ეკონომიკური თავისუფლება

ეკონომიკური თავისუფლება „იდიოკრატიის” სანაცვლოდ

ცნობილია, რომ 70-ის წესის მიხედვით, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი ორმაგდება 70/X პერიოდში, სადაც X ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელს წაარმოადგენს. ფაქტობრივად, თუ საქართველოში ეკონომიკა ყოველწლიურად 10%-ით გაიზრდება, მთლიანი შიდა პროდუქტი გაორმაგდება მხოლოდ 7 წლის შემდეგ, რაც იმას ნიშნავს, რომ დროის ამ მონაკვეთში, ადამიანთა კეთილდღეობა მიაღწევს აზერბაიჯანის მოქალაქის დონეს იმ დაშვებით, რომ აზერბაიჯანში ეკონომიკა ამ პერიოდში არ გაიზრდება. 2%-იანი ეკონომიკის ზრდის პირობებში, 50 წლის შემდეგ ჩვენ ისევ ღარიბი ქვეყანა ვიქნებით, ხოლო 12%-იანი ეკონომიკის ზრდის პირობებში, მხოლოდ 28 წლის შემდეგ შევძლებთ მივაღწიოთ საშუალო ევროპული ქვეყნის ცხოვრების დონეს.

ცხოვრების დონე გიჩვენებთ ადამიანის კეთილდღეობის ხარისხს. ადამიანის მოთხოვნილებები უსაზღვროა, მაგრამ მოთხოვნას ის მისი შემოსავლის მიხედვით ქმნის. მაშასადამე, შემოსავლის სიდიდე გიჩვენებთ ადამიანის მიერ პროდუქტისა და მომსახურების მოხმარების სტრუქტურას. როდესაც ადამიანის საშუალო წლიური შემოსავალი არ აღემატება $3,500-ს, ისეთი ტიპის ძვირადღირებული მომსახურება, როგორიც არის ჯანდაცვა, განათლება და სხვა, ფუფუნების საგანია და მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი გამოხატავს აღნიშნული ფასეულობებით სარგებლობის დიდ სურვილს, იგი ნაკლებად ხელმისაწვდომია. საერთო ჯამში, ეს გავლენას ახდენს ისეთ სტატისტიკურ მაჩვენებლებზე, როგორიცაა სიცოცხლის დაბალი ხანგრძლივობა, განათლების დაბალი დონე და სხვა. საშუალო წლიური შემოსავალი პირობითი ტერმინია, რადგან საზოგადოებაში შემოსავალი არ არის განაწილებული თანაბრად. შესაბამისად, ზოგიერთის შემოსავალი ამ მაჩვენებელზე მაღალია, ზოგიერთის – დაბალი. ამასთან, საზოგადოების ის ნაწილი, რომლის შემოსავალიც აღემატება საშუალო ევროპელის ცხოვრების დონეს, ბევრად ნაკლებია საზოგადოების იმ ნაწილთან შედარებით, რომელთა შემოსავალი უფრო ნაკლებია, ვიდრე $3,500.

როდესაც ამომრჩეველი უკმაყოფილოა მისთვის მიწოდებული საჩუქრების რაოდენობით და ხარისხით, ირჩევს პოტენციურ სახელმწიფო მოხელეთა სხვა ჯგუფს. უბილეთო მგზავრის ფსიქოლოგია სჭარბობს რაციონალურ აზროვნებას.

