ანტისემიტური ინციდენტი

საპატრიარქოს განცხადება მღვდლების ორგანიზებულ ანტისემიტურ ინციდენტზე

საპატრიარქო

თბილისში, თავისუფლების მოედანზე 4 დეკემბერს მოხდარ ანტისემიტურ ინციდენტთან დაკავშირებით, რომლებშიც სასულიერო პირებთან ერთად სხვა პირებიც მონაწილეობდნენ, საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ა.წ. 4 დეკემბერს თავისუფლების მოედანზე ებრაულ დღესასწაულ ხანუკასთან დაკავშირებით მოხდა მენორას დადგმა და მერიაზე გაკეთებული პლაკატით ხალხისათვის ამ დღესასწაულის მილოცვა, რაც მრევლისა და სასულერო პირების ნაწილმა გააპროტესტა, ორმა ახალგაზრდამ კი ბანერი ჩამოხია, რის გამოც ისინი დააკავეს.

საქართველოს ეკლესია ემიჯნება ყოველგვარ ძალადობრივ ქმედებას და მას დაუშვებლად მიიჩნევს. მითუმეტეს, მომქმედი კანონმდებლობით რელიგიურ ორგანიზაციებს აქვთ უფლება, ისარგებლონ გამოხატვის თავისუფლებით, თუმცა რელიგიურ გაერთიანებებშიც არიან ადამიანები, რომლებიც მსგავს სიტუაციებში მკვეთრად რეაგირებენ. ამიტომაც ასეთ შემთხვევებში საერთოდაც სხვა მხარეც არის გასათვალისწინებელი, კერძოდ რელიგიათშორისი და ხალხთაშორისი ურთიერთობები, რაც უდიდესი ფასეულობაა.

ფაქტია, რომ ქართველ და ებრაელ ხალხს შორის 26 საუკუნის განმავლობაში ჩამოყალიბებულ უნიკალურ კეთილგანწყობილ ურთიერთობაში სწორედაც, რომ ეკლესიას აქვს შეტანილი დიდი წვლილი, რადგან საუკუნეების მანძილზე იგი აყალიბებდა საზოგადოებრივ აზროვნებას.

ვფიქრობთ, არც ჩვენ და არც ქართველ ებრაელთა თემს არავისგან გვესწავლება, როგორ შევინარჩუნოთ და გავაღრმავოთ ეს დამოკიდებულება".

ორმა მოქალაქემ, თავისუფლების მოედანზე, სადაც დღეს ხანუქას დღესასწაულის ბოლო დღე აღინიშნებოდა, პლაკატები ჩამოხია და დამონტაჟებული ტრიბუნა დააზიანა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი პირი დააკავა. მოგვიანებით, სასამართლომ ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის საფუძველზე (წვრილმანი ხულიგნობა) 100-100 ლარით დააჯარიმა. 

იმავე დღეს, თავისუფლების მოედნაზე 20-მდე ადამიანი ხანუქას დღესასწაულის აღნიშვნას აპროტესტებდა. ადგილზე იმყოფებოდნენ მართლმადიდებელი სასულიერო პირები. მათი თქმით, "მაშინ როდესაც მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ღვთისმშობლობის დღესასწაულს აღნიშნავს, ხანუქას დღესასწაულისთვის მიძღვნილი ღონისძიება მათთვის შეურაცხმყოფელია". სწორედ ამიტომ, მათი განცხადებით, ისინი ცდილობდნენ კონცერტის ჩაშლას.

კომენტარები