რელიგიური დისიდენტი

მშვიდობის კათედრალი რელიგიური დისიდენტის დაბადების 100 წლისთავს აღნიშნავს

გოგი ბოლღაშვილისადმი მიძღვნილი წირვა

გიორგი ბოლღაშვილს ამ თვეში 100 წელი შეუსრულდებოდა. ძმა გოგი, როგორც მას იცნობდნენ სიცოცხლეში, ორი ათეული წლის გამავლობაში სათავეში ედგა ქართულ ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიას თბილისში.

დაიბადა 1913 წელს თბილისში. მამა მართლმადიდებელი ყავდა, დედა - ევანგელური ქრისტიანი. მიიღო კარგი საუნივერსიტეტო განათლება, გაიწვიეს მეორე მსოფლიო ომში. სწორედ ომში მიიღო მან გადაწყვეტილება, თუ ცოცხალი შინ დაბრუნდებოდა, ღმერთის სამსახურში ჩამდგარიყო. ამ პირობას მან მთელი ცხოვრება უერთგულა თავის მეუღლესთან, ეთერ ფრცქიალაძესთან ერთად . იგი, თან საერო სამსახურს ეწეოდა, თან ეკლესიაში დიდი რუდუნებით ემსახურებოდა ღმერთსა და ადამიანს.

მისი თავისუფლებისმოყვარე ბუნება ვერ ეგუებოდა ვერც რელიგიურ სიბნელეს და ვერც საეკლესიო ბიუროკრატიას. იგი ხშირად საჯაროდ უპირისპირდებოდა ტოტალიტარულ რეჟიმს და მის წარმომადგენლებს. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტისა და მოსკოვის საეკლესიო იერარქიის მიდმივი ზეწოლის მიუხედავად, იგი სულ მუდამ ცდილობდა ეკლესიის გარშემო შემოშენებული გაუცხოების კედლები გაერღვია როგორც ქართულ კულტურასთან და საზოგადოებასთან მიმართებაში, ისე ეკუმენურ ხედვასთან დამოკიდებულებაში.

ძმა გოგისა და ილია მეორის ლოცვა-კურთხევით 70-იანი წლების ბოლოს გაიმართა დიალოგი ევანგელურ-ბაპტისტურსა და მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის. ოფიციალურმა დიალოგმა შეიმუშავა უპრეცედენტო დოკუმენტი, რომელსაც ხელი უნდა შეეწყო ერთობლივი ევქარისტული თანამსახურების დაწყებისათვის ბაპტისტებსა და მართლმადიდებლებს შორის. სამწუხაროდ, გოგი ბოლღაშვილს ამ პროექტის განხორციელება არ დასცალდა, სახელმწიფოსა და ბაპტისტური საეკლესიო წრეების წინააღმდეგობის გამო. სამაგიეროდ, მას პატივი ჰქონდა კარგა ხნის მანძილზე, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, რეგულარულად ექადაგა თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში და ამით მართლმადიდებლებსა და ბაპტისტებს შორის მეგობრობის ხიდი გაედო.

ძმა გოგის თავისუფლებისმოყვარეობა და სახარების ერთგულება უამრავ ადამიანს იზიდავდა ეკლესიაში. ეს ხდებოდა მაშინ, როდესაც სახელმწიფო დაუფარავად სდევნიდა და ზღუდავდა ყველა რელიგიას. ბოლღაშვილის სულიერ შვილებს შორის იყვნენ ისეთი ახალგაზრდები, რომელბიც ვერ ეგუებოდნენ სამჭოეთის ტოტალურ რეჟიმს. ასეთები იყვნენ სოსო წერეთელი, ავთო მიქაბერიძე, თემურ ჩიხლაძე (რომელიც მოგვიანებით მღვდლად ეკურთხა მართლმადიდებელ ეკლესიაში და ბოლომდე მეგობრობდა ძმა გოგისთან), გეგა კობახიძე. სამწუხაროდ, ისინი მსხვერპლად შეეწირნენ საბჭოურ რეჟიმს (“თვითმფრინავის საქმე”, 1983).

მისი, როგორც მოძღვრის ღირსება ის იყო, რომ გოგი დიდთან დიდი იყო და პატარასთან პატარა. მას შეეძლო პრინციპულიც ყოფილიყო და ბალღივით ლმობიერიც. მას პატიების თხოვნაც შეეძლო და მისი გაცემაც. უსაზღვროდ უყვარდა ადამიანი და უანგაროდ ემსახურებოდა ამის კეთილდღეობას მთელი თავისი ცხოვრების მანძილძე.

