ენმ რუსეთთან ურთიერთობაზე

ენმ: მთავრობის ტერმინოლოგიის ცვლილებით რუსეთს საშუალება ექმნება გაძლიერდეს

Geonews.ge

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საკანონმდებლო სივრცეში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საერთაშორისო ლეგიტიმაციისთვის მნიშვნელოვანი ტერმინოლოგიის ცვლილების გამო შეშფოთებას გამოთქვამს - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის განცხადებაშია ნათქვამი. 

ნაციონალურ მოძრაობაში მიაჩნიათ, რომ მსგავსი ტერმინოლოგიური მანიპულაციებით იქმნება ნიადაგი, რომ რუსეთს საშუალება მიეცეს, დაუბრუნდეს თავისი როლისა და საქართველოს ტერიტორიებზე წლების წინ გაჩაღებული აგრესიის 1992-1994 წლების ფორმულას, რომლის თანახმად კონფლიქტი შიდა ქართულია, საზოგადოება გაყოფილია ეთნიკურ ნიადაგზე, ხოლო რუსეთი - შუამავალი. 

"ეს კლიშე საერთაშორისო დონეზეც იყო დამკვიდრებული შევარდნაძის დროს, რაც გამორიცხავდა ტერიტორიული მთლიანობისათვის მიმდინარე ძალისხმევის ინტერნაციონალიზაციას და საქართველოს რუსეთის მძევლად აქცევდა. ოპონენტთა მტკიცება, რომ ახლახან მიღებული კანონი განათლებას ეხება და ოკუპაციის ნიუანსები იქ განსახილველი არაა, დემაგოგიაა - ნებისმიერი საკანონმდებლო აქტი, რომელიც საოკუპაციო ხაზის ცნებას გამყოფი ხაზის სრულიად სხვა დატვირთვის მქონე ფორმულით ჩაანაცვლებს, რუსეთს გამოადგება შემდგომი დაწოლისათვის როგორც ორმხრივ ურთიერთობებში, ისე საერთაშორისო ასპარეზზე, რათა საქართველოს დაუბრუნოს არშემდგარი, ეთნიკური კონფლიქტებით მოცული ქვეყნის იმიჯი და მოიხსნას პასუხისმგებლობა. მივიჩნევთ, რომ ამ რუსულ განზრახულობაში ქართული პარლამენტის ნებსით თუ უნებლიეთ ჩართულობა უდიდესი საფრთხეა", - აღნიშნულია პარტიის განცხადებაში. 

ნაციონალური მოძრაობა უკმაყოფილოა იმ ფაქტით, რომ ქართული ოცნება რუსეთის ფედერაციისთვის მიუღებელი ტერმინების გამოყენებას უარყოფს.

"გვესმის რა მტკიცება იმისა, რომ საქართველო არ უნდა იყოს წინააღმდეგობის საგანი დასავლეთისა და რუსეთის ურთიერთობებში, ვიღებთ ჩვენი ნაციონალური ინტერესების გამომხატველი ფორმულების გაუქმებას, რომლის უკანაც იკვეთება საფრთხე იმისა, რომ საქართველომ თავად მოუხსნას პასუხისმგებლობა რუსეთს დარღვეული ტერიტორიული მთლიანობის გამო. სულ ცოტა ხნის წინ შეეცვალა სახელი რეინტეგრაციის სამინისტროს, დღეს კი, კანონში უმაღლესი განათლების შესახებ ტერმინს, საოკუპაციო ხაზი, ანაცვლებს ახალი ფორმულირება "გამყოფი ხაზი", - აღნიშნულია განცხადებაში. 

 

კომენტარები