისია: ვაკე-საბურთალოს გამგეობის დოკუმენტაციაში დარღვევებია

timer.ge

თბილისის საკრებულოში შექმნილი სარევიზიო კომისიის თავმჯდომარის მიხეილ ქავთარაძის განცხადებით, კომისიამ ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის ფინანსურ დოკუმენტაციებში დარღვევები აღმოაჩინა. როგორც ქავთარაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, მასალები შემდგომი რეაგირებისთვის სამართალდამცავ უწყებებს გადაეცემა.

"ჩვენ შევისწავლეთ ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის 2012 წლის ფინანსური დოკუმენტაცია და გამოვლინდა შემდეგი სახის დარღვევები – სადარბაზოებში სენსორული სანათების დამონტაჟებისთვის გამოყოფილი იყო 672 655 ლარი, საიდანაც 617 ათასი ლარი დაიხარჯა. ყველა ხელშეკრულება გაფორმებული იყო მხოლოდ ერთ კომპანიასთან – შპს "თბილისი გრუპთან". ეს არის კონკრეტულად გიგი უგულავას ფირმა, რომელსაც ხელმძღვანელობს მასთან ძალიან დაახლოებული ადამიანი. ამ შემთხვევაში, არსებობდა გამგეობის მიერ გამოცემული დადგენილებების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი, რადგან შემსრულებელმა ფინანსური დოკუმენტაცია კანონით გათვალისწინებული ნორმების დარღვევით წარმოადგინა", - განაცხადა მიხეილ ქავთარაძემ და აღნიშნა, რომ შპს "თბილისი გრუპმა" 2011-2012 წლებში ყოველგვარი ტენდერების გარეშე მილიონობით ლარის სამუშაოები შეასრულა დედაქალაქში.

გარდა ამისა, ქავთარაძის თქმით, გამოიკვეთა სხვა სახის დარღვევებიც. მისი ინფორმაციით, რამდენიმეჯერ, გამგეობამ მომსახურება შეისყიდა "გადაუდებელი აუცილებლობიდან" გამომდინარე, თუმცა რეალურად ეს აუცილებლობა არ არსებობდა.

"ამავე დროს, ხელშეკრულების შესრულების კონტროლი გამგეობის მხრიდან საერთოდ არ ხდებოდა, მაშინ როცა ეს მისი პირდაპირი ვალდებულება იყო. მაგალითისთვის, "გადაუდებელი აუცილებლობიდან" გამომდინარე, 2012 წლის აგვისტოს თვეში დაიდო ხელშეკრულება შპს "ბლექსი გრუპთან" - ესაა ორგანიზაცია, რომელშიც იკვეთება ბატონი გივი თარგამაძის ინტერესები. ხელშეკრულება არის 750-ათასლარიანი და საერთოდ არაა მითითებული შესრულებული სამუშაოების შესახებ. ამასთან, არის შემდეგი სახის დარღვევაც: არსებობდა ე.წ. სპორტული მოედნების კოორდინატორების ინსტიტუტი, სადაც გაფორმებული იყვნენ ნაციონალური მოძრაობის წევრები და აქაც საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად, პოლიტიკური მიზნით გამოყენება ხდებოდა. ამ დანაშაულს რეაგირების გარეშე არ დავტოვებთ. ეს ყველაფერი გადაეცემა სამართლადამცავ ორგანოებს", - აღნიშნა სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ.

ვაკის რაიონის გამგებელი ბაჩო დოლიძე კი, მიხეილ ქავთარაძის განცხადებას არასერიოზულს უწოდებს. როგორც დოლიძემ სააგენტო ინტერპრესნიუსს უთხრა, საკრებულოს უმრავლესობა იძულებული იყო, დღე ასტრალური ინფორმაციის გავრცელებით დაეწყო.

"მათი მიზანი იყო, გადაეფარათ ის პრობლემები, რომლებიც ბიუჯეტის ჩაგდების შემდგომ დადგა ყველა გამგეობის და სხვა საქალაქო სამსახურების წინაშე. კონკრეტულად, მოხდა ისე, რომ ბიუჯეტის ჩაგდების შემდგომ გამგეობა ვეღარ აფინანსებს ამხანაგობების თანადაფინანსების 50%-ს, შესაბამისად, არც არსებობს ინსტრუმენტი, როგორ უნდა გავცხრილოთ, რომელი 50% უნდა დავაფინანსოთ და რომელი არა. აქედან გამომდინარე, ეს არის ის კონკრეტული პოლიტიკა და კონკრეტული შედეგი, რაც მოყვა დაუფიქრებელ ბიუჯეტის ჩაგდებას. კონკრეტულად, ყველა მიმართულებით მიმდინარეობს მცდელობა, რომ გამგეობის თუ სხვა საქალაქო სასამხურის მუშაობის პროცესის პარალიზება მოხდეს. აქედან გამომდინარე, დღევანდელი მონოლოგით მათ უნდოდათ გადაეფარათ რეალური თემები. ამაზე, სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ", - განაცხადა დოლიძემ.

კომენტარები