ამინდი

დიდთოვლობის გამო, 155 000 აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება

ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, 155 000 აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება. დიდთოვლობამ ელექტროგადამცემი ბოძები დააზიანა, რის გამოც, ელექტროენერგია არ მიეწოდება როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოს ნაწილს. მთლიანად გათიშულია ხულოს, ქედის, ბაღდათისა და ვანის რაიონები. სამინისტროში აცხადებენ, რომ მოსახლეობას ელექტროენერგია ეტაპობრივად აღუდგება.

მთელი ღამის განმავლობაში თოვდა ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში. უხვ ნალექს მოსახლეობისთვის გადაადგილების პრობლემა არ შეუქმნია ქუთაისსა და ზუგდიდში, თუმცა თოვლის დნობის შედეგად წარმოქმნილი წყლით დაიტბორა ქუჩები ბათუმში. ძლიერმა ქარმა დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები და მოგლიჯა ხეები. სტიქიის გამო ბათუმის რამდენიმე საბავშვო ბაღს ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტროენერგია. სამივე ქალაქში მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყო მერიის სამსახურები და ქუჩები სპეცტექნიკის საშუალებით იწმინდებოდა.

უამინდობის გამო ნაქერალასა და რიკოთის უღელტეხილზე იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტომობილების მოძრაობა. სხვა სახის ტრანსპორტისთვის კი გადაადგილება ნებადართულია. ძლიერი თოვლისა და ყინვის გამო, მოძრაობა შეფერხებულია მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო მონაკვეთზეც. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ყველა პრობლემურ ადგილზე შესაბამისი ტექნიკაა მობილიზებული და გზები ინტენსიურად იწმინდება.

სინოპტიკოსების ინფორმაციით, ხვალ საქართველოში თოვლის ნალექი შემცირდება, თუმცა 11 დეკემბრიდან ქვეყანაში ამინდი კვლავ გაუარესდება. ყინვები 17 დეკემბრამდე გასტანს.

კომენტარები