ჩვენ ხშირად გვექმნება ილუზია, რომ თუ მოხერხდება დაგროვილი სიმდიდრის გადანაწილება მდიდართა საზიანოდ და ღარიბთა სასარგებლოდ, ეს გაზრდის ნაკლები შემოსავლების მქონე ადამიანების ხელმისაწვდომობას ძვირადღირებულ მომსახურებებზე. სინამდვილეში, დროთა განმავლობაში, სიმდიდრის გადანაწილების პროცესმა შესაძლებელია მიიღოს იმდენად საშიში ტენდენცია, რომ მაღალი შემოსავლების მქონე ადამიანებისთვის ბევრი მომსახურება გახდეს ფუფუნების საგანი. ამ შემთხვევაში, ძვირადღირებული მომსახურება მიუწვდომელი იქნება უკვე საზოგადოების ყველა წევრისთვის, რადგან მისი დამზადება უფროძვირი დაჯდება, ვიდრე ერთი ადამიანის საშუალო წლიური შემოსავალი. ეს ნიშნავს, რომ დროთა განმავლობაში შემცირდება იმ მომსახურებათა მიწოდების რაოდენობა, რომლებსაც ქმნიდა ბაზარი, რადგან მიუწვდომლობის გამო შემცირდება მასზე მოთხოვნა. როდესაც საუბარია დაგეგმილი ქირურგიული ოპერაციების, მედიკამენტების, უმაღლესი განათლების საზოგადოებისთვის უფასოდ მიწოდებაზე, ეს ნიშნავს, რომ მიწოდების ამჟამინდელი ხარისხი დროთა განმავლობაში თანდათანობით შემცირდება, რადგან მიწოდების ხარჯები გადააჭარბებს მოთხოვნის ფასს. სწორედ ასეთი საშიში ტენდენცია გამოიკვეთა საქართველოში 2014 წლის დაგეგმილი ბიუჯეტის შედეგად, რომელიც არასდროს ყოფილა სოციალური ვალდებულებებით დახუნძლული ისე, როგორც დღეს.

დაშვება, რომ სიმდიდრის გადანაწილების შედეგად იზრდება ღარიბი ადამიანის შემოსავალი, რომელიც აძლევს მას საშუალებას, რომ ისარგებლოს იმ ტიპის მომსახურებით, რომლის დამზადებაც $3,500-ზე ნაკლები ჯდება, არ ნიშნავს იმას, რომ ღარიბი ადამიანის ხელმისაწვდომობა ფუფუნების საგანზე იზრდება. ეს კიდევ ერთი ილუზიაა, რომელიც მიზეზ-შედეგობრივი კავშირების არასწორი აღქმის შედეგია. ბუნებრივია, ადამიანს სურს ასეთი მომსახურების მიღება, მისი მოთხოვნილებები უსაზღვროა. იგი უბილეთო მგზავრია და, სავარაუდოდ, „საჩუქრის" მიღებაზე უარს არასდროს ამბობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას ეს „საჩუქარი" უღირს დამატებითი შემოსავლის ფასად.

თქვენ შესაძლებელია ახლობელს აჩუქოთ ნივთი, რომელიც მას გაუხარდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ფულის მიცემის შემთხვევაში, აღნიშნული ნივთის სანაცვლოდ, იგი სწორედ ამ ნივთს შეიძენდა. ჩვენ ყველა რაღაცას ვთმობთ რაღაცის სანაცვლოდ. ვახდენთ ალტერნატივების ფორმულირებას, შეფასებას და შერჩევას. ეს ყოველდღიური გადაწყვეტილებაა და ჩვენი კმაყოფილების ხარისხი მატულობს მაშინ, როდესაც ნივთის ფასეულობა, რომელიც შევიძინეთ, აღემატება იმ ნივთის (დამატებითი შემოსავალი) სარგებელს, რომელიც დავთმეთ.

თითოეულის არჩევანი ადამიანის პრეფერენციების შკალაზე ინდივიდუალურია და, მაშასადამე, პრეფერენციების განზოგადებაც შეუძლებელია. როდესაც სახელმწიფო საზოგადოებას სთავაზობს უფასო მომსახურებას, რატომ არ უჩნდებათ სახელმწიფო მოხელეებს მარტივი შეკითხვა, უღირთ კი საზოგადოების უმრავლეს და ღარიბ წევრებს ეს საჩუქარი ამ დამატებითი შემოსავლის საფასურად? შესაბამისად, საზოგადოებას ვთავაზობთ იმას, რაზეც ადამიანები მოთხოვნას (და არა მოთხოვნილებას) არ ქმნიან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ვამზადებთ იმას, რასაც არავინ იყიდის, როდესაც გადაწყვეტილებას შეძენაზე იღებს ის, ვისთვისაც მზადდება და არა ის, ვინც ამზადებს. ამ შემთხვევაში, რამდენად სწორი იქნება საუბარი იმაზე, რომ ფუფუნების საგნების ხელმისაწვდომობა იზრდება?

