მთავარი პროკურატურა

მთავარი პროკურორის მოადგილედ გიორგი გოგაძე დაინიშნა

გიორგი გოგაძე, მთავარი პროკურორის მოადგილე

საქართველოს მთავარი პროკურატურის ცნობით, მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის მოადგილედ გიორგი გოგაძე დაინიშნა. გიორგი გოგაძე მთავარი პროკურორის მოადგილის რანგში მუშაობას უკვე შეუდგა. ის უხელმძღვანელებს მთავარი პროკურატურის შემდეგ სამსახურებს: საერთაშორისო ურთიერთობები, ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველო, ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი, ეკონომიკური დეპარტამენტი, ადმინისტრაცია და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამმართველო.

პროკურატურის ინფორმაციით, ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე, 2012-2013 წლებში გიორგი გოგაძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სხვადასხვა თანამდებობზე, კერძოდ, ადმინისტრაციის უფროსისა და ადმინისტრაციის სამართლებრივ საკითხთა და საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსის პოზიციაზე მუშაობდა. 2009-2012 წლებში მას საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობები ეკავა, იყო საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ევროინტეგრაციისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი და უფროსის მოადგილე.

გიორგი გოგაძეს განათლება მიღებული აქვს დიდი ბრიტანეთის ქ. რედინგის უნივერსიტეტში, ბიზნეს-მენეჯმენტის მიმართულებით. გარდა ამისა, დამთავრებული აქვს თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი და წმ. გრიგოლ ფერაძის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

კომენტარები