შსს-ს განცხადებით, დღეს, 30 აპრილს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მაღაროებში არსებული მდგომარეობის შესწავლის მიზნით შპს ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის წარმომადგენლები, შესაბამისი მიმართულების სპეციალისტებთან ერთად მონიტორინგს განახორციელებენ, ამასთან, ადგილზე "მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით" მობილიზებულნი იქნებიან შსს-ს შესაბამისი დანაყოფის თანამშრომლები.
"მიმდინარე წლის 30 აპრილს, ჭიათურის მუნიციპალიტეტში, კოროხნალის, შუქრუთის, ითხვისის და დარკვეთის მაღაროებში არსებული მდგომარეობის შესწავლის მიზნით, ჯორჯიან მანგანეზის შვილობილი კომპანიის, შპს ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის წარმომადგენლები, შესაბამისი მიმართულების სპეციალისტებთან ერთად მონიტორინგს განახორციელებენ.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ბოლო დროს, ჭიათურის მუნიციპალიტეტში მაღაროებში დასაქმებულ თანამშრომელთა ნაწილი გამოხატავს პროტესტს, აქედან გამომდინარე, ადგილზე მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მობილიზებულნი იქნებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები.
მოვუწოდებთ პროტესტის გამომხატველებს, არ დაარღვიონ კანონი.
კანონდარღვევის თითოეულ ფაქტს, პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება" - წერს შსს.
ცნობისთვის, 29 აპრილს შსს-მ 4 პირი დააკავა.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ჭიათურის მუნიციპალიტეტში, შუქრუთის მაღაროს დირექტორს, 1982 წელს დაბადებულ თ.კ.-ს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენეს.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა თ.კ. სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია". - ნათქვამია განცხადებაში.





