ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2014

ბერძენიშვილი: ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ივნისში გაიმართება

რადიო თავისუფლება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით ბერძენიშვილის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ივნისში გაიმართება.

როგორც ბერძენიშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

"თუმცა, ეს იქნება ივნისის თვეში", - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილსა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს თვითმმართველობის საკითხებზე არ უსაუბრიათ.

"9 დეკემბერს ზურაბ ჟვანიას 50 წელი უსრულდება. დაგეგმილია ბევრი ღონისძიება საქართველოს ევროპულ არჩევანთან დაკავშირებით. ზურაბ ჟვანიას იუბილეს ეძღვნება სპეციალური კონფერენცია. საუბარი სწორედ ამ თემებს შეეხებოდა", - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

უმრავლესობის წევრმა ვარაუდი გამოთქვა, რომ პატრიარქი ახლა ბევრად უფრო ინფორმირებულია იმ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებზე პარლამენტში შევიდა.

"მე ველოდები მეტ მხარდაჭერას", - დასძინა დავით ბერძენიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პატრიარქმა რამდენიმე დღის წინ თვითმმართველობის კოდექსში შესატანი ცვლილებები გააკრიტიკა. გუშინ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ საკითხზე პატრიარქს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი შეხვდა. საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი სესიაშვილმა ტაბულასთან საუბარში დაადასტურა, რომ საპატრიარქოსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა, თუმცა, დეპუტატს შეხვედრის მონაწილეთა ვინაობა არ დაუსახელებია.

ამასთან, საქართველოს პარლამენტის სამ კომიტეტში 6 დეკემბერს დაგეგმილი თვითმმართველობის კოდექსის განხილვა 10 დეკემბრისთვის გადაიდო. პარლამენტში აცხადებენ, რომ ამის ერთ-ერთი მიზეზი კოდექსთან დაკავშირებით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უარყოფითი პოზიცია გახდა.

"საკომიტეტო განხილვების გადადების მიზეზი გახდა ის, რომ გვინდა, მაქსიმალურად ყველა იყოს ჩართული ამ კოდექსის განხილვაში. გვინდა, რომ ყველა დაინტერესებულ ექსპერტთან და არასამთავრობოებთან ერთად ვიმსჯელოთ ამ საკითხზე. რა თქმა უნდა, გადადების ერთ-ერთი მიზეზი პატრიარქის 4 დეკემბრის განცხადებაც იყო. ამ საკითხის განხილვისას მაქსიმალური ჩართულობა უნდა იყოს, სწორედ ეს მოუწოდა პატრიარქმაც", - განუცხადა ტაბულას საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ზურაბ ტყემალაძემ.

კომენტარები