Forbes

ბიზნესის წარმოებისთვის საუკეთესო ქვეყნების რეიტინგში საქართველო 50-ე ადგილზეა

ბიზნესის წარმოებისთვის საუკეთესო ქვეყნების რეიტინგში, რომელსაც Forbes-ი აქვეყნებს, საქართველო 145 ქვეყანას შორის 50-ე ადგილზეა. თავის უშუალო მეზობლებთან - თურქეთთან, სომხეთთან, აზერბაიჯანთან და რუსეთთან შედარებით, წინაა. რეიტინგში ყველაზე დიდ წარმატებას საქართველომ 2011 წელს მიაღწია, როცა 11 ნაბიჯით წინ წაიწია და 50-ე ადგილზე მოხვდა. 2012 წელს საქართველოს რეიტინგში პოზიციები არ გაუუმჯობესებია. 

Forbes-ი დიდ ყურადღებას უთმობს საქართველოს ჰიდროენერგეტიკულ პოტენციალს: "საქართველოს მისთვის საჭირო ბუნებრივი აირისა და საწვავის თითქმის მთლიანად იმპორტირებას ახორციელებს, თუმცა სერიოზული ჰიდროენერგეტიკული პოტენციალი გააჩნია. ეს პოტენციალი ელექტროენერგიაზე ქვეყნის მოთხოვნას თითქმის სრულად აკმაყოფილებს. საქართველომ წარსულში პრობლემური ელექტროენერგიის დეფიციტი ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციითა და ენერგომატარებლების იმპორტის რუსეთიდან აზერბაიჯანზე გადატანით აღმოფხვრა. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის და ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა საქართველოს სტრატეგიული დანიშნულების გაძლიერების სტრატეგიის ნაწილია, რომლის საშუალებითაც ევროპასა და აზიას შორის ამ ქვეყანას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება გაზის, საწვავისა და სხვა პროდუქტების ტრანზიტის თვალსაზრისით".

გამოცემაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 2006-2007 წლებში 10%-იან ზრდას აღწევდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების უხვი რაოდენობის გამო. აღნიშნული ზრდა დროებით შენელდა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ. "საქართველოს ეკონომიკამ გაჯანსაღება 2010-2012 წლებში შეძლო, როცა 4%-იანი ზრდიდან 6%-მდე ავიდა, მაგრამ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რაც საქართველოს ეკონომიკისთვის ლოკომოტივის როლს ასრულებს, ომამდე არსებულ რაოდენობას აღარ დაბრუნებია. ქვეყანაში უმუშევრობის მაჩვენებელიც მაღალია - 15%-ზე მეტი", - აღნიშნულია გამოცემაში. 

2013 წლის რეიტინგი 2012 წლის ეკონომიკურ მონაცემებს ეყრდნობა. მონაცემებს კი საერთაშორისო კვლევითი და სარეიტინგო ორგანიზაციებიდან აგროვებს. მათ შორისაა, Heritage Foundation, World Economic Forum, Transparency International, Freedom House, World Bank, Central Intelligence Agency და Property Rights Alliance. 

 

კომენტარები