სახელმწიფო შესყიდვები

1 მობილურის შესაძენად გამოცხადებული 2050-ლარიანი ტენდერი შეწყვეტილია

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა 1 მობილური ტელეფონის შესაძენად 11 დეკემბერს გამოცხადებული 2050-ლარიანი ტენდერი შეწყვიტა.

სატენდერო კომისიამ გადაწყევტილება 12 დეკემბერს გამართულ სხდომაზე მიიღო. გადაწყვეტილებას ხელს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის 6 თანამშრომელი აწერს, მათ შორის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე შალვა ტორაძე.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტს დაახლოებით 2050 ლარად სურდა ახალ სმარტფონის შეძენა, რომლის შიდა მეხსიერება არანაკლებ 32 GB უნდა ყოფილიყო. სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვილი ტელეფონის პარამეტრები ემთხვეოდა ახალი iPhone-ის მონაცემებს.

ტაბულას მიერ აღნიშნული ტენდერის გამოცხადების შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციას, 11 დეკემბერს სხვადასხვა სოციალურ ქსელში უარყოფითი რეაქციები მოყვა.

სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემიდან მოპოვებული ინფორმაციით ირკვევა, რომ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, 2012 წლის ოქტომბრის ბოლოდან 2013-ის ნოემბრის ჩათვლით, ახალი მობილურების შესაძენად ბიუჯეტიდან სულ 264 000 ლარი დახარჯა.

ქართველი ჩინოვნიკები თავიანთ არჩევანს ძირითადად Apple-ისა და Samsung-ის უახლეს სმარტფონებზე აკეთებენ. განსაკუთრებით პოპულარულია iPhone 5 და Samsung Galaxy S III, Note 2 და Note 3.

ახალი მობილურების შესაძენად ყველაზე ბევრი ფული შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თბილისის მერიას აქვს დახარჯული.

კომენტარები