თუ ყოველივეს კარგად გავიაზრებთ, შევძლებთ მიზეზებსა და შედეგებს შორის სწორი კავშირების დანახვას და ადვილად დავრწმუნდებით, რომ აღნიშნულ მომსახურებათა ხარისხი და რაოდენობა დროთა განმავლობაში შემცირდება, ხოლო მათ შექმნაზე დახარჯული რესურსების რაოდენობა და ძალისხმევა გაიზრდება, რაც ყოველ მომდევნო წელს საზოგადოების თითოეულ წევრს უფრო მძიმე არჩევანის წინაშე დააყენებს, დათმოს ის ფასეულობაც, რის მიღებასაც ახერხებს დღეს. საქართველოში ბევრი ადამიანი გამდიდრდა საზოგადოებრივი ქონების გადანაწილების საფუძველზე. მათ შორის, სავარაუდოდ, ბევრი ყოფილი სახელმწიფო მოხელეა. მანამდე, სანამ ხელისუფლებას ექნება სიმდიდრის გადანაწილების ლეგიტიმური უფლება, ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება, რადგან ეს ყველა ქვეყანაში ხდება, კანონზომიერებაა და საქართველო აქ გამონაკლისი ვერ იქნება. როდესაც მდიდარი საზოგადოების იმ მცირე ნაწილს, რომელმაც შეძლო სწორი ალტერნატივების შერჩევით კაპიტალის დაგროვება საკუთარი რისკის ფასად, ვართმევთ რესურსს უტოპიური იდეების განსახორციელებლად, სწორედ ეს არის ყველაზე დიდი „სისულელე", რაც კი ადამიანმა კაცობრიობის ისტორიაში გამოიგონა და განახორციელა. რატომ არ უჩნდებათ სახელმწიფო მოხელეებს მარტივი შეკითხვა, რის ხარჯზე უნდა განვითარდეს ეკონომიკა?

თუმცა, პრობლემა არ არის მხოლოდ სახელმწიფო მოხელეში. სახელმწიფო მოხელეს აქვს თანამდებობა და მაშასადამე, უფლებამოსილება, ანუ საზოგადოებრივი რესურსების განაწილების უფლება, ხოლო უფლებამოსილება მას ანიჭებს ლეგიტიმურ ძალაუფლებას. ძალაუფლებას კი გამოყენება სჭირდება და სახელმწიფო მოხელეებსაც სჯერათ, რომ მათ შეუძლიათ ძალაუფლების ხალხის საკეთილდღეოდ გამოყენება, რაც თავისი არსით გულისხმობს სწორედ ზემოხსენებული „საჩუქრების" კეთებას. ამდენად, პრობლემა თითოეულ ჩვენგანშია, რადგან გამოვთქვამთ მზადყოფნას, რომ არჩევნებიდან არჩევნებამდე ადამიანთა გარკვეულ წრეს მივანიჭოთ ის უფლებამოსილება, რომელიც უკეთეს დაპირებებს ან „საჩუქრებს" გვთავაზობს.

ჩვენ არ გვსურს „საჩუქრის" შექმნაში მონაწილეობის მიღება, მასზე პასუხისმგებლობის აღება, რადგან ასეთ შემთხვევაში, მოგვიწევს სანაცვლოდ „მსხვერპლის" გაღება. ჩვენ ვითხოვთ, რომ მსხვერპლი სხვამ გაიღოს, ე.ი. გადაწყვეტილება ჩვენ მაგივრად სხვამ მიიღოს. ხოლო ის, ვინც იღებს გადაწყეტილებებს, ითხოვს ძალაუფლებას, ამომრჩეველიც მზად არის მისცეს ძალაუფლება ადამიანთა ჯგუფს მომდევნო პოლიტიკურ ციკლამდე, ხოლო როდესაც ამომრჩეველი უკმაყოფილოა მისთვის მიწოდებული საჩუქრების რაოდენობით და ხარისხით, ირჩევს პოტენციურ სახელმწიფო მოხელეთა სხვა ჯგუფს, რომელთაც ანიჭებს ძალაუფლებას და ამ პროცესში არავის აზრად არ მოსდის ის, რომ პრობლემა არის არა ძალაუფლების გამოყენებაში, არამედ მის გადაცემაში. უბილეთო მგზავრის ფსიქოლოგია სჭარბობს რაციონალურ აზროვნებას.

