ხანუქას დღესასწაული

TDI: 4 დეკემბრის ფაქტი საეკლესიო ანტისემიტიზმის პირველი ღია გამოვლინებაა

TDI
TDI

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) გმობს ხანუქას დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე "მართლმადიდებელი სასულიერო პირების თანამონაწილეობით რელიგიური შუღლის გაღვივებისა და ანტისემიტიზმის გამოვლენის ფაქტს". ამასთან დაკავშირებით, TDI სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში იუდოფობია წლების განმავლობაში ვრცელდება, თუმცა, TDI აღნიშნავს, რომ 4 დეკემბრის ფაქტი საეკლესიო ანტისემიტიზმის პირველი ღია გამოვლინებაა.

"სადღესასწაულო შეკრებისას, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი, ისრაელის ელჩი და რაბინი მეირ კოზლოვსკი ესწრებოდნენ, ორმა მოქალაქემ ჩამოხია პლაკატები წარწერით “ებრაული თემი გისურვებთ მხიარულ ხანუქას” და დამონტაჟებული ტრიბუნა დააზიანა. გარდა ამისა, მედიით გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის ლიდერი, დეკანოზი დავით ისაკაძე შეურაცხყოფს ებრაელ ხალხს, იუდაურ რელიგიას და აცხადებს, რომ ხანუქას აღნიშვნა მათთვის, როგორც ქართველი მართლმადიდებლებისთვის, მიუღებელია.

იმავე საღამოს, მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდლებისა და მრევლის ჯგუფმა საპროტესტო აქცია გამართა ისრაელის საელჩოსთანაც. ერთ-ერთმა სასულიერო პირმა მედიასთან საუბარში აღნიშნა: “ვერასოდეს მივიღებთ იმას, რომ ჩვენს ქუჩებში ასევე ღიად იქადაგებოდეს ჩვენი ღმერთის შეურაცხყოფა“.

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი ასევე უკიდურესად შეშფოთებულია საკითხისადმი საპატრიარქოს უპასუხისმგებლო დამოკიდებულებით, რომლის წარმომადგენელმა მართლმადიდებელი მღვდლების ანტისემიტური მოწოდებები არ დაგმო და კომენტარისგან თავი შეიკავა", - აცხადებს TDI და აღნიშნავს, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში წლებია, რაც იუდოფობია მეთოდურად ვრცელდება და ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევა საეკლესიო პრესა.

"თუმცა, ხანუქას დღესასწაულზე მომხდარი ფაქტი საეკლესიო ანტისემიტიზმის პირველი ღია გამოვლინებაა. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ მართლმადიდებელი მღვდლების მხრიდან იუდაური რელიგიისა და ებრაელი ერისადმი შეუწყნარებლობის გამოვლენა იმ მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის უგულებელყოფაა, რომელიც ებრაელებსა და ქართველებს ერთმანეთთან აკავშირებს; გარდა იმისა, რომ ანტისემიტიზმის გამოვლენა ბზარს აჩენს ქართველებსა და ებრაელებს შორის ურთიერთობაში, ეს შესაძლოა, ასევე უარყოფითად აისახოს საქართველოსა და ისრაელის მეგობრულ ურთიერთობაზეც, ზოგადად, შებღალოს ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იერსახე. ყოველივე ამასთან ერთად, TDI მიესალმება საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის წარმომადგენლების მონაწილეობით, თბილისის ცენტრალურ მოედანზე ხანუქას დღესასწაულის აღნიშვნის ტრადიციისთვის საფუძვლის დადებას, ასევე სამართალდამცველების მიერ ანტისემიტიზმის გამოვლინების გამო ორი კანონდამრღვევის დაკავებასა და მათ ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემას", - აცხადებს ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი.

შეგახსენებთ, რომ ორმა მოქალაქემ, თავისუფლების მოედანზე, სადაც 4 დეკემბერს ხანუქას დღესასწაულის ბოლო დღე აღინიშნებოდა, პლაკატები ჩამოხია და დამონტაჟებული ტრიბუნა დააზიანა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი პირი დააკავა. მათ ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის საფუძველზე წაუყენეს, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. ხანუქას დღესასწაულზე პლაკატების დაზიანებისთვის დაკავებულ პირებს სასამართლომ 100-100-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ გურამ ფალავანდიშვილი და დავით ლორთქიფანიძე სამართალდამრღვევებად ცნო. 

ამასთანავე, თავისუფლების მოედანზე 20-მდე ადამიანი ხანუქას დღესასწაულის აღნიშვნას აპროტესტებდა. ადგილზე იმყოფებოდნენ მართლმადიდებელი სასულიერო პირები. მათი თქმით, მაშინ როდესაც მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლობის დღესასწაულს აღნიშნავს, ხანუქას დღესასწაულისთვის მიძღვნილი ღონისძიება შეურაცხმყოფელია. სწორედ ამიტომ, მათი განცხადებით, ისინი ცდილობდნენ კონცერტის ჩაშლას.

კომენტარები