დაპირისპირება საპატრიარქოსთან

ომბუდსმენი: მოძალადეები დროულად და ეფექტურად უნდა დაისაჯონ

news.ge

საქართველოს სახალხო დამცველი საპატრიარქოსთან გამართული აქციის შესახებ განცხადებას ავრცელებს, სადაც ხელისუფლებას მოძალადეების მიმართ დროული და ეფექტური ღონისძიებების გატარებისკენ მოუწოდებს.

განცხადებაში საუბარია იმაზე, რომ სამართალდამრღვევთა სათანადო დასჯა არის მსგავსი შემთხვევების პრევენციის საშუალება და ადამიანის უფლებათა დაცვის გარანტი.

ომბუდსმენის აპარატის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"დღეს, საქართველოს საპატრიარქოსთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს, რომლებიც აპროტესტებდნენ საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში გამოთქმულ მოსაზრებებს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს პარალელური აქციის მონაწილეებმა, რაც გამოიხატა ტრანსფარანტების დახევასა და ფიზიკურ ძალადობრივ ქმედებებში. მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ოთხი პირი დააკავეს.
საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები უშუალოდ იმყოფებოდნენ ინციდენტის ადგილზე და ამჟამად მიმდინარეობს ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის ანალიზი. 

საქართველოს სახალხო დამცველი დაუშვებლად მიიჩნევს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას ძალადობრივი ქმედებებით, მათ შორის განხორციელებულს კერძო პირთა მხრიდან. სამწუხაროდ, საზოგადოებაში არსებული დისკრიმინაციული შეხედულებები კვლავ ხდება სიძულვილით ჩადენილი, ძალადობრივი ქმედებების განხორციელების საფუძველი. 

სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა დაიცვას მშვიდობიანი შეკრების მონაწილეები მესამე პირთა ძალადობრივი ქმედებებისაგან. არსებითია, რომ ასეთი შემთხვევების დროს სახელმწიფომ გაატაროს დროული და ეფექტური ღონისძიებები ფიზიკური შეურაცხყოფის თუ სხვა ძალადობრივი ქმედებების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით. სახალხო დამცველის აზრით, მნიშვნელოვანია გამოვლენილი და დასჯილი იყოს ყველა ის პირი, ვის მიერაც ჩადენილი იქნა ამა თუ იმ სახის სამართალდარღვევა. სამართალდამრღვევთა სათანადო დასჯა არის მსგავსი შემთხვევების პრევენციის საშუალება და ადამიანის უფლებათა დაცვის გარანტი. მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა ვიდეო და ფოტო მასალა, სადაც ასახულია სამართალდარღვევის ფაქტები და შესაძლებელია დამრღვევ პირთა იდენტიფიცირება, რასაც შესაბამისი ორგანოების მხრიდან აუცილებელია მოჰყვეს ადეკვატური რეაგირება. 

საქართველოს სახალხო დამცველი აგრძელებს საპატრიარქოსთან გამართული აქციის დროს მომხდარი მოვლენების შესწავლას, მათ შორის დააკვირდება სამართალდამცავების მიერ დაკავებულ პირთა საქმეების განხილვას", - ნათქვამია ომბუდსმენის აპარატის განცხადებაში. 

კომენტარები