პატრიარქის ქადაგება

ილია მეორე: ახლანდელ დროს, ანალიტიკური აზროვნება დაქვეითებულია

Georgia's Orthodox Patriarch Ilia II leads a midnight Christmas service at the Holy Trinity Cathedral in Tbilisi
David Mdzinarishvili / REUTERS

საქართველოს პატრიარქის შეფასებით, ახლანდელ დროს, ადამიანმა ბევრი იცის, მაგრამ სიღრმე და ანალიზი აკლია. როგორც ილია მეორემ დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას აღნიშნა, ადამიანებმა უფრო სიღრმისეულად უნდა იფიქრონ. მისი თქმით, ქვეყანაზე ყველაფერი იცვლება - ადამიანი, ბუნება, ურთიერთობები და კანონები, თუმცა მთავარია, ადამიანმა დაინახოს - რომელი გზით უნდა იაროს, რა არის მართალი და რა არა, ასევე, რა არის კეთილი და რა ბოროტი.

"ძველი რომაელები ამბობდნენ, დრონი იცვლებიან და ჩვენც ვიცვლებით მასთან ერთად. დღეს ყოველმა ადამიანმა, ქვეყანამ, ერმა, უნდა დაინახოს სად მიდის. არის ფასეულობა, რომლის დათმობა შეუძლებელია. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ჩვენი ჭეშმარიტი სარწმუნოება - მართლმადიდებლობა. მართლმადიდებლობა ძვირფასია, რადგან ის არის მოციქულთა სარწმუნოება, რომელიც მათ გადმოსცა მაცხოვარმა. ეს არის სიკეთე, სიყვარული, სასოება, იმედი ღვთისა და მომავლისა. ყოველმა ადამიანმა უნდა იფიქროს თავის ოჯახზე, ერზე. ყოველი ადამიანი პასუხისმგებელია ღვთისა და ქვეყნის წინაშე, ამიტომ ადამიანმა უნდა იფიქროს უფრო ღრმად", -თქვა პატრიარქმა და აღნიშნა, რომ ანალიტიკური აზროვნება დაქვეითებულია.

"ადამიანმა უნდა გააანალიზოს წარსული, აწმყო და მომავალი. ხშირია, როდესაც წარსულს ვაიდეალებთ. არიან ადამიანები, რომლებიც პირიქით, წარსულში ყველაფერ ნეგატიურს ხედავენ. უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა პერიოდში არის როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები. ჩვენ უნდა დავაკვირდეთ, თუ ესა თუ ის მოვლენა დადებითია, უნდა მივიღოთ, თუ უარყოფითია - არა", - აღნიშნა ილია მეორემ.

კომენტარები