ხანუქას დღესასწაული

ხანუქას დღესასწაულზე პლაკატების დაზიანებისთვის დაკავებულებს ჯარიმა დაეკისრათ

ხანუქას დღესასწაულზე პლაკატების დაზიანებისთვის დაკავებულ პირებს სასამართლომ 100-100-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ გურამ ფალავანდიშვილი და დავით ლორთქიფანიძე სამართალდამრღვევებად ცნო.

ღია სასამართლო სხდომაზე, ორივე მათგანმა აღიარა სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი. 

საქმეში წარმოდგენილი მასალების განხილვის, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და საქმის სხვა გარემოებათა შესწავლის საფუძველზე, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია გურამ ფალავანდიშვილისა და დავით ლორთქიფანიძის მხრიდან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება 10 დღის ვადაშია შესაძლებელი.

შეგახსენებთ, რომ ორმა მოქალაქემ, თავისუფლების მოედანზე, სადაც გუშინ ხანუქას დღესასწაულის ბოლო დღე აღინიშნებოდა, პლაკატები ჩამოხია და დამონტაჟებული ტრიბუნა დააზიანა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი პირი დააკავა. მათ ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის საფუძველზე წაუყენეს, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. დანაშაული 100-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

ამასთანავე, თავისუფლების მოედანზე 20-მდე ადამიანი ხანუქას დღესასწაულის აღნიშვნას აპროტესტებდა. ადგილზე იმყოფებოდნენ მართლმადიდებელი სასულიერო პირები. მათი თქმით, მაშინ როდესაც მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლობის დღესასწაულს აღნიშნავს, ხანუქას დღესასწაულისთვის მიძღვნილი ღონისძიება შეურაცხმყოფელია. სწორედ ამიტომ, მათი განცხადებით, ისინი ცდილობდნენ კონცერტის ჩაშლას.

კომენტარები