მერაბიშვილის საქმე

ბოკერია: ქართულ ოცნებას მკაფიო ამოცანა აქვს, გაანადგუროს ნაციონალური მოძრაობა

ტაბულა

მმართველი გუნდი თვლის, რომ ვილნიუსის სამიტის შემდეგ ფანჯარა აქვს, რათა ნაციონალური მოძრაობა გაანადგუროს - ამის შესახებ ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილმა მდივანმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

ბოკერია ვანო მერაბიშვილის დღევანდელ სკანდალურ განცხადებასთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა, რომ კოალიცია ქართულ ოცნებას მკაფიო ამოცანა აქვს და მას მთავარი პოლიტიკური ოპონენტის, ნაციონალური მოძრაობის განადგურება სურს. მისი აზრით მერაბიშვილის დაშანტაჟებით, ისინი ამ ამოცანის განხორციელების ახალ ფაზაზე გადავიდნენ.

"მერაბიშვილს იქვე დაემუქრნენ, რომ როგორც მან მოყვა, პარტიულ თანამებრძოლებს მოგისვამთ გვერდზეო და ახლა უკვე ხვალ უგულავა დაიბარეს დაკითხვაზე. გიგი უგულავა უდიდესი ალბათობით არის "ნაციონალური მოძრაობის" ძლიერი კანდიდატი შემდეგ თვითმმართველობის არჩევნებზე. როცა ჩაიარა ვილნიუსის სამიტმა და სხვა მოვლენებმა, ახლა თვლიან, რომ ფანჯარა აქვთ შესაძლებლობების, რათა გაანადგურონ ან დაასუსტონ "ნაციონალური მოძრაობა" იმ კონკურენციაში, რომელიც თვითმმართველობის არჩევნების წინ მოდის" - აღნიშნა ბოკერიამ. 

გიგა ბოკერიას აზრით გამაოგნებელი და სრულიად უპასუხისმგებლოა პრემიერმინისტრისა და მთავრობის სხვა წარმომადგენლების განცხადებები, როდესაც ისინი მერაბიშვილის განცხადებას აბსურდულს უწოდებენ და ყოფილ პრემიერმინისტრს ფსიქიატრთან კონსულტაცია ურჩევენ.

ბოკერიამ ასევე დაგმო პროკურატურის განცხადება, რომ ის არ აპირებს გამოძიების დაწყებას და აბსურდს უწოდებს მერაბიშვილს განცხადებას, მაშინ როდესაც ამის დამამტკიცებელი, მერაბიშვილის საკნის ვიდეომასალა სადაც ის საკანს არ ტოვებს, არ გამოუქვეყნებიათ. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ შეურაცყოფისა და აგდებული დამოკიდებულების მაგივრად, ხელისუფლება ვალდებული იყო გამოძიება დაეწყო ან უბრალოდ ეჩვენებინა ვიდეომასალა, რომელზეც გამოჩნდებოდა, რომ ვანო მერაბიშვილს საკანი არ დაუტოვებია და ის ტყუის. ბოკერია აღნიშნავს, რომ ის დარწმუნებულია ვანო მერაბიშვილის განცხადების სიმართლეში და არ გამორიცხავს იმას, რომ ხელისუფლება ვიდეომასალის ფაბრიკაციას შეეცადოს. 

ბოკერიას აზრით, გამოძიებას მინიმუმ მთავარი პროკურორი და მისი გუნდი უნდა ჩამოცილდნენ. ფირები უნდა გასაჯაროვდეს. ამასთან, თუ აღმოჩნდა, რომ ფირები ფაბრიკაციაა და ვერ ქვეყნდება ეს ფირები, მაშინ კომისია უნდა შეიქმნას, რომელმაც კომპლექსურად უნდა გამოიძიოს საკითხი. 

კომენტარები