ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე

პრეზიდენტი: ისტორიაში არასოდეს დგება მომენტი, როდესაც თავისუფლება საკმარისია

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს. მისი განცხადებით, ადამიანის უფლებები ის ფუნდამენტია, რომელსაც საკაცობრიო კულტურა ეფუძნება. პრეზიდენტის თქმით, ადამიანის თანდაყოლილი სწრაფვა თავისუფლებისა და თანასწორობისაკენ განსაზღვრავდა პროგრესს ისტორიის ყველა ეტაპზე.

"ჯერ კიდევ ანტიკურ ფილოსოფიაში, იდეურ-ქრისტიანულ ეთიკაში სრული სისავსით და სიცხადით გამოვლენილმა ამ სულისკვეთებამ მიმართულება მისცა მსოფლიოს პოლიტიკურ, სოციალურ, კულტურულ განვითარებას.  ქართული კულტურა მსოფლიო ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილია. ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა უზენაესობა ჩვენი კონსტიტუციით აღიარებული და დაცულია უპირველს ყოვლისა იმიტომ, რომ ჩვენი ისტორია სწორედ ამ ფასეულობებს ეფუძნება. თავისუფლების იდეალი უმთავრესი ორიენტირი იყო საქართველოს საუკეთესო მმართველების, პოეტების, ფილოსოფოსების, პოლიტიკური, რელიგიური თუ საზოგადო მოღვაწეებისათვის. 1948 წლის 10 დეკემბერს გაერთიანებული ერების მიერ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიღება ხანგრძლივი და რთული ისტორიული პროცესის საბოლოო და შეუქცევადი გამარჯვებაა. მაგრამ, როდესაც მთელ მსოფლიოსთან ერთად ადამიანის უფლებათა დაცვის დღეს აღვნიშნავთ, კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ, რომ ტრადიციას გაგრძელება და განვითარება სჭირდება, რომ ისტორიაში არასდროს დგება მომენტი, როდესაც თავისუფლება - საკმარისია, როდესაც სასურველ ვითარებას მივაღწიეთ და უფლება გვაქვს, მიღწეულს დავჯერდეთ, რომ თითოეული ადამიანის თავისუფლების მაქსიმალური უზრუნველყოფა მხოლოდ ყველა ჩვენგანის ყოველდღიური, უწყვეტი ძალისხმევითაა შესაძლებელი", - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის მიმართვაში.

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე 10 დეკემბერს აღინიშნება.

კომენტარები