ზურაბ ჟვანიას იუბილე

ეროვნულ ბიბლიოთეკაში ზურაბ ჟვანიას სახელობის კაბინეტი გაიხსნა

electionsmeter.com

საქართველოს ყოფილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ეროვნულ ბიბლიოთეკაში მისი სახელობის კაბინეტი გაიხსნა. ცერემონიაში მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმაც მიიღო.

ეროვნული ბიბლიოთეკა ქართულ პრესაში გამოქვეყნებული პრეზიდენტების, პარლამენტის თავმჯდომარეების და პრემიერმინისტრების ოფიციალური მიმართვების, საჯარო გამოსვლების, განცხადებების, ინტერვიუების და ბრძანებულებების გაციფრულებას აპირებს. უკვე გამოცემულია საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ოფიციალური მიმართვები. უახლოეს მომავალში კი სწორედ ზურაბ ჟვანიას საჯარო გამოსვლებისა და ინტერვიუების ნაკრები შექმნება.

დღესვე, პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ვილნიუსის სამიტის შემაჯამებელი კონფერენცია - "აღმოსავლეთ პარტნიორობა - გზა ვილნიუსის სამიტის შემდეგ" გახსნა. როგორც უსუფაშვილმა განაცხადა, დღევანდელი კონფერენცია ეძღვნება საქართველოს წარმატებულ მცდელობას, გახდეს ევროპის დემოკრატიული ქვეყნების დიდი ოჯახის სრულფასოვანი წევრი.

"ამასთანავე, ეს შეხვედრა ეძღვნება იმ ადამიანის დაბადებიდან 50 წლისთავს, რომელმაც წარმოთქვა ისტორიული სიტყვები - "მე ვარ ქართველი, მაშასადამე, ვარ ევროპელი", სწორედ მაშინ, როდესაც ჩვენ ევროპასთან დაახლოების მნიშვნელოვანი ეტაპი დავასრულეთ და გავხდით ევროპის საბჭოს წევრები. ბატონი ზურაბ ჟვანია - საქართველოს პრემიერმინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, პოლიტიკური ლიდერი და, უბრალოდ, ერთი ძალიან გამორჩეული ადამიანი, რომლის სახელთანაა დაკავშირებული უახლესი ისტორიის უამრავი მნიშვნელოვანი მოვლენა. ჩვენ ამით კიდევ ერთხელ გვინდოდა ხაზი გაგვესვა იმ მარტივი ჭეშმარიტებისთვის, რომელიც ზოგჯერ გვავიწყდება ხოლმე, რომ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი საკითხები, ის, რაც ჩვენ და ჩვენს ქვეყანას აღელვებს, ეს არის ისტორიული პროცესი, რომელშიც ბედი გვარგუნებს ხოლმე იმ ბედნიერებას, რომ ჩვენი აგურიც დავდოთ ამ საქმეში", - განაცხადა უსუფაშვილმა.

კომენტარები