თვითმმართველობის კოდექსი

არასამთავრობოები: ახალი მმართველი გუნდი ძველის შეცდომებზე არ სწავლობს

საქართველოს პარლამენტი
RFE/RL

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობას მიმართავენ და მოუწოდებენ, ადგილობრივი დემოკრატიის დამკვიდრების შანსი ხელიდან არ გაუშვან. მათი განცხადებით, საქართველოს მთავრობის მიერ პარლამენტში ინიცირებული ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის კანონპროექტი წარმოადგენდა მმართველ პოლიტიკურ ძალაში შეთანხმების შედეგად მიღწეულ კომპრომისულ ვარიანტს. არასამთავრობოების აზრით, შეთავაზებული მოდელი სრულად არ ასახავდა ბიძინა ივანიშვილისა და ქართული ოცნების წინასაარჩევნო დაპირებების, მთავრობის მიერ 2013 წლის 1-ელ მარტს დეკლარირებული ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის სტრატეგიის პრინციპებს.

"მიუხედავად ამისა, სამოქალაქო საზოგადოების ნაწილმა მაინც დავუჭირეთ მხარი მას, ვინაიდან ჩავთვალეთ, რომ ეს იქნებოდა პირველი, პრინციპული და შეუქცევადი ნაბიჯი ქვეყანაში რეალური თვითმმართველობის დამკვიდრების გზაზე. სამწუხაროდ, კანონპროექტის საპარლამენტო განხილვის დაწყებამდე მოხდა მმართველი კოალიციის შეთანხმება არასაპარლამენტო ოპოზიციასთან, რამაც ეფემერული საფრთხეების ბრალდებით, კანონპროექტის ძირითადი სიახლეების გაუქმება გამოიწვია. ამ "კონსენსუსის" შედეგად - შეიზღუდა თვითმმართველი ქალაქების ჩამოყალიბების შესაძლებლობები; გაურკეველია გამგებლების და მერების პირდაპირი არჩევის საკითხი; თბილისის მოსახლეობა ვერ შეძლებს, საუბნო პრობლემები საკუთარი შეხედულებების მიხედვით მოაგვაროს; თვითმმართველობებს აღარ მიეცემათ გუბერნატორების კონტროლის შესაძლებლობა და, რაც ყველაზე სამწუხაროა, აღარ დაინერგება საზოგადოებრივი საბჭოები - საზოგადოების მონაწილეობის და კონტროლის მექანიზმები ქალაქად და სოფლად", - აცხადებს 21 არასამთავრობო ორგანიზაცია.

მათ მიაჩნიათ, რომ "ეს "კონსენსუსი" არათუ ხელს შეუწყობს ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებას, არამედ გაამყარებს უკვე არსებულ ცენტრალიზებულ სისტემას". არასამთავრობოების შეფასებით, შეთანხმება არის წინასაარჩევნო დაპირებებისა და დეკლარირებული რეფორმის სტრატეგიის უგულებელყოფა.

"საქართველოს პარლამენტის ამგვარი ქმედება აჩენს ეჭვის საფუძველს, რომ თავად ხელისუფლებაში არიან ძალები, რომლებიც ყველა საშუალებით ცდილობენ არსებული სისტემის შენარჩუნებას. ვწუხვართ, რომ ახალი მმართველი პოლიტიკური ძალა ძველის შეცდომებზე არ სწავლობს. არსებული სიტუაცია ძლიერ ჰგავს 2005 წელს განვითარებულ პროცესებს, როცა ხელისუფლებამ ვერ ან არ გამოიყენა ძირეული რეფორმირების შანსი და, შედეგად, ჯერ დაკარგა საზოგადოების მხარდაჭერა, შემდეგ კი ხელისუფლების დათმობა მოუხდა. იმედს ვიტოვებთ, საქართველოს პარლამენტის წევრები აცნობიერებთ პასუხისმგებლობას საქართველოს მოსახლეობის, თქვენი ამომრჩევლების წინაშე და არ გაუშვებთ ხელიდან ადგილობრივი დემოკრატიის დამკვიდრების შანსს", - ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც ხელს აწერენ სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი (ICCC), ასოციაცია "კივიტას გეორგიკა", სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი, სამოქალაქო საზოგადოების კვლევისა და განვითარების ცენტრი, ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების ქსელი, გორის საინფორმაციო ცენტრი, კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი, ფონდი "ლიბერალური აკადემია თბილისი", ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო", სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრი, ფონდი "ლიბერალური აკადემია თბილისი", სამოქალაქო საზოგადოების კვლევისა და განვითარების ცენტრი, მწვანე კავკასია (GC), თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი, საერთო სამოქალაქო მოძრაობა "მრავალეროვანი საქართველო", დემოკრატ მესხთა კავშირი და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC).

შეგახსენებთ, რომ 9 დეკემბერს ცნობილი გახდა ის რამდენიმე ცვლილება, რაც თვითმმართველობის კოდექსში შევა. კერძოდ, 13-ის ნაცვლად 7 თვითმმართველი ქალაქი დაემატება და საქართველოს მასშტაბით, 18-ის ნაცვლად, 12 ახალი თვითმმართველი ქალაქი იქნება. განხილვაში არასაპარლამენტო ოპოზიციაც ჩაერთვება, რომლის წარმომადგენლებიც თვითმმართველობის შესახებ პლებისციტის ჩატარებას ითხოვენ.

კომენტარები