საქალაქო ავტობუსები

ავტობუსების ტენდერში მონაწილე პროკურატურას მერიის წინააღმდეგ მიმართავს

თბილისში შემოსაყვანი ავტობუსის მოდელი

თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ავტობუსების ტენდერში მონაწილე დისკვალიფიცირებული ჩინური კომპანია Xiamen Golden Dragon Bus Co-ს წარმომადგენელი საქართველოში ავთანდილ საყვარელიძე ტენდერში დისკვალიფიკაციისა და ტენდერის შეწყვეტასთან დაკავშირებით მერიას სიცრუეში ადანაშაულებს და პროკურატურას მიმართავს. 

”ტენდერის გამოცხადებიდან დღემდე თბილისის მერია ღიად იბრძოდა ჩვენს Xiamen Golden Dragon Bus Co. LTD-ს წინააღმდეგ და მიზანმიმართულად, ტენდერში გამარჯვებისთანავე დაიწყო გაუგებარი მოქმედებები და განცხადებები, როგორც გაირკვა მოხდა ზეწოლა მასმედიის საშუალებებზეც.

ნაცვლად იმისა, რომ მერიის შესაბამისი სამსახური გადასულიყო შესყიდვების სააგენტოსთან არსებული დავების საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე, ამოეფარნენ რა პოლიტიკურ ვაჭრობას (რაც ჩვენთვის უინტერესოა), აბსოლუტურად გაუგებარი არგუმენტაციით, რომ მათ თითქოსდა ავტობუსების შესაძენად სულ 39 მლნ ლარი დარჩათ და ამით ვერ უზრუნველყოფენ ავტობუსების დაფინანსებას, შეწყვიტეს ტენდერი.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, მერიის განცხადება არის მორიგი სიცრუით აღსავსე პასკვილი, წინასატენდერო დოკუმენტაციაში, ჩვენს განცხადებაში არსად არ არის ნახსენები რომ ჩვენ ვითხოვდით ავანსს, რაზეც მერია ამბობს რომ ვერ უზრუნველყოფს ავანსის გადახდას, ხოლო ჩვენი საბოლოო ფასი არის 31.6 მლნ ლარი, რაც სრულებით ეტევა თუნდაც მერიის მიერ "გამოგონილ" არითმეტიკაში.

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის გ ქვეპუნქტი იძლევა ზოგადად ტენდერის შეწყვეტის საშუალებას, მასში განმარტებული შეწყვეტის საფუძვლად არ შეიძლება იქნეს განხილული თბილისის ბიუჯეტის დამტკიცების დროებითი გადადება.

საინტერესოა, რა გადაწყვეტილებები მიიღო მერიამ სხვა მიმდინარე ტენდერების მიმართ ?!

ჩვენ აუცილებლად მივმართავთ სასამართლოს ტენდერის მიმდინარეობისას მერიის მიერ უკანონოდ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით, ხოლო საქართველოს მთავარ პროკურატურას ვთხოვთ ჩვენი განცხადების საფუძველზე შეისწავლოს მერიის შესყიდვების კომისიის წევრთა მიერ სამოხელეო დანაშაულის ჩადენის ნიშნების არსებობა და მოახდინოს სათანადო რეაგირება”, - აცხადებს ავთანდილ საყვარელიძე.

თბილისის მერიამ დედაქალაქში 100 ახალი, კომფორტული, ეკოლოგიურად სუფთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე ადაპტირებული ავტობუსების შესაძენად, ტენდერი 2013 წლის 4 ნოემბერს გამოაცხადა. იმის გამო, რომ ბიუჯეტმა 2014 წლის ბიუჯეტი არ დაამტკიცა, თბილისის მერიის განცხადებით, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის გ1 ქვეპუნქტის საფუძველზე წყვეტს შესყიდვის პროცედურებს.

4 ნოემბერს გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა  ხუთმა კომპანიამ მიიღო. მათ მერიას შემდეგი ფასი (დღგ-ს ჩათვლით) შესთავაზეს: KAREX (IVECO) – 62 927 040 ლარი, თეგეტა თრაქ ენდ ბას (MAN) – 57 592 538 ლარი, Solaris Bus & Coach S.A  – 57 414 928 ლარი, Zhengzhou Yutong Bus Co..LTD– 37 359 538 ლარი  და  XIAMEN GOLDEN DRAGON BUS CO  – 37 359 509 ლარი.

მერიამ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის შემთავაზებელ ჩინურ კომპანია XIAMEN GOLDEN DRAGON BUS-ს დოკუმენტაციის შესწავლის ეტაპზე დისკვალიფიკაცია მისცა, რადგან ამ კომპანიამ ვერ დაადასტურა წარმოებული ავტობუსების შესაბამისობა მერიის მიერ მოთხოვილ ევროპულ სტანდარტთან. მერიის ცნობით, ამ კომპანიას არ აღმოაჩნდა შემოთავაზებულ ავტობუსზე ხარისხის დამადასტურებელი ევროპის პარლამენტის 2007/46/EC სერთიფიკატი (EC type-approval certificate).

დედაქალაქის მერიის სატენდერო კომისია ტენდერის შეწყვეტამდე მეორე დაბალი ფასის შემთავაზებელი, ასევე ჩინური კომპანია Zhengzhou Yutong Bus Co-ს წინადადებას განიხილავდა.

კომენტარები