NDI-ს კვლევა

NDI: ინსტიტუციებიდან ყველაზე მაღალი შეფასება ჯარს და პოლიციას აქვს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, ინსტიტუციებისადმი საქმიანობის შეფასების რეიტინგში ყველაზე მაღალი შეფასება საქართველოს ჯარს, პოლიციას და კოალიცია ქართულ ოცნებას აქვთ.

კითხვაზე - როგორ შეაფასებდით ქვემოჩამოთვლილთა საქმიანობას - გამოკითხულთა 16% ჯარის საქმიანობას "ძალიან კარგად" აფასებს, 48% - "კარგად", 22% კი, საშუალოდ.

პოლიციის საქმიანობას 13% "ძალიან კარგად" აფასებს, 49% - "კარგად", ხოლო 24% საშუალოდ.

რაც შეეხება კოალიცია ქართულ ოცნებას, მის საქმიანობას გამოკითხულთა 14% "ძალიან კარგად" აფასებს, 36% - "კარგად", 31% კი, "საშუალოდ".

წინა კვლევასთან შედარებით, გაიზარდა იმ გამოკითხულთა რაოდენობა, ვინც ცესკოს საქმიანობას დადებითად აფასებს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობას "ძალიან კარგად" აფასებს 5%, ხოლო "კარგად" - 32%. სექტემბერში, გამოკითხულთა 1% ფიქრობდა, რომ ცესკო "ძალიან კარგად" მუშაობდა, 15% კი მიიჩნევდა, რომ "კარგად".

პარლამენტის მუშაობას "ძალიან კარგად" აფასებს 2%, "კარგად" - 23%, "საშუალოდ" კი, 52%.

რაც შეეხება სახალხო დამცველის აპარატს, გამოკითხულთა 2% ფიქრობს, რომ უწყება "ძალიან კარგად" მუშაობს, 15% მიიჩნევს, რომ "კარგად", ხოლო 42%-ის აზრით - "საშუალოდ".

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-27 ნოემბრის პერიოდში. საქართველოს მასშტაბით 3,915 ადამიანი პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე გამოიკითხა.

NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (SIDA) და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC).

კომენტარები