ბოლღაშვილი, ერთი შეხედვით, ტრაგიკული მოღვაწე იყო. მას ებრძოდნენ იმისთვის, რომ სახარებას ავრცელებდა, იმისათვის, რომ მისთვის ძვირფასი იყო ქართული კულტურა, იმისათვის, რომ ის ეკუმენურ ხიდებს აშენებდა მართლმადიდებელ ეკლესიასთან, და სხვა რელიგიებთან, იმისთვის, რომ ქედს არ უხრიდა არც უშიშროებას და არც საეკლესიო იერარქიას, რომელიც ხშირად იგივე უშიშროების მითითებებით მოქმედებდა.

ერთი სიტყვით, მას უპირისპირდებოდნენ როგორც “გარეულები” - უშიშროება და კომუნისტური ხელისუფლება, ასევე “შინაურები” სასულიერო პირების უმეტესობა, როგორც ამიერკავკასიაში, ისე მთელ საჭოთა კავშირში. მოსკოვს ქონდა მცდელობა მისი ეკლესიიდან განკვეთისა, მაგრამ ეს ვერ შეძლო, რადგან მრევლმა მის განკვეთას გააფთრებული წინააღმდეგობა გაუწია.

ყველაფრის მიუხედავად, მისმა მოღვაწეობამ და სულისკვეთებამ უკვალოდ არ ჩაიარა. მისი დაწყებული საქმე და რეფორმები მოგვიანებით უკვე დამოუკიდებელი საქართველოს დროში, გააგრძელეს მთავარეპისკოპოსმა მალხაზ სონღულაშვილმა და მისი გუნდის წევრებმა. მათი ძალისხმევით შეიქმნა სახარების კონტექსტუალიზაციის მანამდე უპრეცედენტო ფენომენი პროტესტანტულ სამყაროში.

29 დეკემბერს, ევანგელურ ბაპტისტური ეკლესიის მშვიდობის კათედრალურმა ტაძარმა აღნიშნა თავისი ლეგენდარული წინამძღოლის, გაბედული რელიგიური დისიდენტისა და ნოვატორის გიორგი ბოლღაშვილის დაბადებისდან 100 წლისთავი. მისი ხსოვისადმი მიძღვნილ წირვას თბილისის კათედრალში ესწრებოდნენ მისი შვილები ჯუმბერ და ჯენეტ ბოლღაშვილები, ასევე მისი ოჯახის სხვა წევრები და ახლობლები.

დოქტორმა მალხაზ სონღულაშვილმა, ვრცლად ისაუბრა გოგი ბოლღაშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე. ამის შემდეგ ეპისკოპოსებმა ილია ოსეფაშვილმა, მერაბ გაფრინდაშვილმა და რუსუდან გოცირიძემ აკურთხეს ბოლღაშვლის ხატი, რომელიც დაწერილი იქნა იკონოგრაფიის ბაპტისტურ სკოლაში, მამუკა კაპანაძის მიერ. ამავე წირვაზე მოხდა ბოლღაშვილის ტროპარის პირველად გაჟღერება:

“ჰე, ღმერთო ერთო,
შენ ამოირჩიე ძმა გოგი სახარების საქადაგებლად და ქრისტიანთა ერთობის ხის დასანერგად საქართველოში, შენვე უბოძე მას
გამბედაობა და შეუპოვრობა ამ საქმეში.
შეგვეწიე ყველას, რათა შევიმეცნოთ შენი უპირობო სიყვარული და ბოლღაშვილის მსგავსი ერთგულებით ვემსახუროთ სამართლიანობას, სიკეთეს, თავისუფლებასა და მპატიებლობას. ამას ვითხოვთ შენი ძის იესო ქრისტეს სახელით. ამინ.”

“მე დღეს ბევრი ისეთი რამ გავიგე მამაჩემზე, რაც აქამდე არ ვიცოდი. მე მინდა ვუსურვო მამაჩემის ეკლესიას წინსვლა და გაძლიერება ერთმანეთის სიყვარულში.” - თქვა თავის სიტყვაში ჯუმბერ ბოლღაშვილმა და მადლობა გადაუხადა ყველას მამამისის ხსოვნის ასე სათუთად შენახვისათვის.

წირვის შემდეგ, ეკლესიის მსახურები და მრევლის ნაწილი ეწვია გოგი ბოლღაშვილის საფლავს, სადაც აღევლინა სამადლობელი ლოცვა მისი სიცოცხლისათვის, გაბედულებისათვის და შეუპოვრობისათვის.

კომენტარები