ვოლგოგრადის ტერაქტი

პრეზიდენტი: საქართველოს ხელისუფლება და ხალხი ერთმნიშვნელოვნად გმობს ტერორიზმს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტი რუსეთის ფედერაციის ქალაქ ვოლგოგრადში ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებით ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება და ხალხი ტერორიზმს გმობს.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ვოლგოგრადში მომხდარ ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებით, რომელთაც მრავალი უდანაშაულო ადამიანის მხვერპლი მოჰყვა. საქართველოს ხელისუფლება და ხალხი ერთმნიშვნელოვნად გმობს ტერორიზმს. ჩვენ მთელ პროგრესულ სამყაროსთან ერთად გავაგრძელებთ ბრძოლას თანამედროვეობის ყველაზე ანტიჰუმანური მოვლენის დასამარცხებლად. ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით გულწრფელ სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახებს და რუს ხალხს", - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

ცნობისთვის, ორი დღის განმავლობაში ვოლგოგრადში ორი ტერაქტი მოხდა. გუშინ რკინიგზის სადგურში აფეთქებას 17 ადამიანი ემსხვერპლა. დღეს დილით კი, ტროლეიბუსში ტერაქტის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა. 

კომენტარები