დროის პერიოდი, რისი მიღწევაც შესაძლებელია გაღებული მსხვერპლის საფასურად, ანუ საკუთარი გადაწყვეტილებით გაკეთებული არჩევანის შედეგად, გრძელვადიანია. სავარაუდოდ, ადამიანი, სასიცოცხლო ციკლის პერიოდში, ამას ვერ მოესწრება. ამდენად, ამომრჩეველს იმედი აქვს, რომ ძალაუფლების მქონე ჯგუფი, სხვა პირების რესურსების კონფისკაციის ხარჯზე მოახერხებს დაპირების შესრულებას და საჩუქრის დამზადებას. და რადგან უბილეთო მგზავრი არ მონაწილეობს საჩუქრის დამზადებაში, ნაკლებად აინტერესებს ფასი, ანუ ის მსხვერპლი, რომელიც, საერთო ჯამში, საზოგადოებამ უნდა გაიღოს მის დასამზადებლად. პრობლემაც სწორედ ის არის, რომ ეს მხოლოდ იმედია, უტოპიაა და ვერასდროს იქცევა რეალობად, რადგან ადამიანის კმაყოფილება მხოლოდ მაშინ გაიზრდება, როდესაც საჩუქარში გამოხატულ ფასეულობას მიიღებს არჩევანის გაკეთების საფუძველზე, ე.ი. რაღაცის დათმობის ხარჯზე, სადაც მიღებული სარგებელი გადააჭარბებს იმას, რაც დათმო.

კეთილდღეობის წყარო არ შეიძლება იყოს საჩუქარი, მაგრამ საკუთარი შრომის სანაცვლოდ სარგებლის მიღება ნამდვილად წარმოადგენს კეთილდღეობის საფუძველს. უბილეთო მგზავრი საჩუქრის იმედად ანდობს გადაწყვეტილების მიღებას სხვას და, შესაბამისად, კარგავს თავისუფლებას. უბილეთო მგზავრები ოცნებობენ და საკუთარ იმედებს საჩუქრებზე აფუძნებენ, ეს არის და ეს, რისი მიღწევაც შეუძლია მეოცენებე ადამიანთა ჯგუფს, რომელსაც მე, ვერ ვუწოდებ საზოგადოებას, რადგან მხოლოდ თვისუფალ ადამიანებს შეუძლიათ საზოგადოების ჩამოყალიბება.


თუ სისტემას, რომელსაც ამჟამად ვაშენებთ, მეოცნებენი ეძახიან დემოკრატიას, მაშინ მე მას ვუწოდებ „იდიოკრატიას". თუ უბილეთო მგზავრისთვის ეს არის იდეალური სისტემა, თავისუფალი ადამიანისთვის ეს არის მონობის ტოლფასი სისტემა. არასდროს, კაცობრიობის განვითარების არცერთ ეტაპზე, იდიოკრატიას (დემოკრატიის თანამედროვე კონცეფციას) არ ჰყოლია იმდენი მიმდევარი მსოფლიოში, რამდენიც ჰყავს დღეს. ჩვენ ინერციით მივყვებით მსოფლიო მოდას, ტენდენციებს. ვხელმძღვანელობთ იმ ქვეყნების მაგალითებით, როგორიცაა აშშ, გერმანია, საფრანგეთი და სხვა. თუმცა, დაფიქრება გვმართებს იმაზე, რომ დღევანდელი დასავლური ქვეყნების ეკონომიკური წარმატების ნებისმიერი კვლევის მიხედვით, მათი სწრაფი ზრდის პერიოდი მიეკუთვნება დროს, როდესაც მათი „იდიოკრატიის" ხარისხი იყო დაბალი, ხოლო ეკონომიკის თავისუფლების ხარისხი – მაღალი. ჩვენთვის ყველა დაკარგული წუთი უფრო ძვირად ფასობს, ვიდრე მათთვის, რადგან ჩვენგან უფრო შორსაა ის ფასეულობები, რომლის მიღებაც გვწყურია. შესაბამისად, ჩვენ უფრო მეტად ვოცნებობთ, ვიდრე ისინი. ამდენად, ჩვენ უფრო მეტად გვმართებს იმაზე დაფიქრება, რომ იდიოკრატიის (თანამედროვე დემოკრატიის) შედეგად, 50 წლის შემდეგ ისევ იქ ვიქნებით, სადაც ვართ დღეს.

