პარლამენტის თავმჯდომარე

უსუფაშვილი: პრიორიტეტია ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერა

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, მისი მთავარი პოლიტიკური პრიორიტეტი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერაა. როგორც უსუფაშვილმა წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე თქვა, ყველა სხვა საკითხი ამ პრიორიტეტს ექვემდებარება.

"მინდა მკაფიოდ ვთქვა, რომ პირადად ჩემი მთავარი პოლიტიკური პრიორიტეტი არის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის მიღწევა. ჩემი პოზიციები, ქმედები თუ უმოქმედობანი ამა თუ იმ საკითხთან მიმართებაში, ძალიან ხშირად განპირობებულია სწორედ ამ პრიორიტეტით. მზად ვარ, ბევრ საკითხზე ვიყო უფრო მოქნილი, იმისთვის რომ ქვეყანამ შეძლოს ამ უსერიოზულესი პოლიტიკური ამოცანის მიღწევა. ჩემი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის, როგორც პოლიტიკოსის, როგორც რესპუბლიკური პარტიის წევრის, როგორც საქართველოს მოქალაქის პრიორიტეტი არის ეს საკითხი, მას ექვემდებარება ყველა სხვა საკითხი", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა და აღნიშნა, რომ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა სახელმწიფოს უმთავრესი ამოცანაა.

"ამ მიმართულებით ბევრი ხიფათი უნდა ავიცილოთ თავიდან და ეს ხიფათი უკავშირდება არა მხოლოდ ოკუპანტი სახელწიფოსგან შესაძლო ხიფათს, ეს ხიფათი უკავშირდება ქვეყნის შიდაპოლიტიკური პროცესების სათანადოდ წარმართვას, მოახლოებული არჩევნების სათანადოდ ჩატარებას, კოალიცია ქართული ოცნების ერთიანობას და სიმტკიცეს, რომელიც აუცილებელია ამ ამოცანის მისაღწვად, აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებებს შორის ურთიერთობის ცივილურად აწყობას", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე შეფასებით, საქართველომ საგარეო ასპარეზზე მაქსიმუმს მიაღწია.

"ვილნიუსის სამიტზე საქართველოსთვის აინთო მწვანე შუქი ევროპული ინტეგრაციის გზაზე. ეს იყო უსერიოზულესი მოვლენა, გამოწვევა და მოხარული ვარ, რომ საქართველო ამას გაუმკლავდა და ამას გავუმკლავდით იმიტომაც, რომ ევროპული არჩევანი წლების წინ მკაფიოდ გამოხატა ქართველმა ხალხმა. საგარეო პოლიტიკური მიმართულებით წელს ჩვენ შევძელით ის, რომ რუსეთთან ურთიერთობა მნიშვნელოვნად აღარ გაუარესებულა, თუმცა არც მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულა. ეს მცირედი მიღწევები, რაც სავაჭრო ურთიერთობების აღდგენას უკავშირდება, არის სწორი მიდგომა, მაგრამ არ არის საკმარისი. ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე გამყოფ ზოლებთან პრობლემები ისევ გრძელდება და აქ ჩვენ ევროკავშირის მონიტორინგის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერის იმედი გვაქვს, რომ ლოკალური პრობლემები არ გადავიდეს გლობალურ პრობლემებში და საქართველომ მოახერხოს რთული გზის გავლა, რათა აგვისტო-სექტემბერში ასოცირების ხელშეკრულებაზე მოხდეს ხელმოწერა", - დასძინა უსუფაშვილმა წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე.

 

კომენტარები