თავისუფალი ზონა

პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის ბრალდებით თავისუფალი ზონის 4 წევრი დააკავეს

RFE/RL

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს, სასტუმრო ვერე პალასთან თავისუფალი ზონის 4 წევრი - დავით გოგოხია, ბესო კალაძე, ფარნაოზ ჭკადუა და სალომე მახარაშვილი დააკავა. შსს-ს განცხადებით, მათ ბრალად პოლიციისთვის დაუმორჩილებლობა ედებათ.

"პოლიციაში დარეკა სასტუმრო ვერე პალასის მენეჯერმა და გამოიძახა პატრული. ადგილზე აღმოჩნდა, რომ თავისუფალი ზონის წევრებს ბლოკირებული ჰქონდათ სასტუმროს შესასვლელი. ისინი არ დაემორჩილნენ პოლიციის მოთხოვნას, რის გამოც დააკავეს", - განუცხადეს ტაბულას შსს-ს პრესსამსახურში.

თავისუფალი ზონის წევრები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს, რაც გულისხმობს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავ ორგანოთა მუშაკების ან სამხედრო მოსამსახურეების კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი ბოროტად დაუმორჩილებლობას. დადასტურების შემთხვევაში, ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით ან გამასწორებელ სამუშაოებს ვადით ერთიდან ექვს თვემდე, ხელფასიდან ოცი პროცენტის დაქვითვით, ხოლო თუ საქმის გარემოებათა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომების გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული - ადმინისტრაციულ პატიმრობას 90 დღემდე ვადით.

"მივმართავთ ხელისუფლებას და სამართლდამცავ ორგანოებს, რომ სასწრაფოდ მოხდეს ჩვენი წევრების გათავისუფლება. სირცხვილია, როდესაც ქვეყნის მოღალატე, რუსეთის მაამებლები ვერე პალასში შეკრებილები მსჯელობენ, თუ როგორ და რა ფორმით ჩაუგდონ ხელში რუსეთს საქართველო და ამ დროს ჩვენს წევრებს მოწოდებისათვის - "არა რუსეთს, არა ოკუპაციას" - აპატიმრებენ", - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია თავისუფალი ზონა.

სასტუმრო ვერე პალასში დღეს ორგანიზაციის - სახალხო მოძრაობა ქართულ-რუსული დიალოგისა და თანამშრომლობისათვის - ორგანიზებით შიდა ქართლის რამდენიმე სოფლის მოსახლეობის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

კომენტარები