ნაციონალური მოძრაობის აქცია

კანცელარიასთან ნაციონალური მოძრაობის აქცია დასრულდა

სახელმწიფო კანცელარიასთან ნაციონალური მოძრაობის აქცია დასრულდა. რუსთველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა უკვე აღდგა.

აქციაზე ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა და მხარდამჭერებმა "მშვიდობის ბუშტები" გაუშვეს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ამ ბუშტებით ისინი ამბობენ სათქმელს - "ჩვენ გვინდა მშვიდობა, გვინდა სამართლიანობა. არა ტოტალიტარიზმს! ამის ნიშნად ჰაერში გავუშვათ ეს ბუშტები".

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის გოკა გაბაშვილის განცხადებით, "ნაყაჩაღარი გენერალური პროკურორის მიერ ზეწოლის შედეგად, არჩეული მერის ღამის საათებში გადაყენება არის ფუნდამენტური პრობლემა, რომელიც სცდება ნაციონალურ მოძრაობას". მისი თქმით, სწორედ ამის დემონსტრირებისთვის მოაწყვეს სიმბოლური აქცია.

"ეს ნიშნავს იმას, რომ შესაძლოა, არჩევნებმა დაკარგოს აზრი და ნებისმიერი არჩეული პირი, რომელიც ამ ხელისუფლებას არ მოეწონება, ღამის საათებში გადააყენონ. ჩვენი სიმბოლური აქციის და მსვლელობის მიზანია იმის ჩვენება, რომ მხოლოდ ერთი პარტიის და რამდენიმე კონკრეტული ადამიანის პრობლემა არ არის, როცა ნაყაჩაღარ გენერალურ პროკურორს პატიმრები ციხიდან გამოყავს და მათზე ზეწოლას ახორციელებს. არჩეული ქალაქის მერის გადაყენებას კი ახდენს ღამის საათებში, მისი თანდასწრების გარეშე", - განაცხადა გაბაშვილმა და აღნიშნა, რომ ნაციონალური მოძრაობა მომავალშიც გააგრძელებს საპროტესტო აქციების ორგანიზებას.

კომენტარები