საქართველოს პარლამენტი

ახალი კანონპროექტი საჭაპანო ტრანსპორტს და მეხრეს რეგულაციებს უწესებს

საქართველოს პარლამენტი
RFE/RL

საქართველოს პარლამენტი მესამე მოსმენით განიხილავს კანონპროექტს საგზაო მოძრაობის შესახებ. კანონპროექტი არეგულირებს ყველანაირი ტრანსპორტის მოძრაობას, მათ შორის, საჭაპანო ტრანსპორტისაც, რომელიც შემდეგნაირად არის განმარტებული: თვლიანი ან უთვლო სატრანსპორტო საშუალება ძრავას გარეშე, რომელიც გზაზე მასში შებმული პირუტყვის ძალის მეშვეობით გადაადგილდება. იქვეა განმარტებული ტერმინი მეხრეც, რომელიც კანონპროექტის მიხედვით, ნიშნავს გზაზე სასაპალნე, შესაბმელი ან დასაჯდომი პირუტყვის წამყვანს, აგრეთვე პირუტყვის გამრეკს ან გამცილებელს.

კანონპროექტის 22-ე მუხლი დეტალურად აღწერს იმ ზოგად მოთხოვნებს, რასაც კანონპროექტი მეხრეს უყენებს. კერძოდ, ამ კანონპროექტის მიხედვით, გზებზე სასაპალნე, შესაბმელ და დასაჯდომ, აგრეთვე გასარეკ პირუტყვს ყველა შემთხვევაში, უნდა ჰყავდეს მეხრე, რომელიც მუდმივად უზრუნველყოფს მათ მართვას. გზებზე მეხრეობა ნებადართულია 16 წლის ასაკიდან; გზაზე მოძრავი პირუტყვი, აგრეთვე საჭაპანო ტრანსპორტი მეხრემ უნდა მართოს სავალი ნაწილის კიდესთან ყველაზე ახლო მანძილზე ან გვერდულაზე (თუ ეს არ აბრკოლებს ქვეითს) ერთრიგად, მოძრაობის მიმართულების შესაბამისად. ამასთან, კანონპროექტის მიხედვით, საჭაპანო ტრანსპორტს უნდა ჰქონდეს კონსტრუქციით გათვალისწინებული გამართული სადგომი სამუხრუჭო მოწყობილობა და დაგორების საწინააღმდეგო საყრდენები და აღჭურვილი უნდა იყოს მაშუქებით.

კანონპროექტის მიხედვით, საჭაპანო ტრანსპორტის, აგრეთვე დასაჯდომი სასაპალნე პირუტყვის კოლონები გზის სავალ ნაწილზე მოძრაობისას უნდა დაიყოს ჯგუფებად. ამასთან, თითოეულ ჯგუფში სასაპალნე და დასაჯდომი პირუტყვის რაოდენობამ არ უნდა გადააჭარბოს 10-ს, ხოლო საჭაპანო ტრანსპორტის რაოდენობამ - 5-ს. იმისთვის, რომ ამ ჯგუფებმა ერთმანეთს ადვილად გაასწრონ, ჯგუფებს შორის უნდა დარჩეს სათანადო მანძილი: 80-100 მეტრი. 

კანონპროექტის მიხედვით, საჭაპანო ტრანსპორტის მეხრემ გზის მიმდებარე ტერიტორიიდან ან მეორეხარისხოვანი გზიდან იმ ადგილზე გასვლისას, სადაც ცუდი ხილვადობაა, პირუტყვი აღვირით უნდა ატაროს. ამასთან, მეხრემ პირუტყვი, როგორც წესი, დღე-ღამის ნათელ დროს უნდა გადარეკოს. ცალკე პუნქტი არეგულირებს რკინიგზის ლიანდაგებზე პირუტყვის გადარეკვას. 22-ე მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, რკინიგზის ლიანდაგებზე პირუტყვის გადარეკვისას (მეხრეთა რაოდენობის გათვალისწინებით), მთელი ოდენობა უნდა დაიყოს ჯგუფებად. როგორც კანონპროექტი განმარტავს, ამ წესის დაცვა აუცილებელია იმისთვის, რომ მეხრემ თითოეული ჯგუფი უსაფრთხოდ გადარეკოს.

კანონპროექტი იმ ქვეპუნქტებსაც გამოყოფს, რაც მეხრეს ეკრძალება. კერძოდ: პირუტყვის გზაზე უმეთვალყურეოდ მიტოვება; პირუტყვის გადარეკვა რკინიგზის ლიანდაგებზე ამისთვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილების გარდა, აგრეთვე, დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში (სხვადასხვა დონეზე განლაგებული გადასარეკების გარდა) და სხვა გზების არსებობისას, პირუტყვის გარეკვა ასფალტისა და ცემენტ-ბეტონის საფარიან გზაზე.

"თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაიღუპა ან დაშავდა პირუტყვი, რომელიც გზაზე უმეთვალყურეოდ ან პირუტყვის ძოვების ან გარეკვის წესების დარღვევით იმყოფებოდა, მძღოლი თავისუფლდება მისი დაღუპვით ან დაშავებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან", - აღნიშნულია კანონპროექტში. 

კომენტარები