აქ მხოლოდ ერთი გამოსავალია, ეკონომიკურ ზრდაზე დაფუძნებული ისეთი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც იარსებებს სულ მცირე 50 წელი მაინც და რომელსაც ვერ შეცვლის ვერცერთი ხელისუფლება. ეკონომიკურ ზრდაზე დაფუძნებული სისტემა გულისხმობს ადამიანების მიერ ხელისუფლებისთვის დღევანდელთან შედარებით ბევრად ნაკლები რაოდენობის უფლებამოსილებათა დელეგირებას, რაც მთავრობას შეუმცირებს ძალაუფლებას და ვალდებულებებს. შესაბამისად, დამატებითი რესურსების განაწილების უფლებას მიიღებენ ადამიანები და ეს გაზრდის მათ პასუხისმგებლობას არჩევანის გაკეთების პროცესში, რაც გამოიხატება გადაწყვეტილების მიღების შედეგში. მოკლედ რომ ვთქვათ, საუბარია ხელისუფლებისთვის იმ მინიმალური რაოდენობის რესურსების განაწილების უფლების დატოვებაზე, რომელიც საჭიროა მხოლოდ ისეთი ფასეულობების შესაქმნელად, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანისთვის პირადი და კერძო საკუთრების გარანტიებს და ხელშეუხებლობას. ეს ფასეულობებია: პოლიტიკა, პროცედურა, წესები და ადმინისტრირება, რომელიც ემსახურება უსაფრთხოების, უშიშროების, თავდაცვის, საგარეო პოლიტიკის, უნარშეზღუდულთა მომსახურების და ზოგიერთი უარყოფითი გარეგანი ეფექტის პრევენციის უზრუნველყოფას.

აღნიშნული ფასეულობები წარმოადგენს საზოგადოებრივი პროდუქტისა და მომსახურების იმ ნაწილს, რომელზეც საზოგადოების დიდი უმრავლესობა თანხმდება, რომ: ა) სახელმწიფოს შეუძლია მათი მიწოდება დაბალი დანახარჯებით და ეფექტიანად და ბ) აღნიშნული ფასეულობების გარეშე შეუძლებელია კერძო საკუთრებაზე დაფუძნებული საზოგადოების მშენებლობა. ამრიგად, ხელისუფლების ვალდებულებები ძალაუფლებასთან ერთად მნიშვნელოვნად და კონსტიტუციით უნდა შემცირდეს. უბილეთო მგზავრებს საჩუქრების მოლოდინი აღარ ექნებათ და არც მომავალ ხელისუფლებას დასჭირდება არჩევნებში გასამარჯვებლად დაპირებების შეთხზვა.

ძალაუფლების შემცირება, პირველ რიგში, ნიშნავს საგადასახადო ტვირთის შემცირებას. ზემოაღნიშნული ვალდებულებების შესასრულებლად, მთლიანი შიდა პროდუქტის 5-7%-იც საკმარისი იქნება. შედეგად, გამოთავისუფლებულ რესურსებს გადაანაწილებს ბაზარი, რაც გულისხმობს: ადამიანი, ან ადამიანთა ჯგუფი, რომელიც აღარ იხდის გადასახადს სახელმწიფოს სასარგებლოდ, თავად განსაზღვრავს, როგორ, სად და რა რაოდენობით დახარჯოს გამოთავისუფლებული რესურსი. იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანები სარგებელს პოულობენ ურთიერთხელსაყრელ გაცვლაში, რესურსები საზოგადოებაში გადანაწილდება იმ პრინციპით, რომ რესურსი შეიძენს მესაკუთრეს, რომელსაც სხვებზე ეფექტიანად შეეძლება მისი განკარგვა და სიმდიდრის დაგროვება. ეს ბაზრის პრინციპია. ასე იქმნება საბაზრო, ანუ თავისუფალი ადამიანებისგან შექმნილი საზოგადოება. ყველა სხვა შესაძლო ალტერნატივებს შორის, ღარიბი ადამიანისთვის, შემოსავლის ზრდის და ნანატრი ფასეულობის მიღების ეს გზა ყველაზე რეალურია.

