მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის პროცესი

კახიძე: პროკურატურის მოწმის განცხადებებით შეკერილი საქმე პრაქტიკულად დაირღვა

www.ipn.ge

ქუთაისში გუშინ გამართულ სასამართლო სხდომაზე პრაქტიკულად დაირღვა პროკურატურის მიერ ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის მიმართ პოლიტიკური ნიშნით შეკერილი სისხლის სამართლის საქმე - ნათქვამია მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის ადვოკატის, ოთარ კახიძის განცხადებაში. კახიძემ დღეს ბრიფინგი გამართა.

ადვოკატმა პროკურატურის მოწმის განცხადება მოიყვანა, რომელმაც გუშინ განაცხადა, რომ სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტი იყო. სწორედ ამ პროექტის ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებისთვის თანხის გადასარიცხად გამოყენებას ედავება პროკურატურა ორ ყოფილ მაღალჩინოსანს. "ამ პროექტის განხორციელებით რაიმე პირადი სარგებელი არ მიგვიღია და არც დანაშაული ჩამიდენია", - განაცხადა გუშინ ქუთაისში პროკურატურის მთავარმა მოწმემ, რამაზ სულამანიძემ, სასამართლო პროცესზე.

"სულამანიძის განცხადებით, მის მიმართ პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის დადგენილება მას შემდეგ გამოიტანა, რაც მას ლაშა ნაცვლიშვილი ესაუბრა. "ნაცვლიშვილმა მითხრა: "ჩვენ არც შენი და არც ჭიაბერაშვილის დაჭერა არ გვინდა", - განაცხადა სულამანიძემ და დაადასტურა, რომ ამ პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმის სამიზნე იმთავითვე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი, ვანო მერაბიშვილი იყო.

ცნობისათვის: ნაცვლიშვილმა სწორედ სულამანიძის პირით შეუთვალა ჭიაბერაშვილს, რომ თუ იგი პროკურატურას ვანო მერაბიშვილის საწინააღმდეგო ჩვენებას მისცემდა, მის მიმართაც პროკურატურა სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის დადგენილებას გამოიტანდა.

სხდომაზე პროკურატურის მთავარმა მოწმემ, სულამანიძემ, მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილისათვის წარდგენილი არცერთი ბრალდება არ დაადასტურა. მან აღნიშნა, რომ არავითარი უკანონო დავალება ხელმძღვანელობისგან არ მიუღია. მოწმის შეფასებით, სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამა იყო წარმატებული", - აცხადებს კახიძე.

კახიძის თქმით, პროკურატურის მიერ სასამართლოზე დასაკითხად წარმოდგენილი 3969 მოწმიდან უკვე 150-ზე მეტი მოწმე დაიკითხა და არცერთი არ საუბრობს ბრალდებულთა დანაშაულზე. მოწმეთა უპრეცედენტო რაოდენობა მხოლოდ საქმის პოლიტიკურ მოტივებსა და უხარისხობაზე მეტყველებს.

მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის ადვოკატმა ასევე განაცხადა, რომ აღნიშნული პროგრამის მიმდინარეობისას დასაქმების აგენტებმა 600,000 ოჯახში შესვლა და დასაქმების მაძიებელი 700,000 ადამიანის აღწერა მოასწრეს. დასაქმების მაძიებელთა ეს უნიკალური ბაზა დღესაც ინახება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, მაგრამ არავინ იყენებს.

კომენტარები