უგულავას საქმე

უგულავა: სასამართლოზე ზეწოლა ხორციელდებოდა და მზად ვარ ამაზე ჩვენება მივცე

გიგი უგულავა
iveroni.com.ge

ჩემთვის უფლებამოსილების შეჩერება თუ გადაყენება დადგმული სპექტაკლი იყო - ამის შესახებ გიგი უგულავამ განაცხადა.

უგულავას თქმით, შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი ზვიად ჯანყირაშვილი სასამართლოზე ზეწოლას ახორციელებდა და მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, პოლიტიკური ხასიათისაა.

”სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ წინასწარ ვიცოდი იმიტომ, რომ მქონდა ინფორმაცია სასამართლოზე ზეწოლის შესახებ. ეს ზეწოლა ხორციელდებოდა შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის ზვიად ჯანყარაშვილის მიერ. მისი მანქანები სანამ ღამის პირველ საათზე მოსამართლემ არ მიიღო გადაწყვეტილება, სვავებივით დატრიალებდნენ თბილისის საქალაქო სასამართლოს. ჩვენ ხელი არ მიგვიწვდება, თორემ კამერებით ამ ინფორმაციის დადასტურება ძალიან მარტივია. ხორციელდებოდა პირდაპირი ზეწოლა საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეზე, მამუკა ახვლედიანზე” - განაცხადა უგულავამ.  

გიგი უგულავას თქმით, მოსამართლეზე ზეწოლა არის კრიმინალი და ის მზადაა გამოძიებასთან ითანამშრომლოს და დამნაშავეების წინააღმდეგ ჩვენება მისცეს.

”მე შემიძლია მივცე ჩვენება, საიდან მქონდა ინფორმაცია ამ ყველაფერზე, საიდან ვიცოდი წინასწარ სასამართლოს დადგენილება, მაგრამ ბუნებრივია არც იმის ილუზია მაქვს, რომ ამით ვინმე დაინტერესდება” - განაცხადა უგულავამ.

გიგი უგულავამ მერიაში გამართულ შეხვედრაზე ასევე განაცხადა, რომ ის სამართლებრივ ბრძოლას გააგრძელებს, რათა ისეთი პრეცედენტი, რომელიც გუშინ შეიქმნა, აღარ განმეორდეს. 

"სამართლებრივ ბრძოლას აუცილებლად გავაგრძელებ. ეს იქნება საკონსტიტუციო სასამართლო, აპელაცია თუ სხვა რამ. ამას არ გავაკეთებ იმისთვის, რომ რაიმე თანამდებობას ვეკიდები. ჩემი ბუნებიდან გამომდინარე, ჩემთვის თანამდებობა განმსაზღვრელი არასდროს ყოფილა. ამას გავაკეთებ იმისთვის, რომ ქვეყანაში არ დავუშვა იმ სავალალო პრეცედენტის გაგრძელება, რომელიც გუშინ, ღამის პირველ საათზე, ასეთი პარტიზანული მეთოდებით შეიქმნა" - განაცხადა უგულავამ. 

მისივე თქმით, ხელისუფლებამ ბინძურ, სულსწრაფ თამაშში სასამართლოც ჩართო. "ეს პრეცედენტი თავად სასამართლოსთვისვეა ცუდი. დღეის ამას მოყოლებული, ნებისმიერ მთავრობას ექნება ცდუნება და სასამართლო ზეწოლას ვერ გაუძლებს, რომ მისთვის არასასურველი არჩეული პოლიტიკური თანამდებობის პირი ასე პარტიზანულად, საზოგადოების ზურგს უკან, ზეპირი მოსმენის გარეშე გადააყენოს. ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის, არის სამწუხარო, რომ ამ ბინძურ, სულსწრაფ თამაშში ჩართეს სასამართლო" - განაცხადა უგულავამ. 

კომენტარები