სახელმწიფო შესყიდვები

TI: არაკონკურენტული კონტრაქტების რაოდენობა საპარლამენტო არჩევნებამდე გაიზარდა

საერთაშორისო გამჭვირვალობის კვლევის მიხედვით, კონკურენტული პროცესების გარეშე განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების პიკმა ბოლო სამი წლის განმავლობაში 2012 წელს, საპარლამენტო არჩევნებამდე პერიოდში მიაღწია.

"ამის ერთ-ერთი ახსნა იმაში მდგომარეობს, რომ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას სურდა სწრაფად დაეწყო და განეხორციელებინა მსხვილი პროექტები, რომელთა დიდი ნაწილი ინფრასტრუქტურის განვითარებას უკავშირდებოდა. როგორც ამ ანგარიშში წარმოდგენილი მონაცემთა ანალიზი გვაჩვენებს, ასევე არსებობს არაერთი ნიშანი იმისა, რომ კონტრაქტების გარკვეული ნაწილი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერთა ფინანსური წახალისებისთვის ან კოალიცია ქართული ოცნების წინააღმდეგ წარმოებული მაღალკონკურენტული და ძვირადღირებული კამპანიის დასაფინანსებლად თანხების მოსაზიდად იქნა გამოყენებული.

პრეზიდენტის / მთავრობის თანხმობით პირდაპირი წესით გაფორმებული კონტრაქტების ღირებულებამ პიკს საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში 2012 წლის აგვისტოში (131 მილიონი ლარი) მიაღწია.

2012 წლის ნოემბერში არჩევნებისა და ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გამარტივებულ შესყიდვებზე გაწეული დანახარჯები 15 მილიონ ლარამდე დაეცა", - აცხადებს საერთაშორისო გამჭვრივალობა-საქართველო (TI).

ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, 2011 წელს საქართველოს მთავრობის მიერ დადებული კონტრაქტების 66% (1.751 მილიარდი ლარი) გამჭვირვალედ, ელექტრონული შესყიდვების სისტემით გაფორმდა, რაც ნებისმიერ პირს საშუალებას აძლევს, ამ კონტრაქტებთან დაკავშირებულ ყველა სატენდერო დოკუმენტაციასა და შეთავაზებას გაეცნოს (კონტრაქტები იმ კომპანიებთან გაფორმდა, რომლებმაც ყველაზე დაბალი ფასი წარადგინეს).

კონტრაქტების 34% (910 მილიონი ლარი) კი კონკურენტული პროცესის გარეშე, პირდაპირი, ე.წ. გამარტივებული შესყიდვის წესით გაფორმდა.

2012 წელს პირდაპირი წესით გაფორმებული კონტრაქტების ოდენობა მკვეთრად გაიზარდა. ამ წელს კონკურენტული ელექტრონული ტენდერის გზით კონტრაქტების მხოლოდ 55% (1.532 მილიარდი ლარი) გაფორმდა, 45%-ის (1.238 მილიარდი ლარი) გაფორმება კი არაკონკურენტული, გამარტივებული შესყიდვის წესებით მოხდა.

კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაცია განსხვავდება საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს მიერ ბაზიდან ამოღებული ინფორმაციისგან.
როგორც TI აცხადებს, ეს შეიძლება განპირობებული იყოს თავად მონაცემთა უზუსტობებით (კონტრაქტები სხვადასხვა ვალუტაში ფორმდება) ან იმ ფაქტით, რომ ორგანიზაციის მონაცემები არ შეიცავს გასაიდუმლოებულ კონტრაქტებს.

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს მონაცემების მიხედვით, სახელმწიფო არაკონკურენტულმა შესყიდვებმა 2011 წელს 959 მილიონი ლარი შეადგინა (რამდენიმე მსხვილ–მასშტაბიანი სარკინიგზო პროექტის ჩათვლით – 2.1 მილიარდი ლარი), 2012 წელს – 1.17 მილიარდი ლარი, ხოლო 2013 წლის პირველი 9 თვის განმავლობაში დაახლოებით 450 მილიონი ლარი დაიხარჯა (163 მილიონ ლარიანი გარდაბნის თბოელექტროსადგურის გამოკლებით).

კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2012 წლის საქმიანობის ანგარიშის მიხედვით, არაკონკურენტული წესით გაფორმებული კონტრაქტების ღირებულების მკვეთრი ზრდა უმეტესწილად მთავრობის / პრეზიდენტის თანხმობით განხორციელებული გამარტივებული შესყიდვების 200 მილიონამდე ლარით გაზრდით იქნა გამოწვეული.

შესაბამისად, დაახლოებით 800 მილიონი ლარი პრეზიდენტის ან მთავრობის განკარგულებების საფუძველზე დაიხარჯა, რამაც 2012 წელს შესაძლებელი გახადა, რომ მრავალი კონტრაქტი კონკურენტული პროცედურებისთვის გვერდის ავლით, გაფორმებულიყო.

2012 წლის ნოემბერში არჩევნებისა და ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გამარტივებულ შესყიდვებზე გაწეული დანახარჯები 15 მილიონ ლარამდე დაეცა.

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს მონაცემებით, ბოლო თვეებში შეინიშნება პირდაპირი წესით გაფორმებული კონტრაქტების მთლიანი ღირებულების ნელი, მაგრამ სტაბილური ზრდა. ორგანიზაციის შეფასებით, ახალი მთავრობის პირობებში გამარტივებული შესყიდვების წილს ზრდის იგივე ტემპი ახასიათებს, როგორიც წინა მთავრობის პირობებში შეინიშნებოდა.

TI-ის კვლევით, პირდაპირი კონტრაქტების უდიდესი ნაწილი მშენებლობის სექტორზე მოდის. ამ მხრივ წინა და ახალ ხელისუფლებას შორის განსხვავება არ არის. სამშენებლო სექტორში მრავალი მოთამაშეა, რომელსაც ხარისხიანად შეუძლიათ დაკვეთის შესრულება. შესაბამისად, ორგანიზაციის მოსაზრებით, რთული დასამტკიცებელი უნდა იყოს ის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ასეთი დიდი რაოდენობის სამშენებლო პროექტები საზოგადოებისთვის იმდენად მნიშვნელოვანი და სასწრაფოა, რომ კონკურენტული ტენდერის გამოცხადებაზე უარის თქმა გამართლებული იყოს.

კომენტარები