ვოლგოგრადის ტერაქტი

ირაკლი ღარიბაშვილი ვოლგოგრადის ტერაქტის გამო მწუხარებას გამოთქვამს

facebook.com/GaribashviliOfficial

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვოლგოგრადის რკინიგზის სადგურში განხორციელებული ტერორისტული აქტის გამო მწუხარებას გამოთქვამს. ირაკლი ღარიბაშვილი რუს ხალხს თანაგრძნობას უცხადებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა გმობს ტერორიზმს.

"დიდ მწუხარებას და აღშფოთებას გამოვთქვამ ვოლგოგრადის რკინიგზის სადგურში განხორციელებულ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით, რომელსაც ათობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ვუსამძიმრებ და თანაგრძნობას ვუცხადებ რუს ხალხს ამ შემზარავი ტრაგედიის გამო. საქართველოს მთავრობა გმობს ტერორიზმს, რომელსაც არც ეროვნება აქვს და არც საზღვრები და მზად არის, მთელ პროგრესულ სამყაროსთან ერთად იბრძოლოს ტერორიზმის - 21-ე საუკუნის ყველაზე საშიში მოვლენის წინააღმდეგ", - ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.

ვოლგოგრადის რკინიგზის სადგურში მომხდარი ტერაქტის შედეგად, ბოლო მონაცემებით, 15 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 34 დაშავდა. რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის ინფორმაციით, ბომბი თვითმკვლელმა ტერორისტმა ქალმა 12:45 საათზე ააფეთქა.

მომხდარის გამო, ვოლგოგრადში პირველიდან 3 იანვრის ჩათვლით გლოვა გამოცხადდა.

აღსანიშნავია, ვოლგოგრადში ტერაქტი მიმდინარე წლის ოქტომბერშიც მოხდა. მაშინ, დაღესტნელმა თვითმკვლელმა ტერორისტმა ქალმა თავი ავტობუსში აიფეთქა, რასაც 6 ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები