საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

21 წლის ახალგაზრდის სიკვდილის ფაქტზე ორი ადამიანი დააკავეს

21 წლის ჯემალ შელიას სიკვდილის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი ადამიანი დააკავა. ჯერჯერობით, გაურკვეველია, რა გახდა შელიას სიკვდილის მიზეზი. დაღუპულის ოჯახის წევრების მტკიცებით, ახალგაზრდა სასტიკად სცემეს და ის მიყენებული ტრავმებით გარდაიცვალა. შელიას ახლობლები ამბობენ, რომ დაპირისპირებაში უფრო მეტი ადამიანი მონაწილეობდა.

ტელეკომპანია რუსთავი 2-თან საუბარში დაღუპულის ახლობლები აცხადებენ, რომ შემთხვევა იმავე კორპუსის ეზოში მოხდა, სადაც ჯემალ შელია ცხოვრობდა. მათი თქმით, ახალგაზრდა მეგობართან ერთად იმყოფებოდა სავაჭრო ჯიხურში, რომელშიც მუშაობდა გარდაცვლილის მეგობრის დედა. შელიას ოჯახის წევრების ინფორმაციით, ჯიხურში შევიდა ოთხი უცნობი პიროვნება და გამყიდველს პროდუქტების უსასყიდლოდ მიცემა მოსთხოვეს, რამაც გარდაცვლილის და მისი მეგობრის გაღიზიანება გამოიწვია. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, კამათი ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. დაღუპულის ოჯახის წევრების თქმით, თავდაპირველად ჯიხურში ოთხი ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა, მოგვიანებით შელიას და მის მეგობარს ოცამდე მამაკაცმა სცემა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები ითხოვენ, რომ ინციდენტში მონაწილე ყველა პირი დაისაჯოს.

შსს-ს ინფორმაციით, საქმესთან დაკავშირებით, ორი პირი დააკავეს. მათი განცხადებით, გამოძიება მიმდინარეობს და არ არის გამორიცხული, რომ სხვა პირების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს.

 

კომენტარები