დაპირისპირება პარლამენტში

უსუფაშვილი: ხალხს ამ ტიპის ინციდენტებისთვის არ ავურჩევივართ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, საკანონმდებლო ორგანოში განცხადებებით გამოსვლის ნაწილი შეწყდა.
დავით უსუფაშვილის განცხადებით, განკუთვნილი დრო სოსო ჯაჭვლიანსა და გია ბარამიძეს შორის მომხდარ ინციდენტში დაიკარგა.

“ჩვენ ხალხს იმისთვის არ ავურჩევივართ, რომ ამ ტიპის ინციდენტებით ვიყოთ დაკავებული და შემდეგ - მისი გარჩევებით პლენარულ სხდომაზე. სხდომა გრძელდება. მე შესვენების დროს მექნება კონსულტაცია უმრავლესობასა და უმცირესობასთან, რათა თავისი სახელი ეწოდოს დღეს მომხდარს. ვიმსჯელებთ, როგორ ავიცილოთ თავიდან მსგავსი გართულებები, რაოდენ მწვავე და ემოციურ საკითხსაც არ უნდა ეხებოდეს საქმე და პარლამენტის წევრის გამოსვლა. ვინაიდან ჩვენ ინცინდენტში დავკარგეთ დრო, რომლითაც რამდენიმე დეპუტატს უნდა ესარგებლა, ვწყვეტ განცხადებებით გამოსვლის ნაწილს და გადავდივართ დღის წესრიგზე”, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის წევრის სოსო ჯაჭვლიანის მიმართვამ გიორგი ბარამიძის მისამართით - "ნუ ბლატაობ, შე ჩმორო" გამოიწვია.

კომენტარები