უგულავას საქმე

უგულავა: თუ ციხე იქნება, ციხეში წავალ, გაქცევას სიკვდილი მირჩევნია

თუ ციხე იქნება, ციხეში წავალ, გაქცევას სიკვდილი მირჩევნია - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა გიგი უგულავამ დღეს სასამართლო პროცესზე განაცხადა .

ამასთან, უგულავამ აღნიშნა, რომ თუკი სასამართლო პატიმრობას შეუფარდებს, ეს იქნება პოლიტიკურ პროცესებში უხეში ჩარევის მცდელობა.
"ქართული ოცნების" ზევსმა დაგვიტოვა მერობის კანდიდატი და უნდათ მე ჩამომაშორონ პროცესებს" - განაცხადა გიგი უგულავამ.
უგულავას განცხადებით მას არც ერთ ეტაპზე გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარი არ უთქვამს. პროკურატურის დღევანდელი მოთხოვნას დაპატიმრებასთან დაკავშირებით გიგი უგულავამ წმინდა წყლის პოლიტიკური მოთხოვნა უწოდა. 
"კარგად იციან, რომ არსად წამსვლელი არ ვარ. თუ პატიმრობაა- პატიმრობა იყოს, გაქცევას სიკვდილი მირჩევნია" - განაცხადა უგულავამ.

საპარლამენტო უმცირესობის წევრები მზად არიან თბილისის მერს გიგი უგულავას თავდებში დაუდგნენ. პირად თავდებში დედაქალაქის მერს გიორგი ვაშაძე, დავით ბაქრაძე და დავით საყვარელიძე უდგებიან. სამივე პირმა სასამართლო დარბაზში თავდებობა პირადად დაადასტურა. 

მთავარი პროკურატურა თბილისის მერის, გიგი უგულავასთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას, აგრეთვე, უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს. 
თბილისის მერს 2013 წლის 18 დეკემბერს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით - სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დედაქალაქის განვითარების მიზნით შექმნილი ა(ა)იპ "თბილისის განვითარების ფონდისთვის" გამოყოფილი დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის ფაქტზე. 
გიგი უგულავასთვის წარდგენილი ბრალდება 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

სასამართლო პროცესი გრძელდება. უახლოეს პერიოდში მოსამართლე უგულავას აღმკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად გავა.

კომენტარები