ევროკავშირი-საქართველო

მთავრობა: ევროკავშირი 27 მლნ ევროთი - მეტი მეტისათვის - ფარგლებში გვეხმარება

საქართველოს მთავრობის განცხადებით, ქვეყანა ევროკავშირის ახალი ინიციატივის - მეტი მეტისათვის - ფარგლებში დამატებით 27 მილიონი ევროს დახმარებას მიიღებს. პრემიერმინისტრის პრესსამსახურის ცნობით, ამის შესახებ 2013 წლის 12 დეკემბერს ევროკომისარმა გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულემ განაცხადა.

"ინიციატივა მეტი მეტისათვის ევროკავშირის იმ პარტნიორი ქვეყნების დამატებითი ფინანსური რესურსებით მხარდაჭერას ითვალისწინებს, რომლებმაც მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს დემოკრატიული რეფორმების გატარების პროცესში. პროექტის ძირითადი მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს მთავრობას სიღარიბის დაძლევისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მდგრადობის უზრუნველყოფის პროცესში" - ნათქვამია მთავრობის განცხადებაში და აღნიშნულია, რომ თანხების ათვისება მოხდება აღმოსავლეთ პარტნიორობის და თანამშრომლობის პროგრამის (EAPIC) მეშვეობით, რომელიც მოხმარდება საქართველოში პროფესიული განათლების, გადამზადების და დასაქმების კუთხით მიმდინარე რეფორმების ხელშეწყობას.

"ეს გულისხმობს აღნიშნულ სფეროებში სახელმწიფო პოლიტიკის გატარებაზე პასუხისმგებელი საჯარო უწყებების (განათლების და მეცნიერების სამინისტრო; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო) შესაძლებლობათა გაძლიერებას. 27 მილიონი ევროდან, 20 მილიონი ევრო საბიუჯეტო დახმარების სახით პირდაპირ სახელმწიფო ბიუჯეტში იქნება მიმართული, ხოლო 7 მილიონი ევრო მოხმარდება ტექნიკური/საექსპერტო დახმარების პროექტების განხორცილებას" - აცხადებს საქართველოს მთავრობა და ინფორმაციისთვის აღნიშნავს, რომ საქართველოში ევროკავშირის დელეგაცია და ხსენებული სამინისტროები მუშაობენ პროექტის სამოქმედო გეგმის მონახაზის საბოლოო ვარიანტის შემუშავებაზე, რომელიც საფუძვლად დაედება ფულის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით შესაბამის საფინანსო შეთანხმებას.

"საფინანსო შეთანხმების ხელმოწერა 2014 წლის მე-2 კვარტალშია ნავარაუდევი. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში 2012 წელს საქართველომ ევროკავშირისგან 22 მილიონი ევროს დახმარება მიიღო, რაც ხმარდება სისხლის სამართლისა და საზღვრის დაცვის და მიგრაციის სფეროებში მიმდინარე რეფორმებს" - დასძენს პრემიერის პრესსამსახური.

კომენტარები