სახელმწიფო შესყიდვები

შსს-მ 80 ახალი მობილურის შესაძენად ტენდერები გამოაცხადა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც ბოლო 1 წელიწადში მობილურების შესაძენად 80 000 ლარამდე დახარჯა, 80 ახალი ტელეფონის შესაძენად რამდენიმე დღის წინ 2 ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა, სადაც წინადადებების მიღება დღეს, 19 დეკემბერს დაიწყო.

17 დეკემბერს გამოცხადებული ერთი ტენდერით შსს 10 მობილურის შეძენას მაქსიმუმ 11 150 ლარად გეგმავს. თითოეული ტელეფონის საშუალო ღირებულება კი 1 015 ლარია. რაც შეეხება მეორე ტენდერს, ისიც 17 დეკემბერსაა გამოცხადებული. ამ ტენდერით შსს 70 მობილურის ყიდვას მაქსიმუმ 11 450 ლარად აპირებს, ერთი ეგზემპლარის საშუალო ღირებულება კი 163 ლარი იქნება.

ქვეყნის მთავარ ძალოვან უწყებას 17 დეკემბერს 10 ახალი მობილურის 15 300 ლარად შესაძენად კიდევ ერთი ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული. შსს-ს მიერ მოთხოვილი ტელეფონის პარამეტრები ზუსტად ემთხვეოდა iPhone 5s-ის მონაცემებს, თუმცა, ტენდერი 18 დეკემბერს შეწყდა. როგორც ტენდერის შეწყვეტის ოქმიდან ირკვევა, სამინისტრო ამ ეტაპზე არ საჭიროებს აღნიშნული ტელეფონების ყიდვას.

სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემიდან მოპოვებული ინფორმაციით ირკვევა, რომ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, 2012 წლის ოქტომბრის ბოლოდან 2013-ის პირველი ნახევრის ჩათვლით, ახალი მობილურების შესაძენად ბიუჯეტიდან სულ 280 000 ათას ლარამდე დაიხარჯა.

მობილურების ყველაზე მსხვილი შემსყიდველები არიან შინაგან საქმეთა სამინისტრო (80 000 ლარამდე) და თბილისის მერია (38 000 ლარამდე).

ქართველი ჩინოვნიკები თავიანთ არჩევანს ძირითადად Apple-ისა და Samsung-ის უახლეს სმარტფონებზე აკეთებენ. განსაკუთრებით პოპულარულია iPhone 5 და Samsung Galaxy S III, Note 2 და Note 3.

კომენტარები