საქალაქო ავტობუსები

მერიამ ავტობუსების ტენდერში მონაწილე ჩინური GOLDEN DRAGON BUS დაიწუნა

Zhengzhou Yutong Bus-ის საქალაქო ავტობუსი

თბილისის მერიამ ქალაქში 100 ახალი, ეკოლოგიურად სუფთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე ადაპტირებული ავტობუსების შესაძენად 4 ნოემბერს გამოცხადებულ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის შემთავაზებელ ჩინურ კომპანია XIAMEN GOLDEN DRAGON BUS-ს დისკვალიფიკაცია მისცა, რადგან ამ კომპანიამ ვერ დაადასტურა წარმოებული ავტობუსების შესაბამისობა მერიის მიერ მოთხოვილ ევროპულ სტანდარტთან.

ონლაინ ვაჭრობაში მონაწილეობა 5-მა კომპანიამ მიიღო, რომლებმაც შემდეგი ფასი წარმოადგინეს: KAREX (IVECO) – 53 328 000 ლარი, თეგეტა თრაქ ენდ ბას (MAN) – 48 807 236 ლარი, Solaris Bus & Coach S.A – 48 656 719.00 ლარი, Zhengzhou Yutong Bus Co..LTD – 31 660 626 ლარი და XIAMEN GOLDEN DRAGON BUS CO – 31 660 601 ლარი.

რადგანაც ვაჭრობის დასრულების შემდეგ, ყველაზე დაბალი ფასი XIAMEN GOLDEN DRAGON BUS CO-მ დააფიქსირა, სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, სატენდერო კომისიამ განიხილა ამ კომპანიის მიერ, წარმოდგენილი დოკუმენტაცია. თბილისის მერიის ინფორმაციით, განხილვისას კომისიამ მთელი რიგი უზუსტობები აღმოაჩინა. შესაბამისად, პრეტენდენტს მოთხოვნების დასაზუსტებლად კომისიამ მაქსიმალური ვადა 3 სამუშაო დღე განუსაზღვრა. ამ ვადაში XIAMEN GOLDEN DRAGON BUS CO-მ წარმოადგინა დაზუსტებული დოკუმენტაცია, რომლის განხილვის შემდეგ დადგინდა, რომ ტენდერში წარმოდგენილმა ავტობუსის მოდელმა ვერ დააკმყოფილა ტექნიკური და ხარისხობრივი მოთხოვნები და მოხდა აღნიშნული კომპანიის დისკვალიფიკაცია. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ამ კომპანიას არ აღმოაჩნდა შემოთავაზებულ ავტობუსზე, ხარისხის დამადასტურებელი ევროპის პარლამენტის 2007/46/EC სერთიფიკატი (EC type-approval certificate).

კომისიამ, კანონმდებლობის შესაბამისად, ჩინურ კომპანია Zhengzhou Yutong Bus Co. LTD-ს დოკუმენტაცია შეისწავლა, რომლის მიერ ტენდერში წარმოდგენილი ფასი სიმცირით მეორეა და 31 660 626 ლარს შეადგენს, რაც თავის მხრივ 25 ლარით მეტია წინა კომპანიის ფასზე. მერიის პრესსამსახურის განცხადებით, განხილვის შედეგად დადგინდა, რომ ამ კომპანიის მიერ, დასაზუსტებელია საკვალიფიკაციო მოთხოვნებში აღმოჩენილი გარკვეული უზუსტობები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პრეტენდენტს მოთხოვნების დასაზუსტებლად, კომისიამ განუსაზღვრა მაქსიმალური ვადა 3 სამუშაო დღე.


შესაბამის ვადებში კომპანია Zhengzhou Yutong Bus Co. LTD მიერ, სატენდერო წინადადების დაზუსტების შემდეგ, კომისია კიდევ ერთხელ იმსჯელებს შეესაბამება თუ არა წარმოდგენილი ავტობუსის მოდელი თბილისის მერიის მოთხოვნებს და ამის შემდეგ მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას.

თუ Zhengzhou Yutong Bus-მაც ვერ დააკმაყოფილა სატენდერო მოთხოვნები, მაშინ მერიას მოუწევს თეგეტა თრაქ ენდ ბას-ის წინადადების განხილვა, რომელიც ევროპულ ავტომწარმოებელ MAN-ს წარმოადგენს.

მერიის მოთხოვნების მიხედვით, შესასყიდი ავტობუსი უნდა აკმაყოფილებდეს ევროპულ სტანდარტებს, კერძოდ, უნდა იყოს პირველი კლასის (ევროპის პარლამენტის 2001/85/EC დირექტივის მიხედვით) და М3 კატეგორიის (ევროპის პარლამენტის 2007/46/EC დირექტივის მიხედვით).

ავტობუსში უნდა ეტეოდეს 85 ადამიანამდე, მათგან დასაჯდომი ადგილი უნდა იყოს 30-მდე. სატრანსპორტო საშუალება აღჭურვილი უნდა იყოს ავტომატურ გადაცემათა 6-სიჩქარიანი კოლოფითა და სამთო მუხრუჭით.

ახალი ავტობუსები იქნება მწვანე ფერის, ასასვლელში არ უნდა იყოს საფეხურები და მას ექნება სამი განიერი კარი.

მერიის მოთხოვნების შესაბამისად, ავტობუსში უნდა იყოს სივრცე მინიმუმ ერთი ეტლისთვის, შუა კარები აღჭურვილი უნდა იყოს მექანიკურად გადმოსაშლელი დაფით, ეტლით ავტობუსში ასვლის უზრუნველსაყოფად.

ახალ ავტობუსებს უნდა ჰქონდეს თბოიზოლირებული, 40-70%-ით დაბურული გვერდითა ფანჯრები. ავტობუსში ასევე უნდა იყოს გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემა. კონდიცირება მორგებული უნდა იყოს თბილისის კლიმატურ პირობებზე და ავტობუსის შიდა სივრცეს უნდა აგრილებდეს მაშინაც კი, თუ გარეთ სითბო 45 გრადუს ცელსიუსს აღწევს.

ავტობუსს უნდა გააჩნდეს ხმის გამაძლიერებლები მგზავრთა განყოფილებაში ხმის თანაბრად გავრცელებისათვის და მიკროფონი მძღოლის კაბინაში, ასევე, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა. ავტობუსი აღჭურვილი უნდა იყოს ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემით. ახალი ავტობუსები გაზზე იმუშავებენ.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ მერიას ახალი ავტობუსები 2014 წლის 30 აგვისტომდე ეტაპობრივად უნდა მიაწოდოს.

 

კომენტარები