თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტი

უგულავა: ღარიბაშვილის მთავრობა ოპერატიულობით ივანიშვილის მთავრობას ჯობია

თბილისის მერის გიგი უგულავას თქმით, ოპერატიულობის თვალსაზრისით, ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობა მის წინამორბედს სჯობია. ამ განცხადებით, უგულავამ თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობის გაგრძელების გადაწყვეტილება შეაფასა.

"ძალიან კარგია, რომ მთავრობამ საბოლოოდ გადაწყვიტა თბილისის შემოვლითი რკინიგზის დასრულება. ამით ჩვენ დავინახეთ, რომ ჩიჩინი ჭრის. როდესაც მთავრობა საზოგადოების და ქალაქის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას იღებს, თითოეულმა მოქალაქემ აუცილებლად უნდა ამოიღოს ხმა. ახლა მნიშვნელოვანია, რომ მონიტორინგი გავუწიოთ ამ პროცესს, რადგან ერთია გადაწყვეტილება, კონტრაქტორს გაუგრძელოს ხელშეკრულება და მეორე - დაიწყოს სამუშაოები. ჩვენ არ მოვისვენებთ, სანამ მუშებს არ დავინახავთ იმ ადგილებში და, შესაბამისად, რეალურ პერსპექტივას, რომ ეს რკინიგზა დასრულდება და ქალაქისთვის 80 ჰექტარი გათავისუფლდება", - განაცხადა უგულავამ და აღნიშნა, რომ დღევანდელი მთავრობა წინას სჯობია.

"ჩვენ ერთი წელი სწორედ ამას ვითხოვდით, რომ დავსხდეთ, შევაჯეროთ და ის, რაც გაკეთებულია, წყალში არ გადავყაროთ. ერთი წელი უბრალოდ დავკარგეთ. სხვა ფაქტორებთან ერთად, სწორედ ასეთმა გაჩერებულმა პროექტებმა გამოიწვია ეკონომიკის შეჩერება", - ამბობს თბილისის მერი.

მისივე თქმით, ასევე განაგრძობს "ჩიჩინს" სამანაქანო ხიდის მშენებლობის შეჩერებასთან დაკავშირებით.

"ეს ხიდი ვეფხისა და მოყმიდან სამტრედიის ქუჩაზე უნდა გასულიყო და ძალიან არსებითი მნიშვნელობის პროექტია თბილისის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. ახლა ამაზე უნდა ვფოკუსირდეთ. დარწმუნებული ვარ, რომ ერთი წელი არ დაგვჭირდება ამ საკითხზე და უფრო სწრაფად მივაღწევთ შედეგს", - თქვა უგულავამ.

მისი შეფასებით, ამ მაგალითმა აჩვენა, რომ ძალიან დიდი და პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს, როდესაც ქალაქის და ცენტრალური მთავრობა სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფს წარმოადგენს.

"თბილისის მერიაში რომ ყოფილიყო ცენტრალური მთავრობის წარმომადგენლები, ისინი ისევე ჩუმად ისხდებოდნენ, როგორც დღეს ოცნების უმრავლესობა იჯდა ჩუმად და რკინიგზის შეჩერებაზე ხმა არ ამოუღიათ. ანუ დღევანდელ ვითარებაში საქმის გაკეთების წინაპირობა არის ჯანსაღი ოპონირება ადგილობრივ და ცენტრალურ მთავრობას შორის. მთავარია, მომდევნო წლებში, მერიაში იყოს ცენტრალური მთავრობის ოპოზიციური მერი, იმისთვის, რომ შედეგი დადგეს და საქმე გაკეთდეს. მხოლოდ ასეთ პირობებშია საქმის კეთება შესაძლებელი. აბსოლუტურად არასწრორია, რომ ამბობენ, თითქოს საქმე იმიტომ არ კეთდება, რომ სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები არიან ცენტრალურ მთავრობასა და თბილისის მერიაში. პირიქით, ეს არის წინაპირობა, რომ პროექტები არ გაჩერდეს, პროექტები განვითარდეს და, შესაბამისად, ხალხი დასაქმდეს", - აცხადებს უგულავა. 

პრემიერმინისტრთან არსებული ეკონომიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებელ კომპანიას ხელშეკრულება გაუგრძელდა. მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, მიღწეულია მოლაპარაკება მშენებელ კომპანიასთან ხელშეკრულების გაგრძელების შემდგომ პირობებსა და ვადებზე.

"აღნიშნული პროექტის განხორციელება დაიწყო სპონტანურად, ტექნიკურ ეკონომიკური დასაბუთების გარეშე. ს/ს საქართველოს რკინიგზამ საკონსულტაციო კომპანიის MC Mobility მეშვეობით შეისწავლა პროექტის ამ ფორმით განხორციელების შემთხვევაში მოსალოდნელი შედეგები. დადგინდა, რომ უარესდება როგორც საოპერაციო ასევე მონაკვეთის მოვლა-შენახვის მაჩვენებლები, მცირდება გამტარუნარიანობა (სატრანზიტო სიმძლავრე). ამასთან, პროექტის ასეთი ფორმით განხორციელება იწვევს მაღალ ბიუჯეტიანი თანმდევი პროექტების განხორციელების აუცილებლობას, რაც გათვალისწინებული არ არის არსებული პროექტის ბიუჯეტში. კონტრაქტორის (ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო) მიერ ვერ იქნა დაცული მშენებლობის შესრულების ვადები, შედეგად სამუშაოების დამთავრების თარიღისთვის (2013 წლის 8 ივნისი) კონტრაქტორს ჰქონდა 18-თვიანი ჩამორჩენა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ეკონომიკურმა საბჭომ მიიჩნია, რომ აუცილებლობას წარმოადგენს შემოვლითი რკინიგზის ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესება და მოსალოდნელი ნეგატიური შედეგების მინიმალიზაცია, რისთვისაც უნდა ჩატარდეს დამატებითი საპროექტო საინჟინრო კვლევები. უახლოეს მთავრობის სხდომა იმსჯელებს ხელშეკრულების ვადის 3 წლით გაგრძლების შესახებ", - ნათქვამია პრემიერმინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობა 2012 წლის საპარლამენტ არჩევნების შემდეგ ხელისუფლების გადაწყვეტილებით შეჩერდა.  საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა და ვიცეპრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა 2013 წლის აგვისტოში განაცხადა, რომ მთავრობა თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის დაკონსერვებას აპირებდა, სანამ არ იქნება მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს დედაქალაქის ცენტრიდან სარკინიგზო ხაზის გადატანის გეგმა.

ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ამჟამინდელი ხელისუფლებისგან ამ შემოვლითი რკინიგზის მშენებლობის გაგრძელებას მოითხოვდნენ.

თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტი სარკინიგზო ხაზის ქალაქის ჩრდილოეთით გადატანას ითვალისწინებს, რის შედეგადაც ქალაქის ცენტრში 70 ჰექტარზე მეტი მიწა გამოთავისუფლდება ურბანული განვითარების პროექტებისთვის. პროექტი 2010 წელს დაიწყო და როგორც თბილისის მერი გიგი უგულავა აცხადებს, სამუშაოების 80% უკვე შესრულებულია.

კომენტარები