ბუნებრივია, ეს მეტად მტკივნეული რეფორმაა, რომელიც საზოგადოების დიდი ნაწილის უკმაყოფილებას გამოიწვევს, რადგან ბევრი არარსებულ და მხოლოდ დაპირებულ საჩუქარს დაკარგავს. თუმცა, ყოველი დაკარგული წუთი ნიშნავს, რომ მომავალში ხელისუფლებას მოუწევს უფრო მძიმე არჩევანის გაკეთება. არჩევანის სიმძიმეს კი განაპირობებს ის ფაქტი, რომ დაპირება ადვილია, მაგრამ იდიოკრატიულ სისტემაში ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმა თითქმის შეუძლებელი ხდება. თუ სტატისტიკას გადავხედავთ, ადვილად დავრწმუნდებით, რომ დაპირებათა რაოდენობა დროთა განმავლობაში იზრდება, რადგან პოლიტიკურ კონკურენციაში გამარჯვებას მნიშვნელოვნად განაპირობებს კრეატიული დაპირებები. ასევე, მეტი ძალაუფლების მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს ხელისუფლების მხრიდან უფრო მეტი ვალდებულების აღება.

დღეს ხელისუფლება სულ უფრო მეტად საუბრობს ე.წ. მოჩვენებით ეკონომიკურ ზრდაზე იმისთვის, რომ დააკნინოს წინა მთავრობის მიღწევები. არავინ დავობს, რომ წინა მთავრობამ სავარაუდოდ ბევრი შეცდომა დაუშვა, მაგრამ ეკონომიკური ზრდის სწრაფი ტემპი ნამდვილად რეალური იყო და ის სწორედ 2005 წლის რეფორმამ განაპირობა. მას მერე დაშვებული ბევრი შეცდომა რომ არა, შედეგი უფრო თვალში საცემი იქნებოდა. ეს ბევრმა მაღალრეიტინგულმა ორგანიზაციამ არაერთგზის გააჟღერა სხვადასხვა კვლევებსა თუ დასკვნებში. სწორედ რეფორმის ეს გზა უნდა გაგრძელდეს და იმისთვის, რომ მივიღოთ შეზღუდული ხელისუფლების (Limited Government) ის მოდელი, როგორიც მსჯელობაში ავსახეთ, აუცილებელია, დაუყოვნებლივ გადაიდგას ნაბიჯები შემდეგი მიმართულებით:

• უარი უნდა ითქვას ყველა დამატებით სოციალურ ვალდებულებაზე, რომელიც ხელისუფლებამ იტვირთა 2014 წლის ბიუჯეტით;

• მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს ხელისუფლების მიერ საშინაო ან/და საგარეო ვალის დამატებით აღების შესაძლებლობა. არცერთ ამომრჩეველს არ დაუვალებია ხელისუფლებისთვის ვალის სანაცვლოდ საჩუქრის კეთება. ამდენად, უნდა შეიქმნას საკონსტიტუციო გარანტიები, რომ ხელისუფლება მომავალში ვეღარ შეძლებს ვალის აღებას;

• დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს სუბსიდირების პოლიტიკა. სუბსიდირება ზღუდავს კონკურენციას. სუბსიდირების შედეგად ხდება რესურსების განიავება და მათი არასწორად გამოყენება. სუბსიდირებით სარგებლობს საზოგადოების მხოლოდ მცირე ჯგუფი დანარჩენი საზოგადოების ხარჯზე. სუბსიდირება დამატებით ტვირთად აწევს ქვეყნის ეკონომიკას;

