სახელმწიფო შესყიდვები

ენმ: ფარცხალაძის კომფორტისთვის სახელმწიფომ 174 000-ლარიანი ჯიპი შეიძინა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, ხელისუფლების სხვადასხვა შტოები უახლესი და ძვირი მანქანების შეძენის თვითმიზნური კამპანიით არიან დაკავებულები. პარტიაში აღნიშნავენ, რომ საზოგადოებას ახსოვს მმართველი ძალის მცდელობა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მიერ ძვირადღირებული 2014 წლის მოდელის ავტომობილის შეძენის ფაქტი იზოლირებულ ინციდენტად გაესაღებინა. ნაციონალური მოძრაობის წევრების თქმითვე, ქართული ოცნების მთავრობას დახვდა გამართული და თანამედროვე ავტოპარკი, რომელიც განახლების მწვავე აუცილებლობას არ განიცდის.

"მაშინ როცა საქართველოს მთავარი პროკურორის გერმანიაში ყაჩაღობასა და ქურდობის გამო ნასამართლობას ქართული ოცნებიდანაც ეჭვქვეშ აღარავინ აყენებს, როცა საზოგადოებისთვის ნათელია, რომ ბ-ნ ფარცხალაძეს ამავე დროს არ გააჩნია შესაბამისი განათლება, აღმოჩნდა, რომ სახელმწიფომ მისი პირადი კომფორტისათვის 174 ათას ლარად ღირებული ჯიპი შეიძინა. მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გადაყენების ნაცვლად, მის კომფორტზე ასეულ ათასობით ლარის ხარჯვა უარესად შეურაცხმყოფელია თითოეული მოქალაქისათვის.

ქალბატონი ირინა იმერლიშვილი, რომელმაც საზოგადოებას თავი უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს მასპინძლობისთვის წინა ხელისუფლების მიერ გაწეული ხარჯების ფრიალით დაამახსოვრა, ასევე დაკავებულია საკუთარი კომფორტით. მან თანამდებობაზე დანიშვნისთანავე შეიძინა 78 ათასი ლარის ღირებულების "ტოიოტა პრადო". ძვირადღირებული Iphone 5s მობილური ტელეფონების შესაძენად კი, უშიშროების საბჭომ თითქმის 50 ათასი ლარი დახარჯა.

ზემოჩამოთვლილი არასრული ფაქტები ერთის მხრივ აჩვენებს ხელისუფლების არათანამიმდევრულობას წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებაში. მაგრამ კიდევ უფრო შემაშფოთებელია, რომ ეს ყველაფერი ხდება არა წინა წლებისთვის დამახასიათებელი ეკონომიკური ზრდის პირობებში, არამედ იმ ფონზე, როცა სახელმწიფო ბიუჯეტში გარღვევამ ანუ დანაკლისმა მიაღწია რვაას მილიონ ლარს, ეკონომიკას დააკლდა მილიარდნახევარი ლარი, იზრდება უმუშევრობა და სიღარიბე, ხოლო მომავალ წელს მთავრობა აპირებს ქართველი ხალხი დაამძიმოს მილიარდ 600 მილიონი ახალი ვალით და, ამავე დროს, 2014 წელი იქნება პირველი წელი, როცა არ იზრდება პენსია. მეტიც, ჩინოვნიკებს, მათ შორის - მაღალი თანამდებობის პირებს, რომელთაც ხელფასი ისედაც რამდენიმე ათასი ლარი აქვთ, ანაზღაურება ეზრდებათ 137 მლნ ლარით", - აცხადებს ნაციონალური მოძრაობა.

შეგახსენებთ, რომ ორი კვირის წინ, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ვიცეპრემიერმა კახი კალაძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელი ავთანდილ ბერიძე ძვირადღირებული ავტომობილის შესასყიდად გამოცხადებული ტენდერის გამო გააკრიტიკეს. კალაძემ აღნიშნა, რომ ბიუჯეტის ხარჯზე ძვირადღირებული მანქანების შეძენა არასწორია. მისივე თქმით, ავთადილ ბერიძის საკითხს პარტიის უახლოეს სხდომაზე განიხილავდნენ. ამის შემდეგ, ბერიძემ განაცხადა, რომ ტენდერში გამარჯვებულ კოპანიასთან ხელშეკრულებას აღარ გააფორმებდა, ხოლო პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, რომ იქმნება ახალი საერთო წესი, რომლის მიხედვითაც, სამინისტროები ავტომობილებს ერთიანი სტანდარტით შეიძენენ.

კომენტარები