საქართველოს კალათბურთის ფედერაცია

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მიხეილ გაბრიჩიძე გახდა

მიხეილ გაბრიჩიძე
24saati.ge

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ახალი პრეზიდენტი მიხეილ გაბრიჩიძე იქნება. ვეტერანმა კალათბურთელმა ქორთიარდ მერიოტში გამართულ საარჩევნო ყრილობაზე დელეგატთა 29 ხმა მიიღო. სულ არჩევნებში მონაწილეობა 40 არსებული დელეგატიდან 32-მა მიიღო, ერთი ხმა მიხეილ ახვლედიანს ერგო, ხოლო ორი გაბათილდა.

ყრილობის დასაწყისში, ერთ-ერთმა კანდიდატმა მიხეილ ახვლედიანმა სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გავრცელებული წერილი წაიკითხა, სადაც ფიბა (კალათბურთის საერთაშორისო ფედერაცია) საქართველოს კალათბურთის ფედერაციის წესდებაში არსებულ ხარვეზებზე მიუთითებს. იმის მიუხედავად, რომ წერილში აღნიშნულია რომ ყველაფრის მიუხედავად, არჩევნების არგამართვა დღის წესრიგში არ უნდა დადგეს, ახვლედიანის თქმით, ის არაკანონიერ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.

მას შემდეგ, რაც ახვლედიანმა ყრილობა პროტესტის ნიშნად დატოვა, საარჩევნო პროცესზე დასწრებაზე უარი განაცხადა საკალათბურთო კლუბ დინამოს პრეზიდენტმა ვახტანგ ნაცვლიშვილმაც. მისი თქმით, მიზანშეწონილი იქნებოდა წესდების სრულყოფა და შემდეგ რიგგარეშე არჩევნების ჩატარება, რაც ყრილობამ არ გაითვალისწინა.

დარჩენილმა ორმა კანდიდატმა ვლადიმერ ბოისამ და კახა შენგელიამ კანდიდატურა მიხეილ გაბრიჩიძის სასარგებლოდ მოხსნეს. კანდიდატების თქმით, მათი ხედვები ქართული კალათბურთის განვითარებასთან დაკავშირებით თითქმის ყველა საკითხში ემთხვევა და აქედან გამომდინარე, გადაწყვიტეს ძალები გაეერთიანებინათ.

დღესვე დასახელდა კალათბურთის ფედერაციის გამგეობის ახალი შემადგენლობა, სადაც კახა შენგელია და ვლადიმერ ბოისაც შედიან. ფედერაციის გენერალური მდივანი გიორგი ქართველიშვილი იქნება.

პრეზიდენტის პოსტზე გაბრიჩიძე ბესიკ ლიპარტელიანს შეცვლის, რომელიც ფედერაციას 2001 წლიდან ხელმძღვანელობდა. მიხეილ გაბრიჩიძე კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი შემდეგი 4 წლის განმავლობაში იქნება.

კომენტარები