• გავაუქმოთ ყველა საბაჟო ტარიფი და შეზღუდვა. სავაჭრო შეზღუდვები ქმნის მოჩვენებით ილუზიებს იმაზე, რომ ხელს უწყობს ეკონომიკის ზრდას. სავაჭრო შეზღუდვები ასტიმულირებს ადგილობრივი წარმოების ზოგიერთ მიმართულებას გაზრდილი ფასის ხარჯზე, რომლის გადახდაც უწევს დანარჩენ საზოგადოებას. მყიდველთა დანაკარგები აღემატება ბენეფიციართა სარგებელს. შედეგად, ჯამური კეთილდღეობა მცირდება. ასევე, მცდარია შეხედულება, რომ სავაჭრო შეზღუდვები ხელს უწყობს ექსპორტის ზრდას და იმპორტის შემცირებას. დასაწყისში, იმპორტის რაოდენობა მცირდება, ეს იწვევს ლარის გამყარებას, რაც აიაფებს იმპორტს და აძვირებს ექსპორტს და ადგილობრივ წარმოებას. შესაბამისად, მცირდება ექსპორტიც. საერთო ჯამში, სხვაობა ექსპორტსა და იმპორტს შორის არ იცვლება. სავაჭრო შეზღუდვის შედაგად, მცირდება როგორც იმპორტის, ასევე ექსპორტის რაოდენობაც;

• შევწყვიტოთ საუბარი რეგულაციების შემოღებაზე. ეს მხოლოდ აზიანებს საინვესტიციო გარემოს. ბაზარზე შეღწევის ბარიერი შესაძლებელია შექმნას მხოლოდ იმ ინსტიტუტმა, რომელსაც გააჩნია იძულებითი ძალაუფლება და მაშასადამე, ხელისუფლებამ. ნებართვები, ლიცენზიები, მოსაკრებლები, შრომის კოდექსი, კონკურენციის ხელშემწყობი კანონმდებლობა, მარეგულირებელი სააგენტოები არ ემსახურება ე.წ. ბაზრის ხარვეზის გამოსწორებას. თუმცა, ქმნის ბაზარზე შეღწევის ბარიერებს და ამცირებს ბაზრის მოცულობას. გარდა ამისა, იქმნება რეალური საშიშროება, რომ ხელისუფლების წარმომადგენელს გაუჩნდება კერძო ინტერესი, ისარგებლოს მინიჭებული ძალაუფლებით, რაც კიდევ უფრო შეამცირებს კერძო ინიციატივების რაოდენობას ბაზარზე. ეს ყველა ქვეყანაში ხდება და ამას „კრონიკაპიტალიზმს" (cronycapitalism) ეძახიან;

• სამართლიანობის აღდგენა ქმნის ხელისუფლების მიერ ქონების ხელახალი გადანაწილების მოლოდინს. ის ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ დაზარალდნენ წინა მთავრობის მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგად, უნდა ეძებდნენ სამართალს მხოლოდ სასამართლოს მეშვეობით. ეს არის სამართლიანობის აღდგენის ერთადერთი გზა. ყველა სხვა მცდელობა გამოიწვევს მთავრობის მიერ ქონების ხელახალ გადანაწილებას, რაც მნიშვნელოვნად დააზარალებს ქვეყნის ეკონომიკას;

• უნდა გაუქმდეს ნებისმიერი შეზღუდვა უცხოელი პირის მიერ საკუთრების შეძენასა და მის გამოყენებაზე. თუნდაც ეს ეხებოდეს მიწას ან მის წიაღში არსებულ ბუნებრივ რესურსებს;

• უნდა გაგრძელდეს პრივატიზების პროცესი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბალანსზე არსებული საწარმოები უნდა გასხვისდეს, მათ შორის – საქართველოს რკინიგზაც. უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება, სადაც კერძო სექტორი ბუნებრივ მონოპოლიებშიც კარგად ოპერირებს;

• სწრაფი ნაბიჯებით უნდა გადავიდეთ კერძო საპენსიო სისტემაზე. ყოველი დაკარგული წუთი ნიშნავს დამატებით წლებს, რომ ხელისუფლებას, შემცირების ნაცვლად, ვალდებულებები უფრო გაეზრდება;

• თანდათანობით უნდა შემცირდეს სოციალური პროექტების დაფინანსება. უნდა დადგინდეს სოციალური პაკეტის საზღვრები, რომელსაც ვერ შეცვლის ვერცერთი მთავრობა გრძელვადიან პერიოდში. ასევე, უნდა განისაზღვროს ის ვადები, როდესაც ხელისუფლება უზრუნველყოფს მხოლოდ მინიმალური რაოდენობის სოციალური ვალდებულებების შესრულებას;

• მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს ინფრასტრუქტურული პროექტების რაოდენობა. გზები და კომუნიკაციები არის მხოლოდ ის შეზღუდული ჩამონათვალი, რომლითაც უნდა შემოიფარგლოს სახელმწიფოს ეკონომიკაში მონაწილეობა. როდესაც ინფრასტრუქტურული პროექტების მიზანს წარმოადგენს უმუშევრობის შემცირების მცდელობა, ეს უკვე ეკონომიკის განვითარების საფრთხეს ქმნის გრძელვადიან პერიოდში;

• აუცილებელია მკაცრი და გრძელვადიანი მონეტარული დისციპლინის უზრუნველყოფა. ეროვნული ბანკის მარეგულირებელ შეზღუდვებს ან/და ღია სავაჭრო ოპერაციებს არანაკლებ სერიოზული ზიანის მოტანა შეუძლია ქვეყნის ეკონომიკისთვის. ფულის მიწოდების ზრდა შესაძლებელია განპირობებული იყოს მხოლოდ ეკონომიკური ზრდით და არა რაიმე სხვა მოსაზრებებით, რომელიც ეხება მოკლევადიანი რყევების აღმოფხვრას ან/და საარჩევნო ციკლების დაფინანსებას. ფასი პროდუქტზე, ლარის კურსი და საპროცენტო განაკვეთი არის ის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელსაც ეფუძნება ადამიანებს შორის ურთიერთხელსაყრელი სავაჭრო გარიგებები. რომელიმე მათგანის დამახინჯება ქმნის ცრუ წარმოდგენებს და ხელს უშლის ეკონომიკის განვითარებას;

• უნდა გამარტივდეს საგადასახადო ადმინისტრირების წესი. არავის არ უნდა ჰქონდეს კერძო საკუთრებაში შესვლის, წარმოების დალუქვის ან/და დაყადაღების უფლება სასამართლო ნებართვის გარეშე. შემოწმების ვადები და აქტივობები უნდა დადგინდეს მკაცრად განსაზღვრული პროცედურების და წესების მიხედვით. ამასთან, სწრაფად უნდა ამოქმედდეს კერძო არბირტაჟის სისტემა. საგადასახადო დავების დროს, მტკიცების ტვირთი უნდა დაეკისროს ხელისუფლებას და არა კომპანიას;

• მკაფიოდ უნდა განისაზღვროს ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც მიმართული იქნება როგორც ვალდებულებების, ასევე უფლებამოსილებათა შემცირებისკენ. შესაბამისად, ყოველწლიურად უნდა შემცირდეს საგადასახადო განაკვეთები, სადაც ლომის წილი უკავია დამატებული ღირებულების გადასახადს. ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი უნდა იყოს ის, რომ საგადასახადო შემოსავლის სიდიდე არ უნდა აღემატებოდეს მთლიანი შიდა პროდუქტის 10-11%-ს უახლოესი 7-8 წლის განმავლობაში.

• ეს პოლიტიკა უნდა იყოს გარანტირებული და ხელშეუხებელი. მას ვერ უნდა ცვლიდეს ქვეყნის ვერცერთი მთავრობა.

მხოლოდ ამ ღონისძიებათა გატარების შედეგად მიიღწევა ეკონომიკის თავისუფლების მაღალი ხარისხი. სწორედ ამაში მდგომარეობს შეზღუდული მთავრობის (Limited Government) კონცეფცია. ეს არის სწრაფი ეკონომიკური ზრდისთვის საფუძვლების წინაპირობების შექმნის უალტერნატივო გზა. ხელისუფლების უფლებამოსილებათა და ვალდებულებათა კონსტიტუციური შეზღუდვის მოდელი ძირეულად ემიჯნება დემოკრატიული მმართველობის იმ პრინციპებს, რომელსაც ვამკვიდრებთ.
აქედან გამომდინარე, დღეს, ჩვენ ვქმნით „იდიოკრატიას" და არა საზოგადოებას.

კომენტარები