NDI-ის კვლევა

NDI: ბიძინა ივანიშვილის და გიორგი მარგველაშვილის რეიტინგი გაიზარდა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ბოლო კვლევის მიხედვით, სამოქალაქო სექტორში გადასული ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი გამოკითხულთა 74%-ს მოსწონს. სექტემბერში, ეს მაჩვენებელი 69% იყო.

NDI-ს კვლევის მიხედვით, ასევე გაიზარდა საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის რეიტინგი. ქვეყნის პირველი პირი ნოემბრის გამოკითხვით, 72%-ს მოსწონს. სექტემბერში, ჯერ კიდევ პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი კვლევაში მონაწილეთა 56%-ს მოსწონდა.

წინა გამოკითხვასთან შედარებით გაიზარდა პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის რეიტინგიც. მის საქმიანობას "ძალიან კარგად" აფასებს 6%, "კარგად" 35%, "საშუალოდ" 39%. აღსანიშნავია, რომ სექტემბერში 4% ფიქრობდა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე "ძალიან კარგად" მუშაობს, ხოლო 27% მიიჩნევდა, რომ "კარგად". ამასთან, კითხვაზე - "მოგწონთ თუ არ მოგწონთ" - დავით უსუფაშვილი 65%-ს მოსწონს, 15%-ს არ მოსწონს. სექტემბერში ის 60%-ს მოსწონდა, ხოლო 22%-ს - არა.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის საქმიანობას "ძალიან კარგად" აფასებს 6%, "კარგად" - 19%. ხოლო კითხვაზე, "მოგწონთ თუ არ მოგწონთ", დავით ბაქრაძე მოსწონს გამოკითხულთა 48%-ს და არ მოსწონს 35%-ს. სექტემბერში ის 49%-ს მოსწონდა, ხოლო ბოლო კვლევის მსგავსად, 35%-ს - არა.

რაც შეეხება თბილისის მერს, გიგი უგულავას საქმიანობას 3% "ძალიან კარგად", 11% "კარგად", 33% კი, "საშუალოდ" აფასებს. ამასთან, გამოკითხულთა 26%-ს მოსწონს გიგი უგულავა, ხოლო 54%-ს არ მოსწონს.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-27 ნოემბრის პერიოდში. საქართველოს მასშტაბით 3,915 ადამიანი პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე გამოიკითხა.

NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (SIDA) და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC).

 

კომენტარები